Accessibility links

logo-print

პრინცესა და ქვრივები ქართულ პოლიტიკაში


დავით პაიჭაძე, თბილისი სახელმწიფოს მეთაურთა შვილების თემას მომდევნო სიუჟეტშიც განვაგრძობთ,

ოღონდ - ნაკლებ სერიოზულად. დავით პაიჭაძე ქართველ პოლიტიკოს ქალებს მიაპყრობს თქვენს ყურადღებას, რომლებიც თავიანთ ბიოგრაფიაში ქართველთათვის არანაკლებ ცნობილი ქალების შტრიხებს იმეორებენ. ეგ არის, რომ ეს ცნობილი ქალები სინამდვილეში არასოდეს არსებულან.

ყველაზე ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი ქალი დღეს ნინო ბურჯანაძეა, რომელიც, თუ საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელ სამსახურებს ვერწმუნებით, ყველაზე პოპულარული და მაღალრეიტინგიანი პოლიტიკური ფიგურაა. ნინო ბურჯანაძე პირველი ქართველი პოლიტიკოსი ქალია, რომლის იმიჯიც წარმატებას უკავშირდება და სრულიად დაცლილია ტრაგიკული თუ დრამატული ასოციაციებისაგან. პოლიტიკური კრიტიკისა თუ სულაც დაცინვის მიზნით ნინო ბურჯანაძეს უკვე უწოდეს პრინცესა, უფრო ზუსტად, პურის პრინცესა და ქატოს დედოფალი. ამ ფრიად საეჭვო გემოვნების ეპითეტებში ძევს ჭეშმარიტების ერთი მარცვალი, რომელიც არა იმდენად რეალობიდან, არამედ მოგონილი სინამდვილიდან, მხატვრული ტექსტიდან გახლავთ ამოზრდილი.

ქართველ მოწაფეებს სკოლაში ვეფხისტყაოსანს რომ ასწავლიან, აუცილებლად ეუბნებიან, რომ თინათინის გამეფება ანარეკლია მე-12 საუკუნის საქართველოს პოლიტიკური რეალიებისა, კერძოდ, თამარის გამეფებისა. ნინო ბურჯანაძის შესაძლო საპრეზიდენტო ამბიციების კონტექსტში ბარეორს უკვე მოაგონდა თამარ მეფე, მაგრამ აშკარა პარალელების გავლებას ყველა ერიდება - უწინარესად, მათი არარსებობის გამო. მეორეც, თამარის ფიგურა იმდენად მონუმენტური და თან მითოლოგიზებულია, რომ თანამედროვე ქართული პოლიტიკის მოქმედი პირი მას შეუძლებელია, შეედაროს. შეგახსენებთ, საქართველოს საშუალო სკოლებში 10-11 წლის ბავშვებს ასწავლიან, რომ თამარს მემკვიდრე უბიწოდ ჩაესახა.

ნინო ბურჯანაძის პროტოტიპი უფრო თინათინია - მდიდარი, მორჭმული და ხანდაზმული მამის შვილი. თინათინის გამეფებას მოსდევს ავთანდილის - თინათინის მომავალი მეუღლის არაბეთიდან წასვლა უცხო მოყმის საძებრად, რაც ავთანდილის მიერ სახელმწიფოს საზღვრის გამაგრებით არის მოტივირებული. "მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო, თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვგმირო" - ამბობს ავთანდილი. აშკარაა, რომ დღევანდელი ტერმინოლოგიით, ავთანდილი ძალოვანი უწყების წარმომადგენელია, ისევე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, ბადრი ბიწაძე. წვრილმანი დამთხვევაა ის, რომ ავთანდილი "ვეფხისტყაოსანში" მთვარეს არის შედარებული, რომლის ერთი ეპითეტი სწორედ ბადრი გახლავთ. სხვათა შორის, ნინო ბურჯანაძის ახლანდელი აღმასვლისას მისი მეუღლე, თინათინის სატრფოს მსგავსად, გარიდებულია სიტუაციას - პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკურ რეკლამაში ჩნდება თავის შვილებთან, მაგრამ არა თავის ოჯახთან ერთად. ამასთან, ხელისუფლების სათავეში მოქცევის მიუხედავად, თინათინი სრულუფლებიანი ხელმწიფე მაინც ვერ ხდება და, ასე ვთქვათ, მეორე პირად რჩება - ავთანდილი არაბეთიდან მეორედ წასვლისას ნებართვას როსტევანისგან ითხოვს.

ქართული ლიტერატურის ყველაზე ცნობილ პერსონაჟ ქალებს განეკუთვნება ოთარაანთ ქვრივი, რომლის სახეს ამ 11 წლის წინათ ბრწყინვალე პოლემიკური წერილი უძღვნა პროფესორმა დოდონა კიზირიამ. "ოთარაანთ ქვრივი - ქართველი ქალის ზნეობრივი იდეალი?" - ასე ერქვა ხსენებულ წერილს. ზნეობრივი იდეალისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ასეთ იდეალში დაეჭვების მიუხედავად, ოთარაანთ ქვრივის პარადიგმა შეიძლება გამოვკვეთოთ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ქალის ფიგურაში. ქვრივები არიან ქალბატონები რუსუდან ბერიძე და ნანა ბიჭიაშვილი, რომელთა მოვალეობა ეხმიანება ოთარაანთ ქვრივის ერთ-ერთ მიზანსწრაფვას - მიაღწიოს და დაიცვას სამართლიანობა, განიკითხოს გაჭირვებული. შეგახსენებთ, ნანა ბიჭიაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეა, რუსუდან ბერიძე - უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. ქვრივია ქალბატონი ირინა სარიშვილი-ჭანტურია, რომელმაც მეუღლის მკვლელობის შემდეგ ქვრივობის, როგორც მეუღლის საქმის გაგრძელების აღსანიშნად, საკუთარ სახელს გია ჭანტურიას გვარი მიუმატა. პოლიტიკაში ყველაზე წარმატებული ირინა სარიშვილი-ჭანტურია მაშინ იყო, როცა ქვრივის იმიჯს ერთგულებდა: მკაცრი, გაუცინარი, ტრაგიკული და ძაძით მოსილი ქალბატონის ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმათა 9%-ზე მეტი აიღო 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში. საგულისხმოა, რომ შემდგომ არჩევნებში ირინა სარიშვილი-ჭანტურიას სასარგებლოდ ვერ იმუშავა სწორედ შეცვლილი იმიჯის ხაზგასმამ - ნათელი და მკვეთრი ფერებით დაბეჭდილი სიმპათიური საარჩევნო პლაკატი, რომელზეც პარტიის ლიდერი ორ ვაჟთან ერთად იყო გამოსახული, სრულიად არაეფექტიანი გამოდგა.

რისი თქმა გვინდა ამ სიუჟეტით? ლიტერატურის ისტორიაში არცთუ იშვიათად მომხდარა, რომ მხატვრული ტექსტის რომელიმე ელემენტი, მოგვიანებით, რეალობაში გაცოცხლებულა. ქართული ლიტერატურის უკვდავი ქალთა სახეებიც, ამა თუ იმ ფორმით, სიცოცხლეს ნამდვილ ქალბატონებში აგრძელებენ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG