Accessibility links

logo-print

რისთვის სჭირდებათ პოლიტიკურ პარტიებს პოპულარული დილეტანტები?


დავით პაიჭაძე, თბილისი არჩევნებში მონაწილე პარტიათა სიები ცხადყოფს, რომ პოლიტიკოსები ვერ ელევიან სტერეოტიპებს: სიებში ბევრი ცნობილი ადამიანია, რომელსაც პოლიტიკაში, აქამდე მაინც, არაფერი ესაქმებოდა.

რა ფუნქცია აქვთ პოლიტიკის პოპულარულ დებიუტანტებს? შეეცდებით პასუხი გავცეთ ამ კითხვას.

ტერმინი "ახალი სახეები" ქართულ პოლიტიკაში 1995 წლის შემდეგ გაჩნდა. 8 წლის წინათ ჩატარებულმა არჩევნებმა თანდათან ბევრი, პოლიტიკაში მანამდე უცნობი ადამიანები გამოაჩინა. თავად 95 წლის კამპანიის დროს ახალი სახეები პოზიციონირებული არ ყოფილან. წინა არჩევნებზე, 1999-ში ამ ცნებას ულმობელი ექსპლუატაცია გაუწიეს, თუმცა 4 წლის წინანდელი ახალი სახეების რაოდენობაც და ხარისხიც, დრომ აჩვენა, ჩამოუვარდებოდა 8 წლის წინანდელს. ამიტომ თუ არის, რომ 2 ნოემბრის არჩევნებში ახალი სახეებით, ჯერჯერობით, არავინ ვაჭრობს. უკვე თავად ცნება განგაწყობს სკეპტიკურად. სიახლე პარტიულ სიებსა თუ მაჟორიტარ კანდიდატებში ან უცნობი, ან კარგად დავიწყებული ძველი სახელებით ვლინდება.

უნდა ითქვას, რომ პოლიტიკაში სერიოზული პრეტენზიის მქონე გაერთიანებებმა სიფრთხილე გამოიჩინეს და სიათა სათავეები უცნობი სახელებით მაინცდამაინც არ გაუჯერებიათ. აქ ძირითადად ნაცადი პარტიული ამხანაგები არიან, პირველ ათეულში მხოლოდ აქა-იქ თუ წააწყდებით მოულოდნელობას: მაგალითად, მოჭადრაკე ნინო გურიელი ხელისუფლების ბლოკში, მწერალი გოდერძი ჩოხელი "ლეიბორისტებთან", მომღერალი დავით ხუჯაძე "აღორძინების" სიაში. ძნელი სათქმელია, წასცხებენ თუ არა ეს ადამიანები თაფლს თავიანთ პარტიებს. ახლო წარსულში გოდერძი ჩოხელის სასოწარკვეთილი, ლამის ტრაგიკული აქცია, ალბათ, უფრო დარაზმავს "ლეიბორისტების" თანამგრძნობთა იმედს. ძალიან საინტერესოა (და ჯერჯერობით აუხსნელი) მოთხოვნა ქართველ მოჭადრაკე ქალებზე: ნინო გურიელის გარდა, არჩევნებში "ახალი მემარჯვენეების" სიით მონაწილეობს ნონა გაფრინდაშვილი, ხოლო "გაერთიანებული დემოკრატების" მხარდაჭერით სარგებლობს ნანა ალექსანდრია. რაც შეეხება მომღერალ დავით ხუჯაძის ყოფნას სიაში გამსვლელ, მე-10 ადგილზე, ნათელია, რომ "აღორძინება" ისევ ძველ ჰანგზეა მომართული, რაც პოლიტიკაში ამჯერად უკვე "ახალი ინტელიგენციის" მიზიდვას გულისხმობს. ამ ტრადიციას ხარკი გადაუხადეს "გაერთიანებულმა დემოკრატებმა" ხაშურში მომღერალ გოგა ხაჩიძის გამწესებით. ერთი ადამიანი სცენიდან ლეიბორისტებმაც ჩამოიყვანეს და პირდაპირ მთაწმინდაზე გაუშვეს: სწორედ აქ იყრის კენჭს მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი. ნაციონალური მოძრაობა იმავე რაიონში ალპინისიტ გია თორთლაძეს აასპარეზებს. ტენდენცია ნათელია: პოლიტიკაში გამოუცდელი პირებით ექსპერიმენტირება უფრო მაჟორიტარულ არჩევნებში ხდება.

რას ნიშნავს შედარებით ახალგაზრდა თაობის, პოლიტიკაში გაუწაფავი ადამიანების გაწვევა არჩევნებში, განსაკუთრებით მაჟორიტარულ ოლქებში? პარტიისთვის ზოგჯერ პრესტიჟის საკითხია, ჰყავდეს კანდიდატი ამა თუ იმ რაიონში, დაე, თუნდ დამარცხებისთვის იყოს განწირული. ხელოვნების, სპორტის, იშვიათად - მეცნიერების სფეროდან დეპუტატობის კანდიდატებად მისულ ადამიანებზე დაკვირვება აჩვენებს: ისინი იმ ოლქებში არიან წარდგენილი, სადაც გამარჯვების შანსი, პრაქტიკულად არა აქვთ. პარტიებს ისინი კონკურენტების სპარინგ-პარტნიორებად სჭირდებათ, რათა მათ, რაც შეიძლება მეტი ხმა ჩამოაკლონ. ამ სავსებით პრაქტიკულ ინტერესს ყავლგასული ტრადიციით - პოლიტიკაში ინტელიგენციის მიზიდვით ნიღბავენ.
XS
SM
MD
LG