Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების საბჭო ახალი რეზოლუციის პროექტს განხილავს ერაყის საკითხზე


ანდრო ეული, პრაღა პირველ ოქტომბერს შეერთებულმა შტატებმა ერაყთან დაკავშირებული ახალი რეზოლუციის პროექტი წარუდგინა განსახილველად გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს -







რუსეთს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთს. დოკუმენტი გაეროს როლის გაფართოებას ითვალისწინებს ერაყის აღდგენის საქმეში. ვაშინგტონი გამოდის ამასთანავე წინადადებით, რომ შეიქმნას მრავალეროვანი სამშვიდობო კონტინგენტი, რომელიც ამერიკის სარდლობას დაექვემდებარება და დააჩქარებს ერაყში ვითარების სტაბილიზაციას.

ახალი რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ერაყის ოკუპაცია წარმოადგენს დროებით მოვლენას, მაგრამ არაა მოხსენიებული, როდის მოხდება ხელისუფლების გადაცემა ქვეყნის ახალი მთავრობისთვის, რასაც უშიშროების საბჭოს ცალკეული წევრები, და პირველ რიგში საფრანგეთი მოითხოვს. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია აგრეთვე, რომ ერაყის მმართველ საბჭოს გაერო უნდა დაეხმაროს კონსტიტუციის მომზადებასა და საყოველთაო არჩევნების მოწყობაში.

ჯერჯერობით არაა ცნობილი უშიშროების საბჭოს წევრების რეაქცია ხსენებული რეზოლუციის პროექტზე, მაგრამ როგორც ერთ-ერთმა დიპლომატმა აცნობა "ასოშიეიტედ პრესის" სააგენტოს კორესპონდენტს, რუსეთი და ჩინეთი, როგორც ჩანს, მოიწონებენ ახალ რეზოლუციას.

ხუთშაბათს, შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ჯონ ნეგროპონტემ უშიშროების საბჭოს ათ არამუდმივ წევრს დაურიგა ახალი რეზოლუციის პროექტის ასლები. ნეგროპონტე იმედოვნებს, რომ ხსენებული რეზოლუცია ერაყის აღდგენისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის გახსნამდე იქნება მიღებული. დონორი ქვეყნების ორღდანი კონფერენცია 23 ოქტომბერს გაიხსნება მადრიდში.

რაც შეეხება ერაყში ვითარების სტაბილიზაციის მიზნით მრავალეროვანი სამშვიდობო კონტინგენტის შექმნას, ცალკეული ქვეყნები უარს ამბობენ ჯარის გაგზავნაზე ამ კონტინგენტში, თუ სამშვიდობო ძალების განთავსება ერაყში გაეროს მეთაურობით არ მოხდება. ახალი რეზოლუციის პროექტი გაეროს 191-ტ წევრ-სახელმწიფოს მოუწოდებს - სამხედრო და ფინანსური დახმარებით თავიანთი წვლილი შეიტანონ ერაყის აღდგენის საქმეში.

"გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი მხარს უჭერს წინადადებას, რომ უახლოესი 3-5 თვის განმავლობაში ხელისუფლება ერაყში დროებით მთავრობას გადაეცეს", - განაცხადეს ნიუ-იორკში გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.

იმ დროს, როცა განცხადებები კეთდება ერაყის აღდგენით პროცესში გაეროს როლის გაფართოების შესახებ, ამ საერთაშორისო ორგანიზაციამ კვლავ გაიყვანა ამ კვირაში ერაყიდან თავისი თანამშრომლები, და არც აპირებს მათს დაბრუნებას, ვიდრე ქვეყანაში არ იქნება უზრუნველყოფილი ამ ადამიანების უშიშროება.
XS
SM
MD
LG