Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ვადებში ჩაეტია და ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს გაუგზავნა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პარლამენტში წარდგენის საკონსტიტუციო ვადაში ჩაეტია და 30 სექტემბერს, საღამოს 5 საათზე "ბიუჯეტი-2004"-ს ხელი მოაწერა.

დოკუმენტი საკანონმდებლო ხელისუფლებაში გაიგზავნა. ამგვარად, ახალი საბიუჯეტო კანონპროექტის მიმართ არსებული დაძაბულობა ამ ეტაპზე ნაწილობრივ ჩაწყნარდა, თუმცა, ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციო ვადების დაცვასთან ერთად, მთავარი, ალბათ, ის იქნება, რამდენად რეალისტური გამოვა მომავალი წლის ბიუჯეტი და შეძლებს თუ არა მთავრობა მის შესრულებას.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა კონსტიტუციასთან ამჯერად "პირნათელი" დარჩა, მთავარი ამ დოკუნეტში ის პარამეტრებია, რომლითაც მომავალი საფინანსო წელი დაიგეგმა. მრავალნატანჯი ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: საშემოსავლო ნაწილის კუთხით 2004 წელს მილიარდ 347 მილიონი ლარის მობილიზებაა გათვალისწინებული, ხარჯების კუთხით კი მთავრობა მილიარდ 494 მილიონს გეგმავს. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში დეფიციტის დასაბალანსებლად 170 მილიონი ლარის გამოძებნა გახდება საჭირო.

საინტერესოა, რომ ამ პროექტით უკმაყოფილოა აღმასრულებელი ხელისუფლების თითქმის ყველა წარმომადგენელი, რომელთაც თავიანთი უწყებებისათვის, როგორც ყოველთვის, უფრო მეტი თანხები ესაჭიროებათ, ვიდრე ამას მათთვის ფინანსთა სამინისტრო იმეტებს. ასევე საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით თავისი ექსპერტული შეფასება არ გამოუთქვამს საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რომელსაც პროექტი ამ დღეებში გაეგზავნება. შესაბამისად, ბიუჯეტის ვარიანტი, რომელიც პარლამენშტი შევიდა, ფონდის ემისრების რევიზიის შემდეგ შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს. პაოლო ნოიჰაუსის მისია თბილისში ოქტომბრის ბოლოს არის დაგეგმილი და, სავარაუდოდ, ბიუჯეტის ბედიც ამ ვიზიტის მსვლელობისას გაირკვევა.

ახალ საბიუჯეტო კანონზე მუშაობისას მთავრობას კიდევ ერთი არაორდინალური სიტუაციის გათვალისწინება მოუხდა. საქმე ისაა, რომ მომავალ წელს ძნელი წარმოსადგენია დონორებისაგან დახმარებას ველოდეთ, რადგან საერთაშორისო საფინანსო ისნტიტუტებთან გართულებულმა ურთიერთობამ და აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უკვე ღია განცხადებებმა დახმარების შეწყვეტის თაობაზე, ხელისუფლებას მნიშვნელოვანი საგარეო რესურსი მოაკლო. სხვადასხვა გათვლებით, საუბარია დაახლოებით 100 მილიონ აშშ-ს დოლარზე, ანუ მთავრობას მომავალ წელს საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში პირველად მოუწევს მხოლოდ საკუთარი რესურსების იმედად ყოფნა.

შეწყვეტილი დახმარებების გარდა, გაურკვეველია ვალების საკითხიც. თუ მთავრობა წლის ბოლოს ვერ შეძლებს პარიზის კლუბის ეგიდით კრედიტორების დაყოლიებას ვალების რესტრუქტურიზაციაზე, ხელისუფლებას დამატებითი რესურსის გამოძებნა მოუწევს, რათა საგარეო ვალდებულებები დაფაროს. გარდა იმისა, რომ ეს საკმაოდ ძნელი განსახორციელებელი იქნება, დამატებით პროტესტს გამოიწვევს სახელმწიფო უწყებების მხრიდან, რომელთაც ამჟამად არსებული დაფინანსებაც არ აკმაყოფილებთ და ამ შემთხვევაში თავიანთი ბიუჯეტის მორიგი კორექტირება არა გვგონია, მაინც- დამაინც მოეფონოთ გულს.
XS
SM
MD
LG