Accessibility links

logo-print

ახდენს თუ არა წინასაარჩევნო საპროტესტო აქციები გავლენას საზოგადოების განწყობაზე


27 სექტემბერს გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მეომართა ობელისკის გახსნიდან მეოთხე დღეს აფხაზეთის ომის ვეტერანთა შიმშილობის საპროტესტო აქცია დაიწყო.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს არაფერი აქვს საერთო აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებთან. ისინი მხოლოდ წინასაარჩევნო ლოზუნგებით გამოდიან და შიმშილობის აქციით ამომრჩეველთა აზრზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ.
გესაუბრებით იმის შესახებ, თუ რამდენად შესაძლებელია ასეთი საპროტესტო აქციით საზოგადოების წევრთა პოლიტიკური შეხედულებების ცვლილება.

1 ოქტომბერს თბილისში, გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის წინ აფხაზეთის ომის 6-მა ვეტერანმა შიმშილობის აქცია დაიწყო. მემორიალი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით გაიხსნა. შესაბამისად, ობელისკის წინ კარგად ორგანიზებული საპროტესტო აქციის წამოწყება ეჭვს ბადებს აქციასთან სააკაშვილის ინტერესების კავშირის შესახებ. მითუმეტეს, ისიც გასათვალისწინებელია რომ მოშიმშილეთა ლოზუნგები ოპოზიციის პოზიციას ეხმიანება და შევარდნაძის და მისი პოლიტიკური ბლოკის წინააღმდეგაა მიმართული. ერთ-ერთი მათგანი ასე ჟღერს: "ჩვენ არ ვიბრძოდით რუსეთისა და შევარდნაძის მონობისათვის". აქციის კიდევ რამდენიმე მოწოდებას თავად ერთ-ერთი მოშიმშილე, ალექსანდრე წიკლაური გაგაცნობთ:
[ალექსანდრე წიკლაურის ხმა] "შევარდნაძის გამარჯვება საქართველოს დამარცხებაა. ყველანი არჩევნებზე და არ მისცეთ ხმა სახელისუფლებო ბლოკს".

ალექსანდრე წიკლაური რომელიმე კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიასთან კავშირს უარყოფს და ამ აქციის მთავარ მიზნად ოპოზიციის მხარდასაჭერად ამომრჩეველთა მობილიზების სურვილს ასახელებს. იმის გასარკვევად, თუ რამდენად ეფექტურია ასეთი აქციები ამომრჩეველთა აზრის შესაცვლელად, მე სოციოლოგ გოცა ცქიტიშვილს დავუკავშირდი.

[გოჩა ცქიტიშვილის ხმა] "მოწოდება - არ მივცეთ ვინმეს ხმა, არ შეიცავს საკმარის მოტივებს იმისათვის, რომ მართლა არ მივცეთ ვინმეს ხმა. თავისთავად, არ მივცეთ ხმა ვიღაცას, შეიცავს გარკვეულ მოტივებს, ამ მოტივების გადაცემის გარეშე შეუძლებელია, რომ ჩვენმა მოწოდებამ იმუშაოს და სხვამ მართლა არ მისცეს ხმა. შესაბამისად, მხოლოდ ეს მოწოდება - არ მისცე ვინმეს ხმა, ეს არ მუშაობს საერთოდ".

ამომრჩეველთა ყურადღების მიქცევის გარდა, მოშიმშილეები ოპოზიციურ პარტიებზე ზეგავლენის მოხდენასაც ცდილობენ. მაგრამ შიმშილობით რაიმე პოლიტიკური აზრის ლობირება, მით უფრო ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებზე მისი თავსმოხვევა რეალობისგან შორს დგას, - იმისდა მიუხედავადაც, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ოპოზიციონერებს გაერთიანებისაკენ სპეციალური მიმართვითაც მოუწოდეს. აქციის მოთხოვნების გასაცნობად მოშიმშილეებს ხელისუფლების, კერძოდ კი, პოლიციის წარმომადგენელი მიხეილ სალაძეც ესტუმრა.

[ალექსანდრე წიკლაურის ხმა] " მოთხოვნებიც დავუწერეთ, მაგრამ ისიც მივუწერეთ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში რაიმეზე პასუხისმგებელი პირი არ ვიცით, ვინ არის. ამიტომ ვერ ვასახელებთ, ვისთან გაგატანოთ ეს წერილი და გავატანეთ, რა... ვნახოთ, იქედანაც რა პასუხი იქნება, მაგრამ ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. გადაწყვეტილება ჩვენი იყო დაჯდომის, გადაწყვეტილება ჩვენი იქნება ადგომის".

სოციოლოგი გოჩა ცქიტიშვილი თვლის, რომ ასეთი აქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს შედეგიანი, თუ მას თან ახლავს სათანადო საინფორმაციო კამპანიაც.

[გოჩა ცქტიშვილის ხმა] "თუ ეს აქცია ტექნიკური თვალსაზრისით უფრო სწორად ჩატარდებოდა და დაიდებოდა მაგიდაზე არა მხოლოდ მოწოდება, ანუ ადამიანთა ერთი ჯგუფის სურვილი, რომ ხელისუფლებას არ მივცეთ ხმა, არამედ მოტივები, თუ რატომ არ შეიძლება მივცეთ ხმა, რაც გაცილებით რთული გასაკეთებელია და ეს არ შეიძლება მედიის გარეშე გაკეთდეს, ასეთ შემთხვევაში აქცია შედეგს გამოიღებდა".

რადგან არსად ჩანს საპროტესტო აქციის მოთხოვნების დაკმაყოფილების კონკრეტული საშუალებები, ანუ სახელისუფლებო ბლოკის ამომრჩეველთა აზრის შეცვლისა და ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანების არანაირი მექანიზმები არ არსებობს, ძნელი სათქმელია ისიც, თუ როდის დასრულდება აფხაზეთის ომის ვეტერანთა 1 ოქტომბერს დაწყებული შიმშილობა.
XS
SM
MD
LG