Accessibility links

logo-print

სამხრეთ კავკასია ევროკავშირზე იმედებს ამყარებს


მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთი კავკასიის ქვეყნები ვერ მოხვდნენ ევროკავშირის "ახალი მეზობლების" სიაში, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგმა შეხვედრამ ბრიუსელში,

30 სექტემბერს, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რეგიონის სამივე ქვეყანა ევროკავშირს სტაბილურობის მთავარ გარანტად მიიჩნევს და იმედოვნებს, რომ ევროპის ბლოკი მათ საზღვრებშიც შეაღწევს. რეგიონის პრიორიტეტულობა არც ევროკავშირში იწვევს კამათს, თუმცა, ბრიუსელში კვლავ აცხადებენ, რომ კავშირისკენ მიმავალი გზა სამხრეთი კავკასიის სახელმწიფოებისთვის ფუნდამენტურ დემოკრატიულ ცვლილებებზე გადის.

წლის დასაწყისში, როდესაც გაფართოებული ევროპის კონცეფცია იქნა მიღებული და განცხადდა, რომ სამხრეთი კავკასიის ქვეყნები არ იქნებოდნენ მასში ჩართულნი, რეგიონში ამის გამო ადგილი ჰქონდა კრიტიკასა და უკმაყოფილებას. ყველაზე უფრო კავკასიური ქვეყნები იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ ევროკავშირის ინიციატივაში, სახელწოდებით "ახალი მეზობლები", სხვა ქვეყნებთან ერთად, უკრაინა, რუსეთი, მოლდოვეთი და ბელარუსია შევიდნენ, ისინი კი განზე დარჩნენ. საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ევროპის საწყის პუნქტად მიიჩნევს, იმხანად დანანებით აცხადებდა, რომ საქართველოს ხსენებას ევროპის ამინდის პროგნოზებშიც კი ვერ წააწყდებითო. თუმცა, 30 სექტემბერს ბრიუსელში მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა ეს განაწყენება არ შეიმჩნია და ჟურნალისტებთან ევროკავშირის, როგორც კონფლიქტების მოწესრიგების მთავრ გარანტზე შეაჩერა ყურადღება.

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] "დღეს ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი არსებით როლს ითამაშებს ეგრეთ წოდებული "გაყინული კონფლიქტების" მშვიდობიანი მოწესრიგების საქმეში. მე მხედველობაში მაქვს პოლიტიკური ზეგავლენა და ეკონომიკური რესურსები, რაც ასე ძალიან სჭირდება ამ რეგიონს. ჩვენ ძალიან გვსურს, რომ ევროკავშირის მაღალი წარმომადგენლი რაც შეიძლება მალე ჩაერთოს ამ კონფლიქტების მოგვარების პროცესში".

აქ იგულისხმება ევროკავშირის წარმომადგენელი რეგიონში, ფინელი დიპლომატი ჰეიკი ტალვიტიე, რომელიც ამ პოსტზე ივლისში დაინიშნა. შესაძლოა, სწორედ ამ პოსტის შემოღებამ იმოქმედა დამამშვიდებლად სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე, რომლებსაც სჯერათ, რომ ეს დანიშვნა ერთგვარი კეთილი ნიშანია. ჰეიკი ტალვიტიე იყო ფინეთის ელჩი რუსეთში, 1995 წლიდან 1996 წლამდე კი ხელმძღვანელობდა ე.წ. ეუთოს "მინსკის ჯგუფს", რომელიც მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მოწესრიგებაზე მუშაობდა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 30 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ბრიუსელში კეთილ სიტყვებს არ იშურებდნენ ტალვიტიეს მისამართით, თუმცა, როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვარდან ოსკანიანმა განაცხადა, გრძელვადიან პერსპექტივაში მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მოწესრიგებაზე მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ევროკავშირში სამხრეთ კავკასიის სრული გაწევრიანების საკითხი დადგება.

თუმცა, ევროკომისიის მაღალი ოფიციალური წარმომადგენელი მაიკლ ლეი, რომელიც "ახალი მეზობლების" საკითხებზე მუშაობს, აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამდე სამხრეთი კავკასიის ქვეყნებს გრძელი გზა აქვთ გასავლელი და ეს გზა დემოკრატიულ რეფორმებზე, კანონიერების განმტკიცებასა და ეკონომიკურ გარდაქმნებზე გადის.
XS
SM
MD
LG