Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანში პირველი პოსტსაბჭოთა დინასტია ჩაისახა


ხუთშაბათს, გვიან საღამოს აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიის დიქტორმა წაიკითხა მიმართვა, რომელმაც უმალვე დიდი ყურადღება გამოიწვია აზერბაიჯანსა თუ უცხოეთში:

მიმართვის ავტორი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი თანამემამულეებს აუწყებს, რომ მოხსნის თავის კანდიდატურას მოახლოებული, 15 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან და ამას აკეთებს ილჰამ ალიევის სასარგებლოდ. ასე, რომ აზერბაიჯანელი ტელედიქტორის მიერ წაკითხული ტექსტი ორი თვალსაზრისით არის საყურადღებო: ის მოასწავებს ჰეიდარ ალიევის მრავალწლიანი პოლიტიკური კარიერის დასასრულს და იმავდროულად (მის პოლიტიკურ მემკვიდრედ ილჰამ ალიევის გამოცხადებით) ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველი პოლიტიკური დინასტიის ჩასახვას. მსმენელმა უთუოდ იცის - ჰეიდარ და ილჰამ ალიევები მამა-შვილი არიან.

"60ც წელიწადში, რომელთა განმავლობაში აზერბაიჯანელი ხალხისათვის ვცოცხლობდი და ვმუშაობდი, მრავალი საქმე დაუმთავრებელი დამრჩა. ბოლო დროს ჯანმრთელობა აღარ მაძლევს მათი ბოლომდე მიყვანის საშუალებას", ნათქვამია მიმართვაში, რომლის ავტორი, 80 წლის ჰეიდარ ალიევი ამჟამად შეერთებული შტატებში, კლივლენდის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი უკვე დიდხანს ავადმყოფობს და ორი თვეა, საჯაროდ აღარ გამოჩენილა.

ამიტომაც არის, რომ, როგორც აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა ნაზიმ იმანოვმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტ ჟან-ქრისტოფ პეკთან საუბარში აღნიშნა, ჰეიდარ ალიევის გადადგომა სიურპრიზი არ ყოფილა: [იმანოვის ხმა] "სიურპრიზი არ მომხდარა - ამას ყველა მოელოდა. მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ საქმე ეხება აზერბაიჯანისათვის ეპოქალურ მოვლენას, ვინაიდან ეს ნიშნავს, რომ დამთავრდა ეპოქა ადამიანისა, რომელიც 35 წელი მართავდა ქვეყანას ამა თუ იმ ფორმით. აზერბაიჯანის კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის, შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტზე."

ჰეიდარ ალიევის ეპოქა, შესაძლოა დამთავრებული იყოს, მაგრამ ალიევების ეპოქა, როგორც ჩანს, ახლა იწყება. "ილჰამ ალიევი ძლიერი კანდიდატია, ძალიან გონიერი და ენერგიული პიროვნება. დარწმუნებული ვარ, იგი თქვენი დახმარებით დაამთავრებს იმას, რაც მე ვერ მოვასწარიო", - ასე ცდილობს ჰეიდარ ალიევი, დააჯეროს თანამემამულეები თავისი გადაწყვეტილების სისწორეში. დიდ ნაწილს, სავარაუდოდ დააჯერებს კიდეც: თუ საინფორმაციო სააგენტოებს დავუჯერებთ, აზერბაიჯანელები პრეზიდენტს სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად "ბაბას" ანუ "ბაბუას" უწოდებენ.

რაც შეეხება ილჰამ ალიევს, მას დიდხანს ჰქონდა დროსტარების მოყვარულის იმიჯი და არ ითვლებოდა სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად, ვიდრე წლეულს ზაფხულში, მამის მიერ პირდაპირ პრემიერ-მინისტრად დაინიშნებოდა. რა შანსები აქვს მას 15 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში - ამ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ერთი რამ კი ეჭვს არ იწვევს: [იმანოვის ხმა]
"რაც უნდა მოხდეს საპრეზიდენტო არჩევნებზე, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, ერთი რამ ცხადია: 2003 წელს აზერბაიჯანში აირჩევენ ახალ პრეზიდენტს. ვინც უნდა იყოს ის, ჰეიდარ ალიევი აღარ იქნება და ეს არსებითად ცვლის პოლიტიკურ ვითარებას აზერბაიჯანში".
XS
SM
MD
LG