Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა მოახლოვდა მოსკოვის მიერ ჩეჩნეთში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები და გაზეთ "ფრანკფურტერ ალგემაინეს" მიმომხილველი მარკუს ვენერი განცვიფრებას ვერ მალავს იმის გამო,






რომ არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია. აჰმად კადიროვი, რომელიც სამი წის წინათ გამოაცხადა თავის რჩეულად კრემლმა, კავკასიის ამ პატარა რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდება", - სარკასტულად შენიშნავს გერმანელი ჟურნალისტი და დასძენს:

"ზოგიერთი ჩეჩენი კადიროვს მისცემს ხმას, ვინაიდან მათ არა აქვთ სხვა გამოსავალი და იძულებული არიან შეასრულონ უფროსების მითითება. სხვებს სამსახურის დაკარგვა აშინებს, თუ ისინი კადიროვის გვარს არ მიუწერენ ჯვარს ბიულეტენში. დიდ რისკზე მიდის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, როცა მხარს უჭერს კადიროვს, რომელიც დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ მეამბოხეთა სერიოზულ წინააღმდეგობას დაუპირისპირდება."

გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" მიმომხილველი ბობ ჰერბერტი შეშფოთებას გამოთქვამს დაღესტანში ჰუმანიტარული მისიით ჩასული ჰოლანდიელის, 33-წლის არიან ერკელის ბედის გამო. ორგანიზაციამ "ექიმები საზღვრებსგარეშე" გასულ წელს მიავლინა არიან ერკელი დაღესტანში. სამმა შეიარაღებულმა მამაკაცმა 2002 წლის 12 აგვისტოს გაიტაცა ერკელი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომელთა თვალწინ. ამერიკელი ჟურნალისტი განაგრძობს:

"მთელი ამ ერთი წლის მანძილზე ოფიციალურ მოსკოვს თავი არ შეუწუხებია არიან ერკელის გასათავისუფლებლად. და ესაა მორიგი დასტური იმისა, თუ რაოდენ სახიფათოა ჰუმანიტარულ ორგანიზაციათა საქმიანობა მსოფლიოს მრავალ რეგიონში. ჰუმანიტარულ ორგანიზაციათა თანამშრომლები შორს არიან მთავრობათა საგარეო პოლიტიკური თუ სამხედრო მიზნებისგან. ეს ადამიანები იარაღის გარეშე ასრულებენ თავიანთ მისიას. და მათი უსაფრთხოება საერთაშორისო კანონის თანახმად, მასპინძელმა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს. მაგრამ ჰუმანიტარულ ორგანიზაციათა საქმიანობა ხშირად აღიზიანებს მთავრობებს, ვინაიდან მათს პოლიტიკურსა თუ სამხედრო მიზნებს უპირისპირდება უნებლიედ".

გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" კორესპონდენტი ჯესიკა მეთიუსი ერაყის კრიზისს უკეთებს კომენტარს და აღნიშნავს, რომ შეუძლებელია სამხედრო ძალით მოაგვარო პოლიტიკურად ინსპირირებული ძალადობა ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და უცხოელებს შორის. ჯესიკა მეთიუსი წერს:

"ის რაც ფრანგებმა იწვნიეს ალჟირში, რუსებმა ჩეჩნეთში, ხოლო ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, კოალიციური ძალების ხვედრია დღეს ერაყში. ვითარება უშიშროების მხრივ დღითიდღე უარესდება ერაყში, და არა სამხედრო, არამედ მხოლოდ პოლიტიკური გზით შეიძლება ქვეყანაში სტაბილური მშვიდობის დამყარება. ყველაზე მეტად საგანგაშოა საერთო განწყობა ერაყელ სუნიტებში, რომ მათ ამ ქვეყანაში არა აქვთ მომავალი. სუნიტებს არა აქვთ პოლიტიკური პარტია, არც ამჟამინდელ დროებით მთავრობაში ჰყავთ წარმომადგენელი და გარიყულად გრძობენ თავს. ამდენად, სულაც არაა შემთხვევითი, როცა ყველაზე მეტი ძალადობა დღეს სწორედ სუნიტებით დასახლებულ რეგიონებში ხდება."

საფრანგეთის გაზეთი "მონდი" ისრაელს აკრიტიკებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ეგრედ წოდებული "დამცავი კედლის" მშენებლობის გამო. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

"მას შემდეგ, რაც სამი წლის წინათ მეორე ინტიფადა დაიწყო ახლო აღმოსავლეთში, ხალხს ისრაელში, ტერორისტული თავდასხმის შიშის ქვეშ უხდება ცხოვრება. ავტობუსებში, რესტორნებში, პიცერიებში, სასტუმროებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში მოწყობილ აფეთქებებს უდანაშაულო მოქალაქეთა სიცოცხლე ეწირება. და ყოველი ამგვარი ტერორისტული თავდასხმის დროს მიზანი ერთია - რაც შეიძლება მეტი ისრაელი მოქალაქე იქნეს მოკლული. ისრაელმა ამჯერად გადაწყვიტა დამცავი კედელი ააგოს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. თუ კედელი 1967-წლამდელი საზღვრის კონტურს გაჰყვება, ეს ფაქტობრივად, პალესტინის მომავალი სახელმწიფოს საზღვარი გახდება. პრობლემა იმაშია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა სხვა გზა აირჩია. კედელმა შუაზე უნდა გაყოს იორდანეს დასავლეთი ნაპირი ებრაულ დასახლებათა დასაცავად, რაც ფაქტობრივად, კოლონიზაციის ტოლფასია."
XS
SM
MD
LG