Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონტროლის პალატა და საკრებლო კონტროლის უფლებას ვერ იყოფენ


დავა, რომელიც კონტროლის პალატასა და თბილისის საკრებლოს შორის ერთ წელზე მეტია გრძელდება, თითქოსდა დასრულდა. საქმე ისაა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 11 სექტემბრის

განჩინებით ძალაში დატოვა საოლქო სასამართლოს 2003 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც იუსტიციის სამინისტრომ კანონიერად უთხრა საკრებულოს უარი მაკონტროლებელ ორგანოდ რეგისტრაციაზე.
რას ვერ იყოფენ კონტროლის პალატისა და სერევიზიო კომიისის თანამშრომლები? აპირებს თუ არა საკრებულო საბიუჯეტო ორგანიზაციების კონტროლზე უარის თქმას?

კონტროლის პალატაში ღრმად არიან დარწმუნებული, რომ ის, რასაც თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისია 2002 წლიდან აკეთებს - ანუ ამოწმებს სამეწარმეო სუბიექტებს, - მხოლოდ და მხოლოდ კონტროლის პალატისა და საგადასახადო ინსპექციის პრეროგატივაა. კონტროლის პალატის დასავლეთ-საქართველოს დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამაზ კალანდაძე თავის პოზიციას უზენაესი სასამართლოს 11 სექტემბრის განჩინებით ამაგრებს.
[თამაზ კალანდაძის ხმა] "საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, 11 სექტემბერი, 2003 წელი, სადაც კონკრეტულად იქნა დადასტურებული, რომ სარევიზიო კომისიები არ წარმოადგენენ მეწარმე სუბიექტების მაკონტროლებელ ორგანოებს".

არადა, როგორც კონტროლის პალატის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რეზო ასათიანი აცხადებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს სარევიზიო კომისიამ დედაქალაქში თითქმის ყველა მსხვილი საბიუჯეტო ორგანიზაცია შეამოწმა. პალატაში არ ეზარებათ ამ ორგანიზაციათა ვრცელი ჩამონათვალის ჩაკითხვა.
[რეზო ასათიანის ხმა] "ეს არის შპს "თბილისის მეტროპოლიტენი", "წყალკანალი", სს "დინამოს სტადიონი", ასევე თბილისის ოთხი რაიონის გამგეობა და საფინანსო განყოფილებები - ეს არის: ვაკე-საბურთალოს განყოფილება, გლდანი-ნაძალადევი, ისანი-სამგორი და დიდუბე-ჩუღურეთი, სპორტისა და ტურიზმის სამსახური, არქიტექტურის სამსახური და ასე შემდეგ".

კონტროლის პალატის წარმომადგენელი საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიწრაფებაში - შეითავსოს მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციები - არაჯანსაღი დაინტერესების ნიშნებსაც ხედვას. თამაზ კალანდაძე - ისე, რომ თითს კონკრეტულად არავის ადებს - აცხადებს:
[თამაზ კალანდაძის ხმა] "ეს მიმაჩნია უთოფო ყაჩაღობად და, ალბათ, სახელი უნდა დაერქვას. დამამტკიცებელი იმის, რომ იქ არის კორუფციის ფაქტები თუ არა, ნახეთ ის დოკუმენტები, რომელიც რჩება შემოწმების შემდეგ".

საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის - ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, სასამართლომ კომისიას კერძო ორგანიზაციების შემოწმება აუკრძალა, თორემ

[ირაკლი ორქრუაშვილის ხმა] "ჩვენ ვამოწმებთ დღესაც და მომავალშიც გავაგრძელებთ ასეთ შემოწმებებს. თბილისის შესახებ კანონი ცალსახად გვაძლევს უფლებას და, ასევე, პირიქით, კონტროლის პალატას უკრძალავს კონტროლის პალატის შესახებ კანონის 83-ე მუხლი ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში შემოწმების ჩატარებას. ეს ფუნქცია გადმოცემული გვაქვს ჩვენ".

ირაკლი ოქრუაშვილი კონტროლის პალატის თანამშრომლების მოკრძალებულ მინიშნებებს ბრალდებით პასუხობს:

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] "ძალიან კარგად მესმის, რატომ აეწვათ კუჭი... კონტროლის პალატა, როცა შედიოდა, არ აფიქსირებდა დარღვევებს და, შესაბამისად, ასეთ დუმილში იღებდა იმ ორგანიზაციის ბიუჯეტის პროცენტს-პროცენტნახევარს ქრთამის სახით და მას შემდეგ, რაც ჩვენ შევდიოდით იგივე ორგანიზაციაში, ვაფიქსირებდით ყველა დარღვევას, ბუნებრივია, აზრი ეკარგებოდა კონტროლის პალატის ასეთი აქტის არსებობას".

როგორც ჩანს, ამა თუ იმ ორგანიზაციის შემოწმება მაკონტროლებლებში იმდენად დადებით ემოციებს იწვევს, ერთმანეთში სამუშაოს განაწილებაც კი წარმოუდგენლად მიაჩნიათ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG