Accessibility links

507-ე გამოშვება.


507-ე გამოშვება.

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 507-ე გამოშვებას. დღეს შევეცდებით გავარკვიოთ, რამდენად ძნელია საქართველოში პრეზიდნეტის შვილობა; გესაუბრებით საპარლამენტო არჩევნებისა და მენტალობის თემაზე; ჩვენი დღევანდელი სტუმარია კანადაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ნინო ამირანაშვილი; გადაცემას დავასრულებთ სიუჟეტით კინოსა და თეატრის გამოჩენილ ამერიკელ რეჟისორზე, ელია კაზანზე, რომელიც ამ დღეებში გარდაიცვალა ნიუ-იორკში.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.

ძნელია თუ არა საქართველოში პრეზიდენტის შვილობა

გასულ კვირაში ყაზახეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტების ქალიშვილებზე, დარიღა ნაზარბაევასა და გულნორა ქარიმოვაზე საუბრისას - შეგახსენებთ, პრეზიდენტების ქალიშვილები საკმაოდ აქტიურად ჩაერთნენ პოლიტიკაში - დაგპირდით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილის მანანა შევარდნაძის პორტრეტსაც შემოგთავაზებდით. დღეს დაპირებას ვასრულებთ. ძნელია თუ არა საქართველოში პრეზიდენტის შვილობა - ამ საკითხში გარკვევას თამარ ჩიქოვანი შეეცადა.

იხ. აუდიოვერსია


პრინცესა და ქვრივები ქართულ პოლიტიკაში

ბიძინა რამიშვილი:
თქვენს ყურადღებას მივაპყრობ ქართველ პოლიტიკოს ქალებს, რომლებიც თავიანთ ბიოგრაფიაში ქართველთათვის არანაკლებ ცნობილი ქალების შტრიხებს იმეორებენ. ეგ არის, რომ ეს ცნობილი ქალები სინამდვილეში არასოდეს არსებულან.

დავით პაიჭაძე:
ყველაზე ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი ქალი დღეს ნინო ბურჯანაძეა, რომელიც, თუ საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელ სამსახურებს ვერწმუნებით, ყველაზე პოპულარული და მაღალრეიტინგიანი პოლიტიკური ფიგურაა. ნინო ბურჯანაძე პირველი ქართველი პოლიტიკოსი ქალია, რომლის იმიჯიც წარმატებას უკავშირდება და სრულიად დაცლილია ტრაგიკული თუ დრამატული ასოციაციებისაგან. პოლიტიკური კრიტიკისა თუ სულაც დაცინვის მიზნით ნინო ბურჯანაძეს უკვე უწოდეს პრინცესა, უფრო ზუსტად - პურის პრინცესა და ქატოს დედოფალი. ამ ფრიად საეჭვო გემოვნების ეპითეტებში ძევს ჭეშმარიტების ერთი მარცვალი, რომელიც არა იმდენად რეალობიდან, არამედ მოგონილი სინამდვილიდან, მხატვრული ტექსტიდან გახლავთ ამოზრდილი.

ქართველ მოწაფეებს სკოლაში "ვეფხისტყაოსანს" რომ ასწავლიან, აუცილებლად ეუბნებიან, რომ თინათინის გამეფება ანარეკლია მე-12 საუკუნის საქართველოს პოლიტიკური რეალიებისა, კერძოდ, თამარის გამეფებისა. ნინო ბურჯანაძის შესაძლო საპრეზიდენტო ამბიციების კონტექსტში ბარე ორს უკვე მოაგონდა თამარ მეფე, მაგრამ აშკარა პარალელების გავლებას ყველა ერიდება - უწინარესად, მათი არარსებობის გამო. მეორეც, თამარის ფიგურა იმდენად მონუმენტური და თან მითოლოგიზებულია, რომ თანამედროვე ქართული პოლიტიკის მოქმედი პირი მას შეუძლებელია შეედაროს. შეგახსენებთ, საქართველოს საშუალო სკოლებში 10-11 წლის ბავშვებს ასწავლიან, რომ თამარს მემკვიდრე უბიწოდ ჩაესახა.

ნინო ბურჯანაძის პროტოტიპი უფრო თინათინია - მდიდარი, მორჭმული და ხანდაზმული მამის შვილი. თინათინის გამეფებას მოსდევს ავთანდილის - თინათინის მომავალი მეუღლის არაბეთიდან წასვლა უცხო მოყმის საძებრად, რაც ავთანდილის მიერ სახელმწიფოს საზღვრის გამაგრებით არის მოტივირებული. "მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო, თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვგმირო", - ამბობს ავთანდილი. აშკარაა, რომ დღევანდელი ტერმინოლოგიით, ავთანდილი ძალოვანი უწყების წარმომადგენელია, ისევე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბადრი ბიწაძე. წვრილმანი დამთხვევაა ის, რომ ავთანდილი "ვეფხისტყაოსანში" მთვარეს არის შედარებული, რომლის ერთი ეპითეტი სწორედ ბადრი გახლავთ. სხვათა შორის, ნინო ბურჯანაძის ახლანდელი აღმასვლისას მისი მეუღლე, თინათინის სატრფოს მსგავსად, გარიდებულია სიტუაციას - პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკურ რეკლამაში ჩნდება თავის შვილებთან, მაგრამ არა თავის ოჯახთან ერთად. ამასთან, ხელისუფლების სათავეში მოქცევის მიუხედავად, თინათინი სრულუფლებიანი ხელმწიფე მაინც ვერ ხდება და, ასე ვთქვათ, მეორე პირად რჩება - ავთანდილი არაბეთიდან მეორედ წასვლისას ნებართვას როსტევანისგან ითხოვს.

ქართული ლიტერატურის ყველაზე ცნობილ პერსონაჟ ქალებს განეკუთვნება ოთარაანთ ქვრივი, რომლის სახეს ამ 11 წლის წინათ ბრწყინვალე პოლემიკური წერილი უძღვნა პროფესორმა დოდონა კიზირიამ. "ოთარაანთ ქვრივი - ქართველი ქალის ზნეობრივი იდეალი?" - ასე ერქვა ხსენებულ წერილს. ზნეობრივი იდეალისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ასეთ იდეალში დაეჭვების მიუხედავად, ოთარაანთ ქვრივის პარადიგმა შეიძლება გამოვკვეთოთ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ქალის ფიგურაში. ქვრივები არიან ქალბატონები რუსუდან ბერიძე და ნანა ბიჭიაშვილი, რომელთა მოვალეობა ეხმიანება ოთარაანთ ქვრივის ერთ-ერთ მიზანსწრაფვას - მიაღწიოს და დაიცვას სამართლიანობა, განიკითხოს გაჭირვებული. შეგახსენებთ, ნანა ბიჭიაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეა, რუსუდან ბერიძე - უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. ქვრივია ქალბატონი ირინა სარიშვილი-ჭანტურია, რომელმაც მეუღლის მკვლელობის შემდეგ, მეუღლის საქმის გაგრძელების აღსანიშნად, საკუთარ სახელს გია ჭანტურიას გვარი მიუმატა. პოლიტიკაში ყველაზე წარმატებული ირინა სარიშვილი-ჭანტურია მაშინ იყო, როცა ქვრივის იმიჯს ერთგულებდა: მკაცრი, გაუცინარი, ტრაგიკული და ძაძით მოსილი ქალბატონის ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმათა 9%-ზე მეტი აიღო 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში. საგულისხმოა, რომ შემდგომ არჩევნებში ირინა სარიშვილი-ჭანტურიას სასარგებლოდ ვერ იმუშავა სწორედ შეცვლილი იმიჯის ხაზგასმამ - ნათელი და მკვეთრი ფერებით დაბეჭდილი სიმპათიური საარჩევნო პლაკატი, რომელზეც პარტიის ლიდერი ორ ვაჟთან ერთად იყო გამოსახული, სრულიად არაეფექტიანი გამოდგა.

რისი თქმა გვინდა ამ სიუჟეტით? ლიტერატურის ისტორიაში არცთუ იშვიათად მომხდარა, რომ მხატვრული ტექსტის რომელიმე ელემენტი მოგვიანებით რეალობაში გაცოცხლებულა. ქართული ლიტერატურის უკვდავ ქალთა სახეებიც, ამა თუ იმ ფორმით, სიცოცხლეს ნამდვილ ქალბატონებში აგრძელებენ.

დავით პაიჭაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


საპარლამენტო არჩევნები და მენტალობა

ბიძინა რამიშვილი:
საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად ჩნდება კითხვა იმის შესახებ, თუ რით სჯობს ოპოზიცია სახელისუფლებო ბლოკს და რატომ უნდა ენიჭებოდეს მას უპირატესობა არჩევნებში. რასაკვირველია, იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის საქმიანობაზე შედარებით მწირი ინფორმაცია არსებობს, დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა ნამდვილად არ არის იოლი. თუმცა, ამ პრობლემას შეიძლება სხვა კუთხითაც მივუდგეთ.

გიორგი კაკაბაძე:
2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში არჩევანის გაკეთებისთვის, ალბათ, აუცილებელია იმის გააზრება, თუ რა შედეგები მოუტანა ქვეყანას და მის მოსახლეობას იმ "ძველი სახეების" მრავალწლიანმა მმართველობამ და სახელმწიფო მართვამ, რომლებიც დღეს "ახალი საქართველოს" აშენების ლოზუნგით ცდილობენ ელექტორატის გულებისა და ხმების მოგებას. გასაცნობიერებელია, აგრეთვე, ხელისუფლების წარმომადგენელთა მენტალური ჩვევები.

ამ საკითხებთან დაკავშირებით საგულისხმო მოსაზრებებია გამოთქმული საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტის, ალექსანდრე რონდელის ახალ წიგნში, სახელწოდებით "პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში". ავტორის მიხედვით, "პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობაში ჩამოყალიბდა სახელმწიფო მართვის მეტად თავისებური ტიპი, რომელიც თავის არსით საბჭოური უფროა, თუმცა, შეიცავს პროგრესულის, დემოკრატიულის ელემენტებსაც და, რაც მთავარია, მის ნიღაბს იფარებს".

ალექსანდრე რონდელი წერს: "პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობაში ჩამოყალიბდა და ყალიბდება ავტოკრატიული მმართველობა, რომლის საფუძველია პატრონაჟის სისტემა, კლანური კავშირები და კლიენტალიზმი. სახელმწიფო კვლავაც მთელი საზოგადოებრივი ცხოვრების სრულ გამგებლად რჩება... სახელმწიფო აპარატი ძირითადად საკუთარი თავის გადარჩენისა და გამდიდრებისთვის და არა საზოგადოებრივი პროგრესისთვის ზრუნავს. საზოგადოების ისედაც მწირი რესურსები (უცხოურ დახმარებასთან ერთად!) მტაცებლურად გამოიყენება. ყოველივე ამის შედეგები სავალალოა".

ნათქვამს უამრავი მოვლენა თუ ფაქტი ადასტურებს. მაგალითად, დემოკრატიულობის ნიღბის მორგების თაობაზე შეიძლება მოვიყვანოთ საქართველოში თავისუფალი მასმედიის გარშემო არსებული ვითარება: ფაქტია, რომ ჟურნალისტების პროდუქცია და თავად მეოთხე ხელისუფლებად წოდებული საზოგადოებრივი სეგმენტის წარმომადგენლები სულაც არ აღიქმებიან ანგარიშგასაწევ ძალად ქვეყნის ხელისუფლების მიერ. წლების განმავლობაში ქვეყანაში წარმატებით მუშაობს "წერე და იკითხეს" პრინციპი, ე.ი. ჟურნალისტური საქმიანობის თითქმის სრული იგნორირება ლამის წესად იქცა, რაც, რასაკვირველია, ხელისუფლების "დამსახურებადაც" შეიძლება ჩაითვალოს. ამგვარი დამოკიდებულება კი სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების მხრიდან მკითხველისადმი, იგივე მოსახლეობისადმი გამოვლენილი სრული უპატივცემულობის კიდევ ერთი ნიშანი.

რაც შეეხება ზემოხსენებულ პატრონაჟსა და კლანურობას, ამის თვალსაჩინო ნიმუშად გამოდგება ძალოვანი სტრუქტურების დიფერენცირებული დამოკიდებულება, ერთი მხრივ, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისა და მათი "ამფსონების" და, მეორე მხრივ, ყველა დანარჩენის, თუნდაც, ჟურნალისტების მიმართ. ეს კი, როგორც ცნობილია, საკმაოდ ხშირად დაუფარავი აგრესიით და ფიზიკური შეურაცხყოფითაც გამოიხატება.

რასაკვირველია, მანტალობის შეცვლა "ჯადოსნური ჯოხის" ერთი მოქნევით შეუძლებელია. 2 ნოემბერს გაკეთებულ ნებისმიერ პროგრესულ არჩევანს მომავალში აუცილებლად შეხვდება დიდი წინააღმდეგობა. აქ შეიძლება გავიხსენოთ სერბეთის პრემიერ-მინისტრის, ზორან ჯინჯიჩის მკვლელობა, რომელიც ამა წლის მარტში მოხდა. ბელგრადის ყოველკვირეული ჟურნალის რედაქტორი, ნებოიშა პოპოვი მომხდარის თაობაზე ასეთ კომენტარს აკეთებს რუსეთის "მოსკოვსკიე ნოვოსტის" ფურცლებზე: "ჯინჯიჩი მოკლეს იმ დანაშაულებრივმა კლანებმა, რომლებსაც ძალაუფლებისა და ფულის დაკარგვის ეშინოდათ. მათთვის მიუღებელი იყო, რომ სერბიაში ბოლოს და ბოლოს სახელმწიფო შეიქმნებოდა. მილოშევიჩის დროს ჩვენ სახელმწიფო არ გვქონდა. პოლიციის, ჯარისა და რეპრესიული აპარატის არსებობა არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო გაქვს - ის მაშინ იქმნება, როცა კანონები სრულდება, ადამიანები პენსიებს იღებენ და არჩევნებს ფიქტიური ხასიათი არ აქვთ. ჯინჯიჩს სახელმწიფოს შექმნა უნდოდა. მაფია ამან შეაშინა".

დავუბრუნდეთ საქართველოს. დღეს ნამდვილად ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რა შედეგს მოუტანს ქვეყანას 2 ნოემბერს გაკეთებული არჩევანი, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ ძირითადი მუხტი, რომლითაც ელექტორატი იხელმძღვანელებს, მაინც ნორმალური სახელმწიფოს შექმნის სურვილი იქნება.

გიორგი კაკაბაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


ინტერვიუ ნინო ამირანაშვილთან

ბიძინა რამიშვილი:
გლობალიზაციის პირობებში ტრადიციულად საკუთარ მიწას მიჯაჭვული ქართველების გადაადგილების გეოგრაფიამაც გლობალური მასშტაბი მიიღო. ეს ტენდენცია რომ მატულობს, ამაზე მეტყველებს სატელეფონო ზარები და ელექტრონული წერილები, რომელთაც სხვადასხვა ქვეყნიდან გვიგზავნიან საქართველოდან დროებით თუ დიდი ხნით წასულები. ახლახან შორეული კანადიდან მივიღეთ ერთ-ერთი ასეთი წერილი ჩვენი თანამემამულის, ნინო ამირანაშვილისგან. დღეს იგი ჩვენი გადაცემის სტუმარია. მას პრაღიდან ტელეფონით დაუკავშირდა მარიამ ჭიაურელი.

იხ. აუდიოვერსია.


გარდაიცვალა ელია კაზანი

ბიძინა რამიშვილი:
28 სექტემბერს ნიუ იორკში 94 წლის ასაკში გარდაიცვლა დიდი ამერიკელი რეჟისორი ელია კაზანი. უკანასკნელი ფილმი მან ოცდაშვიდი წლის წინ გადაიღო. მისი უკანასკნელი წიგნი თხუთმეტი წლის, უკანასკნელი თეატრალური დადგმა კი ნახევარი საუკუნისაა. მიუხედავად ამისა კაზანს ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ამერიკელთა ცნობიერებაში.

ეს გავლენა ბევრად უფრო დიდი იყო მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებში. იმ პერიოდში კაზანმა უდიდესი დაღი დაასვა კინოსა და თეატრის განვითარებას. ისეთი ფილმებით, როგორიცაა, მაგალითად, "მუშტი კეფაში" ან "სურვილის ტრამვაი" და "კომივოიაჟერის სიკვდილის" მსგავსი თეატრალური დადგმებით კაზანმა სერიოზულად შეარყია პატრიარქალური სამყარო, რომელიც ბატონობდა ორმოციანი წლების ამერიკაში. თავისი ფილმებით მსახიობებად ჩამოაყალიბა მარლონ ბრანდო და ჯეიმს დინი და ისინი იმ თაობის გმირებად აქცია, რომელიც ოჯახური მარწუხების, პოლიტიკური თვალთვალის, სექსუალური შებოჭილობის წინააღმდეგ ამხედრდა.

თეატრზე მისი გავლენა დღემდე იგრძნობა. იგი თანამედროვე ავტორების, უპირველეს ყოვლისა ტენესი უილიამსისა და ართურ მილერის საყვარელ რეჟისორად ითვლებოდა. მის მიერ ბროდვეიზე დაარსებული "ექტორს თეატერი" დღემდე რჩება ამერიკული თეატრალური ტრადიციის ერთ-ერთ ცენტრად.

კინოში შედარებით ნაკლები მიმდევარი ჰყავს, ვიდრე თეატრში. სენტიმენტალურის და სასტიკის შერწყმის მისეული ხელოვნება ყველაზე მეტად ალბათ მარტინ სკორსეზეს შემორჩა.

კაზანი პოლიტიკური თვალსაზრისითაც ყურადღების ცენტრში დარჩა უკანასკნელ წლებამდე. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ იგი უარს ამბობდა მონაწილეობა მიეღო შერიგების რიტუალურ ცერემონიებში, რომლებიც ამერიკელთა უმრავლესობას საშუალებას აძლევს, ჩადენილი შეცდომებისა და საჯარო მონანიების საძირკველზე გააგრძელონ საქმიანობა ისე, ვითომც არაფერი მომხდარიყოს.

მონანიებას კი მოელოდნენ მისგან იმისთვის, რაც მან 1952 წელს გააკეთა. მაკარტიზმის მძვინვარების ხანაში მან ე.წ. "არაამერიკული მოქმედებების" საგამოძიებო კომისიის წინაშე გათქვა (FBI-სთვის უკვე დიდი ხნის ცნობილი) სახელები კომუნისტური პარტიის რვა წევრისა. პარტიისა, რომლის წევრი ადრე თავადაც იყო. ამ საქციელისთვის მონანიება მისგან უკანასკნელად 1999 წელს მოითხოვეს, როცა ჰოლივუდში საპატიო ოსკარი გადაეცა. მაგრამ მან ტელეკამერების წინ თქვა უარი "mea culpa"-ს ძახილზე.

კაზანის ამ პოზიციის გასაგებად შეიძლება გამოგვადგეს მისი ავტობიოგრაფიული წიგნი "ცხოვრება", რომელშიც იგი დეტალურად აღწერს თავის დამოკიდებულებას სტალინიზმის მიმართ. მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ კომუნიზმისთვის ზურგის შექცევით ბევრ მეგობარს დაკარგავდა, მაგრამ მაინც წავიდა ამ მძიმე ნაბიჯზე. თანაც ჯერ კიდევ სამოცდაათიან წლებში გამოთქვა სინანული თავისი დაბეზღების გამო.

გასაკვირი არ არის, რომ დამბეზღებლის იარლიყმა თავად მის თეატრალურ და კინოკარიერასაც შეუშალა ხელი. რაც შეეხება ოსკარით დაჯილდოებას, ეს მისი უკანასკნელი დიდი გამოსვლა იყო. იმ საღამოს ჰოლივუდის დოროთი ჩენდლერის პავილიონში კინოელიტის მხოლოდ ნაწილი წამოდგა ფეხზე ოვაციებისთვის. ნაწილმა კი დემონსტრაციულად თქვა უარი ტაშის დაკვრაზე.

კაზანის ცხოვრების გზა ამერიკულ არქეტიპს მისდევს. 1909 წლის 7 სექტემბერს კონსტანტინოპოლში, თურქულ-ბერძნულ ოჯახში დაბადებული კაზანი 1913 წელს ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში მიდის და საქმედ აქცევს ნებისმიერი ემიგრანტის ოცნებას. იგი ჯერ შიკრიკად მუშაობდა "გრუპ თეატერში", შემდეგ გახდა მსახიობი, რეჟისორი და საბოლოოდ უზარმაზარი გავლენა მოახდინა ამერიკის აღმოსავლეთი ნაპირის თეატრალურ და დასავლეთის ნაპირის კინოხელოვნებაზე. მისმა შვიდმა ფილმმა ოცი ოსკარი მოიპოვა. დაწერა არაერთი წიგნი, მათ შორის რომანები, რომელთაც, სხვათა შორის, კრიტიკამ მუსრი გაავლო. მაგრამ ესეც ამერიკული კარიერის ნაწილია.

ამერიკის მეხსიერებაში იგი დარჩება, როგორც წინააღმდეგობრივი პიროვნება, რომელმაც უარი თქვა მორალურ კეკლუცობასა და ფარისევლობაზე. ფილმისა და თეატრის ისტორიაში კი იგი შევიდა როგორც დიდი ხელოვანი, რომელმაც ეპოქა შექმნა ჰოლივუდსა და ბროდვეიზე.


ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
მომავალ პარასკევამდე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG