Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა კრემლის მიერ 5 ოქტომბრისათვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებს ჩეჩნეთში მრავალმხრივი კომენტარით ეხმაურება მსოფლიო პრესა.

როგორც გაზეთი "ქრისჩიენ საიანს მონიტორი" აღნიშნავს, კვირას ჩეჩნეთში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ნაცვლად გათამაშდება სპექტაკლი, და კავკასიის ამ მშფოთვარე რესპუბლიკის სათავეში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის რჩეული კანდიდატი მოექცევა. გაზეთის აზრით, ძალზედ საეჭვოა კრემლის ამგვარი პოლიტიკა ჩეჩნეთში მშვიდობის დამყარებას მოემსახუროს. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთაგან რამდენიმე მოსკოვშია დაფუძნებული, აგრეთვე ევროპის მთავრობები და შეერთებული შტატები, ჩეჩნეთში განთავსებულ რუსეთის ჯარს ადამიანის უფლებათა მიუტევებელ დარღვევაში ადანაშაულებენ. იმ დროს, როცა კავკასიის ამ რესპუბლიკაში 4 წლის წინათ დაწყებული ომი კვლავაც გრძელდება, რუსეთის მოსახლეობა ძალზედ ცუდადაა ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა ხდება დღეს ჩეჩნეთში. კრემლმა გააჩუმა მისდამი კრიტიკულად განწყობილი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და აცხადებს, რომ მშვიდობის დამყარება სურს ჩეჩნეთში. თუმცა, ვიდრე ბატონი პუტინი არ შეიგნებს, რომ მხოლოდ სამხედრო ძალით შეუძლებელია ამ კონფლიქტის მოგვარება და აუცილებელია ჩეჩენი ხალხის ოფიციალურ წარმომადგენლებთან მოლაპარაკების დაწყება, კიდევ დიდხანს გაგრძელდება სისხლისღვრა კავკასიის ამ რესპუბლიკაში."

გაზეთ "უოლ სტრიტ ჯორნალის" ევროპის გამოცემის მიმომხილველი ანდრე გლუკსმენი აღშფოთებას ვერ მალავს იმის გამო, რომ მსოფლიოს მიავიწყდა ჩეჩნეთი, სადაც ფედერალური ჯარი, ფაქტობრივად, გენოციდს ანხორციელებს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. ფრანგი ჟურნალისტი წერს:

"ფედერალური ჯარის მიერ ალყაში მოქცეული ჩეჩნები მოწყვეტილი არიან მთლიანად გარე სამყაროს. და არავინ, იქნება ეს გაერო, მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი თუ რომელიმე დემოკრატიული სახელმწიფო, არ მოუწოდებს რუსეთს - შეწყვიტოს ჩეჩნეთში სისხლისღვრა. ჩეჩნეთის ომს, სისასტიკით, ვერც ერაყის კონფლიქტი და ვერც ისრაელსა და პალესტინელებს შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ძალადობა შეედრება. რაც შეეხება ჩეჩნეთში 5 ოქტომბრისათვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს, ამას არავინ, თავად კრემლიც კი არ მიიჩნევს კანონიერად. მოსკოვის კანდიდატს აჰმად კადიროვს მოსახლეობის მხოლოდ 13 პროცენტი უჭერს მხარს, მაშინ მის სერიოზულ მეტოქეთაგან ნაწილმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, ხოლო სხვებს, საერთოდ აუკრძალეს კენჭისყრა. ამ არჩევნებით კრემლმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ომი ჩეჩნეთში ბოლომდე გაგრძელდება. რუსული ნავთობითა და ბუნებრივი აირით დაინტერესებული ევროკავშირი ღალატობს საკუთარ პრინციპებს და თვალს ხუჭავს. ხოლო ვაშინგტონი, სტრატეგიული მოსაზრებით და ნაწილობრივ ცინიზმითაც, ივიწყებს იმ ფაქტს, რომ წლების მანძილზე, რუსეთი, ერაყის აწ უკვე დამხობილ პრეზიდენტს სადამ ჰუსეინს უჭერდა მხარს და მისი ერთგული მოკავშირეც იყო. ამდენად, ბატონ პუტინს დღეს მოქმედების სრული თავისუფლება აქვს მინიჭებული".

გაზეთმა "მოსკოუ ნიუსმა" 3 ოქტომბრის ნომებში დაბეჭდა ამერიკის ჟურნალ "ნეიშენში" გამოქვეყნებული სტატია, რომლის ავტორი მეტ ბივენსი ადრე ჩეჩნეთის ომს აშუქებდა ხსენებული ჟურნალის ფურცლებზე. ბივენსი იგონებს, როგორც გმობდა თავის დროზე პრეზიდენტ ბუში კრემლს ჩეჩნეთში განხორციელებული ინტერვენციის გამო. მეტ ბივენსი წერს:

"ბუში ხმამაღლა გმობდა კრემლის პოლიტიკას ჩეჩნეთში, სადაც მისივე თქმით, "ქალები და ბავშვები იხოცებიან, ათასობით ადამიანი სტოვებს სახლ-კარს და მეზობელ ინგუშეთში ეძებს თავშესაფარს. ერთხელ ჯორჯ ბუშმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართა წინადადებით - შეეწყვიტა რუსეთისთვის ყოველგვარი ფნანსური დახმარების მიწოდება, ვიდრე მოსკოვი მშვიდობიანი გზით არ მოაგვარებდა ჩეჩნეთის კონფლიქტს. ამდენად, გასულ კვირაში, როცა ბუშმა კემპ-დევიდში მიიღო ვლადიმირ პუტინი, ვიმედოვნებდით, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი სათქმელს ეტყოდა თავის რუს კოლეგას ჩეჩნეთში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით. მაგრამ კემპ-დევიდში მხოლოდ ის ითქვა, თანაც გაკვრით, რომ ადამიანის უფლებებს პატივი უნდა ეცეს. ვის მოეხსენება თუ არა ბატონ ბუშს, რა ხდება დღეს ჩეჩნეთში, და ვის შეეძლო თუ არა აშშ-ის პრეზიდენტს, ჩეჩენ ხალხს გამოჰქომაგებოდა გამოჰქომაგებოდა კემპ-დევიდში. მაგრამ, როცა საქმე მის პოლიტიკურ ინტერესებს შეეხო, ბუშმა უკან დაიხია და ჩათვალა, რომ ეს პრობლემა მას არ ეხება" - წერს ამერიკელი ჟურნალისტი.
XS
SM
MD
LG