Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მიზეზების გამო ტოვებს ზაალ კასრელიშვილი "საერო კავკასიურ კონფედერაციას"


"საერო კავკასიური კონფედერაცია", რომელიც სომხების გარდა თითქმის ყველა კავკასიელი ერების არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს, შეიძლება ითქვას, რომ კავკასიელ ხალხთა ერთადერთ

პროქართულ და პროდასავლურ გაერთიანებას წარმოადგენს. მას აქამდე ქართველი ზაალ კასრელიშვილი ხელმძღვანელობდა, მაგრამ მან საქართველოში ვერ დაინახა საერთო კავკასიური იდეებისადმი მხარდაჭერა და აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებიდან განზე გადგომა გადაწყვიტა. აქვე ვიტყვით, რომ ზაალ კასრელიშვილი ის ადამიანია, რომელსაც აქტიური წვლილი მიუძღვის საქართველოდან გელაევის რაზმის მშვიდობიანად წასვლაში. ამ და სხვა პრობლემების მოგვარებაში დახმარების გაწევის მიზნით ხელისუფლების წარმომადგენლებს მისთვის არაერთხელ მიუმართავთ, მაგრამ მათ არ გამოუჩენიათ დაინტერესება იმ საქმეების მიმართ, რომელსაც კასრელიშვილი და მისი თანამოაზრეები "საერო კავკასიურ კონფედერაციაში" ახორციელებდნენ. საქართველოში ვერ აცნობიერებენ საერთო კავკასიური ინტერესების მნიშვნელობას, კასრელიშვილის განზე გადგომის მიზეზიც ეს არის..

აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ რუსეთმა ქართველებსა და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის არეული ურთიერთობები გამოიყენა. ქართველი პოლიტიკოსები ამას აღიარებენ. ისინი არ უარყოფენ, რომ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საერთო კავკასიური ინტერესებით მოქმედებას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება და მიუხედავად ამისა, საარჩევნო მარათონში ჩართულები ამ მიმართულებით მუშაობას არ გვპირდებიან. ერთადერთი ძალა, რომლის პრიორიტეტსაც კავკასიური პოლიტიკის გატარება წარმოადგენს, ბლოკი "მშვიდობიანი კავკასიაა" და ეს ფაქტი თავისთავად მოწმობს კავკასიური პოლიტიკისადმი ქართველი პოლიტიკოსების ინდიფერენტულობას. "საერო კავკასიური კონფედერაციის" ხელმძღვანელის, ზაალ კასრელიშვილის ამ ორგანიზაციიდან წასვლის მიზეზიც ეს ინდიფერენტულობა გახდა, რასაც დაემატა ამ ადამიანის თვალთვალი. კასრელიშვილი ამბობს, რომ მას ჯერ თეთრი ფერის "ჟიგულის" მარკის მანქანიდან უთვალთვალებდნენ, შემდეგ მწვანე ფერის "ნივიდან". ის ფიქრობს, რომ მასზე მეთვალყურეობას რუსეთის აგენტურულ სამსახურში მყოფი ყოფილი პოლიციელები, ან უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები ახორციელებდნენ. მაგრამ თვალთვალი - თვალთვალად. კავკასიელ, განსაკუთრებით კი ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ურთიერთობაში გამოცდილი პირი აცხადებს, რომ რუსეთის აგენტურული ქსელი კავკასიაში, მათ შორის საქართველოში ერთიორად არის გააქტიურებეული და მისი აქტიური ძალისხმევით, რასაც ბოლო დროინდელი ქმედებებით საქართველოს ხელისუფლებაც უწყობს ხელს, ჩრდილო კავკასიაში სერიოზული ანტიქართული კამპანია მწიფდება.

"ერთი შეხედვით, ამის მიზეზი საერთაშორისო პოლიტიკის კარნახით ჩეჩნების პრობლემებისდამი საქართველოს ხელისუფლების გაცივება ხდება, რაშიც პირადად ედუარდ შევარდნაძეს ედება ბრალი, მაგრამ, დიდი შანსია, შევარდნაძისდამი მზარდი ანტიპათია რუსებისთვის სერიოზული ბერკეტი გახდეს საქართველოსთვის ახალი პრობლემების შესაქმნელად. "- ამბობს ზაალ კასრელიშვილი. ყოველგავრი რეკლამის გარეშე რას აკეთებდა ის და მისი ორგანიზაცია კავკასიელი ხალხების ერთობისთვის, ეს შეიძლება აღვწეროთ იმ მიზეზების ჩამოთვლით, რამაც "საერო კავკასიური კონფედერაციის" ქართველი ხელმძღვანელის ამ ორგანიზაციიდან წასვლა განაპირობა.

[ზაალ კასრელიშვილის ხმა] "როცა ლაპარაკობ კავკასიური ბანკის შექმნაზე და ინვესტორები მზად გყავს, როცა ლაპარაკია კავკასიური ყრილობის ჩატარებაზე, რომლისთვისაც თითო ერის 3-3 წარმომადგენელი მაინც ჩამოვა და მათთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნაში არვინ გეხმარება, როცა ლაპარაკია სხვადასხვა კულტურულ პროგრამებაზე, როცა კავკასიური ოლიმპიური კომიტეტი უკვე შექმნილია და ასეთ საქმეებში კი არ გეხმარებიან, პირიქით, ხელს გიშლიან... "

"საერო კავკასიური კონფედერაციის" ძალისხმევით თბილისში მოქმედებს კავკასიური ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, სადაც სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდები სწავლობენ ერთად. ამ ორგანიზაციას სურდა საქართველოს ერთ-ერთ კურორტზე აფხაზეთის ომში ქართველების მიერ მოკლული აფხაზებისა და აფხაზების მიერ მოკლული ქართველების შვილების ერთად დასვენება, მაგრამ ფინანსური მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. არადა, მან რამდენჯერმე შეაძლო მოეხსნა საშიშროება, რომელიც საქართველოსკენ ჩრდილო კავკასიიდან მოდიოდა. პანკისის ხეობაში დაძაბულობის დროს მინისტრებმა, რომლებმაც კარგად იცოდნენ "საერო კავკასიური კონფედერაციისა" და მისი ხელმძღვანელის შესაძლებლობა, არაერთხელ მიმართეს მას დახმარებისთვის. ამის მიუხედავად, ჩრდილოკავკასიელი ხალხებისგან განსხვავებით, ქართველებში ვერ ჰპოვა მხარდაჭერა "საერო კავკასიური კონფედერაციის" სამშვიდობო პაქტმა და კავკასიური ქვეყნების სოციალ-ეკონომიკური განვითარების პროგრამამ. ამას გარდა :

[ზაალ კასრელიშვილის ხმა] "აფხაზეთიდან დაგვიკავშირდა სამი საველე მეთაური. აქედან ერთი - სერიოზული ავტორიტეტი. ამ აფხაზებმა გვკითხეს, რას აპირებთ და როგორ ხედავთ ჩვენს მომავალს თქვენს საქმიანობაში, იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს მომავალს აფხაზეთში ვეღარ ვხედავთო. ორი დღის წინ დაგვიკავშირდნენ ცხინვალიდან, რასაც არ ველოდით და გვკითხეს, ჩვენ რა გარანტიები გვექნება პროქართული და პროდასავლური ორიენტაცია რომ ავიღოთ და ოპოზიციაში ჩავუდგეთ აქაურ ხელისუფლებასო. მე რა გარანტიები უნდა მიმეცა მათთვის?"

ასეთ გარანტიებზე მუშაობა სხვების პრეროგატივაა. სხვები კი დაინტერესებას არ იჩენენ. არც წარსულის გაკვეთილები ცვლის რამეს. საერთო კავკასიური ინტერესები საქართველოში აქტუალობას ვერ იძენს და რჩება შთაბეჭდილება, რომ ქართველებს ამ ინტერესებით მოქმედების ეშინათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩრდილოკავკასიაში რუსეთის ფაქტორის იგნორირებას არ ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG