Accessibility links

logo-print

პოლიტიკური კომპრომატები წინასაარჩევნოდ - რაზე რეაგირებს ამომრჩეველი


არასამთავრობო ორგანიზაციამ, სახელწოდებით "ქართული სამართლის აღორძინებისა და განვითარების კავშირი" 2 ოქტომბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურას "ნაციონალური მოძრაობის"

ლიდერის მაკომპრომეტირებელი მასალებით მიმართა. ამ მასალებით, იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა მიხეილ სააკაშვილმა 2001 წელს სამინისტროს სპეცსახსრებიდან არამიზნობრივად გახარჯა 252 297 ლარი. ეს ფაქტი აღწერილია ანტიკორუფციული ბიუროს იმ დასკვნაშიც, რომელიც 2001 წლის პირველი ექვსი თვის შედეგების შემოწმების შემდეგ გაკეთდა. ანტიკორუფციული ბიუროს დასკვნა გენერალურმა პროკურატურამ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრის სათანადო საფუძვლად არ მიიჩნია. სავარაუდოდ, იგივე ბედი ელის "ქართული სამართლის აღორძინებისა და განვითარების კავშირის" განცხადებასაც. მაშინ რა აზრი აქვს უსაგნო აჟიოტაჟს? შევეცდებით ამ კითხვაზე პასუხის გაცემას.

მართლაცდა, რა აზრი აქვს უსაგნო აჟიოტაჟს, თუ პროკურატურა მხოლოდ სახელმწიფო დაკვეთებზე მუშაობს და დამნაშავე არ დაისჯება. საქმე ისაა, რომ წინასაარჩევნოდ აზრი აქვს ყველაფერს, რაც პოლიტიკური ოპონენტების კომპორმეტირების საქმეს ემსახურება. მით უმეტეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართული სამართლის აღორძინებისა და განვითარების კავშირი" არც ისეთი დამოუკიდებელია, როგორც თავს წარმოაჩენს. მისი წევრები იმავე წარმატებით არიან "დემოკრატიული აღორძინების კავშირის" წევრები და, შესაბამისად, პარტიულ დავალებას ასრულებენ. როგორც ფსიქოლოგები და სოციოლოგები მიიჩნევენ, კომპორმატების ეფექტურობას, ოპტიმალურად შერჩეული დროისა და ვითარების გარდა, ტექნოლოგიების ცოდნაც უნდა. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ტექნოლოგიებში ქართული პოლიტიკური სპექტრი ისევე მოიკოჭლებს, როგორც ბევრ სხვა რამეში. იმოქმედებს თუ არა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო რეიტინგზე ის ფაქტი, რომ ორი წლის წინ იუსტიციის სამინისტროში არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო სახსრები? ფსიქოლოგი შუქრი აბზიანიძე ფიქრობს, რომ არანაირად.

[შუქრი აბზიანიძის ხმა] "ისეთი კომპორმატები, რომ - ამან ეს მოიპარა, იმან ის მოიპარა და რაღაცა, ამას არავითაი მნიშვნელობა არ ექნება, იმიტომ, რომ ყველამ მოიპარა და რა მნიშვნელობა აქვს ეხლა ჩემთვის, რამდენით მეტი მოიპარა. მაგ კომპორმატებით რაც იდება, ის ყველას ეხება, ამიტომ არცერთი არ იმუშავებს".

წინასაარჩევნო კომპორმატები ძირითადად ორი სახისაა - კორუფცია და მორალი. ამ უკანასკნელის მიმართულებით "აღორძინების" კავშირი წინა არჩევნებშიც აქტიურად ებრძოდა მაშინდელ "მოქალაქეთა კავშირს" და მის ახალგაზრდა სახეებს - სააკაშვილსა და ჟვანიას. უნდა ითქვას, რომ საზოგადოების გარკვეულ წრეებში სენსაციის ნიშნით გავრცელებული ვიდეო-კასეტების ანტისარეკლამო ეფექტი მაშინაც ნულის ნიშნულს დიდად არ ასცდენია.

[გოჩა ცქიტიშვილის ხმა] "ინფორმაცია, რომელიც მაშინ ნასვამ ჟვანიაზე და ქალთან მოსაუბრე სააკაშვილზე იყო გავრცელებული, არ იყო ოპტიმალური არც დროისათვის, არც ადგილისათვის. თავისთავად მასალა იყო არაღირებული. ამას გარდა, მე ვეჭვობ, რომ საქართველოში ნასვამი პოლიტიკოსი ვინმესთვის ნეგატიური იყოს. პირიქით, ნეგატიური ის არის ხოლმე ხანდახან, რომ პოლიტიკოსი საერთოდ არ სვამს, არ უყვარს და ასე შემდეგ. პოლიტიკოსები ადამიანური სახით რაც მეტად წარმოჩნდებიან, მით უკეთესია ამ პოლიტიკოსებისათვის. და იმ საზოგადოებაში, სადაც შუადღეს ყველა რესტორანი სავსეა მთვრალი კაცებით, ნასვამი პოლიტიკოსი ნეგატივი არ შეიძლება იყოს".

ასე მიიჩნევს სოციოლოგი გოჩა ცქიტიშვილი, რომელიც, მეორეს მხრივ, იმასაც აღიარებს, რომ კომპრომატი ირაციონალურ საზოგადოებაში პოლიტიკოსთა საარჩევნო რეიტინგზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.
XS
SM
MD
LG