Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონის მხრიდან 2 ნოემბრის არჩევნებისადმი ინტერესი თვალშისაცემია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი კვირის ბოლოს თბილისში ამერიკელ პოლიტიკოსთა დელეგაციის ჩამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოფიციალური ვაშინგტონის ინტერესს 2 ნოემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების

დემოკრატიულად და ღიად ჩატარებასთან დაკავშირებით. დელეგაციის წევრები - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე სტროუბ ტელბოტი, ევროპაში ნატოს ჯარების ყოფილი სარდალი ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი, ყოფილი კონგრესმენი ბენსონი თბილისში ყოფნისას პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრის გარდა, შეხვედრებს გეგმავენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან. კვირას კი თბილისში სენატორ მაკ-კეინს ელიან.
რა განწყობით ხვდებიან თბილისში "მაღალ" სტუმრებს?

საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობის თვალსაზრისით, 2 ნოემბრის არჩევნებს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ანალოგი არ ექნება - ოფიციალური ცნობებით, უკვე რეგისტრირებულია 600-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი. პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიციური ძალები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს თუ უცხოურ ქვეყნებს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამატებითი დამკვირვებლების მოვლინების თხოვნით მიმართავენ.
ამ კვირას, მთავრობის სხდომაზე არჩევნებისადმი საერთაშორისო ყურადღების თაობაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ შენიშნა:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "600-მდე დამკვირვებელი უკვე რეგისტრირებულია. მე მგონი, თითო ამომრჩეველზე 2 დამკვირვებელი იქნება. გუშინ კიდევ მესაუბრნენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ის დონე არ ჩათვალეს საკმარისად და ბატონი ჯონი შალიკაშვილი ჩამოდის, კიდევ - ტელბოტი, ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე. არ ვიცი, რას გვიპირებენ - ან სასიკეთოდ ჩამოდიან ან გადაგვასახლონ უნდა..."
პოლიტიკურ სპექტრში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული მოსაზრება, თუ რას უპირებენ პრეზიდენტ შევარდნაძეს. სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლები დაბეჯითებით აცხადებენ, რომ ამერიკელები თბილისში ყოფნისას კიდევ ერთხელ საჯაროდ დაუჭერენ მხარს პრეზიდენტ შევარდნაძესა და მის მიერ არჩეულ პოლიტიკურ კურსს. სხვა მოსაზრება აქვთ ამერიკელთა "დესანტთან" დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებს, რომელთა მტკიცებითაც, ვაშინგტონის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეეცდებიან საქართველოს ხელისუფლების დარწმუნებას ღია და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების აუცილებლობაში.
ამერიკელ პოლიტიკოსებს ოფიციალური ხელისუფლება საინტერესო გადაწყვეტილებით ხვდება - 4 ოქტომბერს პრეზიდენტთან გამართულ ძალოვანი მინისტრების თათბირზე გადაწყდა, რომ ამიერიდან კანონი მიტინგებისა და მსვლელობების ჩატარების შესახებ მკაცრად იქნება შესრულებული. ეს კანონი მიტინგის ან მსვლელობის ჩატარებამდე 5 დღით ადრე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დასტურის მიღებას მოითხოვს. ალბათ, ამერიკელები, რომლებიც კანონმორჩილი ხალხია, ამ კანონის შესრულების მოთხოვნაში განსაკუთრებულს ვერაფერს დაინახავენ ქართული ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც ხელისუფლების კანონმორჩილებისადმი მოწოდებას მაინცდამაინც წინასაარჩევნოდ, საეჭვოდ მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG