Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი უსაფრთხოების ბარიერის მშენებლობას აგრძელებს


ისრაელსა და პალესტინის ავტონომიას შორის დავის ახალი საგანი წარმოიშვა. ოთხშაბათს ისრაელის მთავრობამ მოიწონა პროექტი, რომელიც რამდენიმე ებრაული დასახლების უსაფრთხოების მიზნით

დამცავი კედლის მშენებლობის გაგრძელებას ითვალისწინებს. აღნიშნული გეგმის თანახმად, რომელსაც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სერიოზული პრობლემა უწოდა, ე.წ. უსაფრთხოების ბარიერის შიგნით მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს მნიშვნელოვანი ნაწილიც მოექცევა.

ისრაელის მთავრობის ოთხშაბათის გადაწყვეტილების გამო პალესტინელები აღშფოთებას ვერ მალავენ. ისინი აცხადებენ, რომ უსაფრთხოების კედლის აღმართვა, პირველ ყოვლისა, პალესტინურ დასახლებებს იზოლირებული ანკლავის შიგნით მოაქცევს და საბოლოოდ ჩაშლის სამშვიდობო მოლაპარაკებებს პალესტინასა და ისრაელს შორის.
"თუ პრეზიდენტი ბუში ისრაელს ამგვარი კედლის აშენების ნებას დართავს, ეს იქნება უდიდესი დარტყმა სამშვიდობო პროცესზე", განუცხადა ჟურნალისტებს პალესტინის ერთ-ერთმა წამყვანმა პოლიტიკოსმა საებ ერეკათმა, რომელსაც მხედველობაში აქვს "საგზაო რუკის" სახელწოდებით ცნობილი სამშვიდობო გეგმა, რომლის ერთ-ერთი ავტორი შეერთებულ შტატებიცაა.

[საებ ერეკატის ხმა] "მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის დამცავი კედელი, რომელიც პალესტინელებსა და ისრაელს აშორებს. იგი პალესტინელებს პალესტინელებისაგან აშორებს. კედელს პირდაპირი კავშირი აქვს 350 ათას პალესტინელთან, რომლებიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში ცხოვრობენ და ამგვარად ისრაელის შიგნით აღმოჩნდებიან. კედელი 80 პროცენტ ნოყიერ ნიადაგს ჩამოგვაჭრის. ეს კედელი სერიოზულ დარტყმას აყენებს პრეზიდენტ ბუშის გეგმას, რაც ამ ტერიტორიაზე ორი სახელმწიფოს არსებობას ითვალისწინებს".


იმისათვის, რათა შეერთებული შტატების მოსალოდნელი რეაქცია შეერბილებინა, ისრაელის მთავრობის გადწყვეტილებით, უსაფრთხოების კედელი არ იქნება ერთიანი და იგი მხოლოდ ცალკეულ ებრაულ დასახლებებს შემოევლება. ისრაელის ვიცე-პრემიერი ეჰუდ ოლმერტი დარწმუნებულია, რომ კედლის აშენებით პალესტინელი მოსახლეობა არ იზარალებს.

[ეჰუდ ოლმერტის ხმა] "ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მიმართულია იმისკენ, რომ უზრუნველვყოთ ადამიანების უსაფრთხოება. ეს ცხადია და ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება. ჩვენ არ ვაპირებთ გავურთულოთ ცხოვრება პალესტინელ ხალხს. ყველაფერი ისე გაკეთდება, რომ ჩვენც მივიღოთ სარგებელი და არც პალესტინელებს შეექმნათ სიძნელეები".

თავის დროზე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებას სერიოზული პრობლემა უწოდა და მოუწოდა ისრაელს, რათა პალესტინური დასახლებები კედლის მიღმა დაეტოვებინა. ამჯერად, ბუშის ადმინისტარცია საკმაოდ ცივად, მაგრამ თავშეკავებულად გამოეხმაურა ისრაელის მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებას. "ბარიერის მშნებლობასთან დაკავშირებით ჩვენი შეხედულება უცვლელია. ჩვენ ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალს ამ გადაწყვეტილებას," განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპრატმენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა.

ცნობისათვის: უსაფრთხოების კედლის 150 კილომეტრის, ანუ თითქმის დაგეგმილის ნახევარისთვის საჭირო დამცავი ნაგებობები ისრაელს უკვე დამზადებული აქვს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG