Accessibility links

logo-print

რატომ უნდა მიაქციოს ამერიკამ ყურადღება სამხრეთ კავკასიას?


ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც

დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სუვერენიტეტის ერთ-ერთი მყარი გარანტი და ძირითადი დონორი გახლდათ, სულ უფრო ხშირად გაისმის ხმები, რომ რეგიონის ქვეყნების მიმართ ვაშინგტონის ინტერესი შესაძლოა შესუსტდეს. ასე მიაჩნია ნიქსონის ცენტრის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული პროგრამების დირექტორს, ზეინო ბარანს, რომელმაც 23 სექტემბერს ლიტვაში გამართულ საერთაშორისო სემინარზე სამხრეთ კავაკასიის პრობლემას სპეციალური მოხსენება მიუძღვნა. ზეინო ბარანის რამდენიმე შეფასება, რომლებიც ვაშინგტონი-მოსკოვი-საქართველოს ე.წ. სტარტეგიულ სამკუთხედს შეეხებოდა, ორშაბთის პროგრამაში გაგაცანით. ამჟამად გთავაზობთ კავკასიური პოლიტიკის ცნობილი ექსპრეტის მოსაზრებას კონფლიქტების მოწესრიგების პერსპექტივებსა და 2 ნოემბრის არჩევნების მნიშვნელობაზე.

ვიდრე საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული პროგრამების დირექტორად დაინიშნებოდა, ზეინო ბარანმა 1998 წელს საქართველოს ფორუმი ჩამოაყალიბა, რომელიც მთლიანად საქართველოზე, როგორც სტრატეგიულ ქვეყნის როლზე, შეერთებულ შტატებთან და რუსეთთან მის ურთიერთობებზე იყო ფოკუსირებული. თუმცა, ლიტვაში გამართულ სემინარზე ზეინო ბარანმა უფრო მეტად სამხრეთ კავაკასიის ქვეყნების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. მის მოხსენებას კი მრავალისმთქმელი სათაური ჰქონდა: "რატომ არის მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კავკასიისადმი ყურადღების მიპყრობა".

ამ თვალსაზრისის განზოგადებისას, ნიქსონის ცენტრის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული პროგრამების დირექტორი, შეიძლება ითქვას, რომ სულაც არ არის ორიგინალური. ზეინო ბარანს მიაჩნია, რომ სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული პროექტებისა და სატრანსპორტო კორიდორის სრული დატვირთვით ამოქმედება, რაშიც შეერთებულ შტატებს დიდი წვლილი მიუძღვის, რელურად გააძლიერებს საქართველოსა და აზერბაიჯანის პოზიციებს. მაგრამ ამ თეზას აქვს ანტითეზაც. ე.წ. გაყინული კონფლიქტების არსებობა აფერხებს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას და ქმნის იმის საფრთხეს, რომ რადიკალური ისლამისტური და ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ნარკოტიკებისა და იარაღის ტრანზიტით ევროპის მიმართულებით, შეეცდებიან გამოიყენონ ეს უკონტროლო ტერიტორიები. ზეინო ბარანის შეფასებით, კავკასიის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, თუ თურქეთი საზღვარს გაუხსნის და ეკონომიკური ინტეგრაციის საშუალებას მისცემს სომხეთს, რაც შეასუსუტებდა რუსეთის გავლენას მის მთავარ სამხრეთკავკასიურ ფორპოსტზე და, შესაბამისად, კავკასიაზეც. თურქეთ-სომხეთის საზღვარს, მისი სრული გაუმჭვირვალობის გამო, ექსპერტი ქალი "ცივი ომის" რეციდივს უწოდებს.
თუმცა, ასეთი რეციდივები, მრავლად არის თვად სამხრეთ კავკასიული ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაშიც.

როგორც ჩვენთან საუბარში ექსპერტმა განაცხადა, არანაკლებ პრობლემას წარმოადგენს სამხრეთი კავკასიისთვის ქვეყნების ხელისუფლების სუსტი ლეგიტიმურობა, რაც მათ, განსაკუთრებით სომხეთის და აზერბაიჯანის შემთხვევაში, საშუალებას არ აძლევს მიაღწიონ გონივრულ კომპრომისს მთიანი ყარაბახის საკითხში. გონივრული კომპრომისი კი ზეინო ბარანს ასე წარმოუდგენია:

[ზეინო ბარანის ხმა] "იმისთვის, რომ კონფლიქტები გადაიჭრას, საჭიროა კომპრომისების მიღწევა. მე ახლა არ მინდა დავაზუსტო, თუ ვინ რა დოზის კომპრომისზე უნდა წავიდეს. მაგრამ, ყარაბახის შემთხვევაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს მთელ რიგი დათმობების გაკეთება მოუხდებათ. აქ არის რამდენიმე დოკუმენტი და მოსაზრება, მათ შორის ერთ-ერთი უკანასკნელი ეუთოს ეკუთვნის, რაც ორივე მხარისაგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. რაც შეეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას მოეთხოვება, რომ ქვეყანა უფრო მიზიდველი გახადოს სეპრატისტული რეგიონებისთვის. მაგრამ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს სჭირდებათ ხელისუფლებები, რომლებსაც საკმარისი ლეგიტიმურობა და საკმაო ნდობა ექნებათ, რათა ეს კომპრომისები განხოციელდეს".


ზეინო ბარანი ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას სამართლიანი და ობიექტური არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის პოლიტიკური ტრადიციის არარსებობაზე ამახვილებს.

ნიქსონის ცენტრის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული პროგრამების დირექტორის შეფასებით, 2003 წლის მარტში სომხეთში ჩატარებულმა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებმა, რომელიც უამრავი დარღვევით ჩატარდა, ვერ აღჭურვა პრეზიდენტ ქოჩარიანის ხელისუფლება საკმარისი ლეგიტიმურობით. თუ იგივე განმეორდება 15 ოქტომბერს აზერბაიჯანში და 2005 წელს საქართველოში, თუ დემოკრატიული რეფორმები დეკორაციის დონეს ვერ გასცდა, მაშინ, შესაძლოა, შეერთებული შტატებმა გადახედონ თავის სამხრეთ კავკასიურ პოლიტიკას.

[ზეინო ბარანის ხმა] "თუ კავკასიის ქვეყნები არ ეცდებიან მიაღწიონ პროგრესს საშინაო საქმეებში, მაშინ ბევრი ადამიანისთვის აქ გაურკვეველი იქნება, თუ რატომ უნდა უნდა აიღოს საკუთარ თავზე შეერთებულმა შტატებმა ამხელა ვალდებულება. რადგან ამერიკას ახლა იმდენი გლობალური პრობლემისა თუ გამოწვევის გამკლავება უხდება, რომ თუ კავკასიის ქვეყნები არ ეცდებიან თავადაც გაანძრიონ ხელი და გაიუმჯობესონ მდგომარეობა, მაშინ, მე მგონია, რომ ამერიკას გაუჭირდება შეინარჩუნოს ვალდებულების ეს დონე კავაკასიის ქვეყნების მიმართ და, შესაძლოა, გამოჩნდეს სხვა რეგიონები, სადაც მისი დახმარება უფრო პროდუქტიული იქნებოდა".

მიუხედავად ასეთი კრიტიკული შეფასებისა, ნიქსონის ცენტრის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული პროგრამების დირექტორი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს და ნატოს, რომ მეტი ყურადღებით მოეკიდონ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს. მისი თქმით, 2003-2005 წელი საქართველოსა და აზარებაიჯანისთვის, როცა ამ ქვეყნების ახალი ხელმძღვანელების არჩევა უნდა მოხდეს, ძალიან კრიტიკული პერიოდია და ამ პერიოდში შეერთებულმა შტატებმა და ნატომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ კავკასიის ქვეყნებს. რადგან თუ საერთაშორისო ყურადღება შესუსტდება, ზეინო ბარანი შიშობს, რომ ეს რეგიონი, შესაძლოა, კვლავ სისხლისმღვრელი კონფლიქტების არენად იქცეს.


ზეინო ბარანმა საქართველოში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით კიდევ ერთი მეტად საგულისხმო განცხადება გააკეთა. თავის დროზე საქართველოს ფორუმის დამაარსებელი პოლიტიკოსი ქალი მოუწოდებს პოლიტიკურ ძალებს, რათა უარი თქვან ოპონენტებზე ზემოქმედების მოსახდენად გასამხედროებული ძალისა და შეიარაღებული ჯგუფების გამოყენებისგან და შეახსენებს ქართველ პოლიტიკოსებს ახლო წარსულის მწარე გამოცდილებას, როდესაც პარამილიტარიზებული ჯგუფები შიშის ზარს სცემდნენ საქართველოს მოსახლეობას.
XS
SM
MD
LG