Accessibility links

logo-print

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც საქართველოს პრესა მთავარ ადგილს საპარლამენტო არჩევნების


გიორგი კაკაბაძე, თბილისი უკვე რამდენიმე კვირაა, რაც საქართველოს პრესა მთავარ ადგილს საპარლამენტო არჩევნების თემას უთმობს. გასულ კვირაში გაზეთები აქტიურად გამოეხმაურნენ პოლიტიკურ პარტიათა მიერ ცესკოში

კანდიდატთა სიების წარდგენას. 3-9 ოქტომბრის გაზეთ "ახალი ეპოქის" თქმით, "ამ სიების თვალის გადავლებისას, ქართველი ამომრჩეველი კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ ჩვენი პოლიტიკოსების შესაძლებლობები ამოუწურავია. მათ შეუძლიათ ისევ და ისევ გაგვაოცონ და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნონ, რომ შესწევთ უნარი, გუშინ მათგანვე პოლიტიკურ სანაგვეზე მოსროლილი პარტიის რჩეულთა ათეულის სათავეში მოექცნენ, დაუსრულებლად იმოგზაურონ მოჯადოებულ წრეში და ამისთვის არ დაიშურონ არაფერი, არც ნიჭი და არტისტიზმი, არც ფული და არც ენერგია".

გაზეთის მიხედვით, "ამ მხრივ გამორჩეულია სახელისუფლებო ბლოკი, ძალა, რომელმაც გამოკვება პოლიტიკური სპექტრი და ოპოზიციად დააფრთიანა ოთხი წლის წინანდელი თანაგუნდელები. თითქოსდა გაკოტრებულ პოლიტიკურ ორგანიზაციაში კვოტებისთვის ომი გაიმართა. სახელისუფლებო ბლოკში ბოლო წუთებამდე ცხარე კონსულტაციები მიმდინარეობდა. ამ გაგანიაში სახელმწიფო კანცელარიას არ გაჰკარებია ვანო ზოდელავა, რომელსაც პრეზიდენტმა ქალაქის დასუფთავება ურჩია. სხვათა შორის, ქალაქის მერის რჩეულები სახელისუფლებო ბლოკში ქვედა პოზიციებაზე აღმოჩნდნენ.

ნადარეიშვილი, რომელსაც ამ ეტაპზე აფხაზეთის პრობლემატიკაზე მეტად სიაში წამყვანი ხუთი ადგილი აინტერესებდა, მხოლოდ სამ კვოტაზე დაიყაბულეს.

უკმაყოფილებას აშკარად გამოხატავდა სოციალისტი ვახტანგ რჩეულიშვილიც". "მან, შესაძლოა, პარლამენტში მხოლოდ სამი კაცი - მინდელი, ქუცნაშვილი და შენგელია გაიყვანოს". "კიდევ უფრო დაწყვიტეს გული ირინა სარიშვილს. სხვათა შორის, კმაყოფილი არც ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი, ლევან მამალაძე ჩანს".

რაც შეეხება სხვა საარჩევნო სუბიექტებს, "ახალი ეპოქა" წერს, რომ "დაპირებისამებრ, სიურპრიზი შემოგვთავაზა "აღორძინებამ", რომლის სია თითქმის მთლიანად გადახალისებულია". "ხელოვნების მოღვაწეებს განსაკუთრებით წყალობს ლეიბორისტული პარტია. შალვა ნათელაშვილის შემდეგ სიაში გოდერძი ჩოხელი და რეზო ჩხიკვიშვილი არიან".

"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სია კი, ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის, გარეშე იწყება".

"განსაკუთრებით თავდაჯერებულად "ახალი მემარჯვენები" და "ბურჯანაძე-დემოკრატები" გამოყურებიან", - ამგვარი დასკვნის საფუძველს გაზეთს აძლევს ის გარემოება, რომ ვაკის მაჟორიტარმა კანდიდატმა, "ახალმა მემარჯვენემ", ლევან გაჩეჩილაძემ გადაწყვიტა საარჩევნო სიაში მხოლოდ 77-ე ყოფილიყო, ხოლო "ბურჯანაძე-დემოკრატების" ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა, დიდუბის მაჟორიტარმა კანდიდატმა, გიორგი ბარამიძემ სიაში 75-ე ადგილი აირჩია.

"მრეწველებში" კი, ცნობილი პიროვნებების ნაკლებობაა".

3 ოქტომბრის გაზეთ "ხვალინდელი დღის" თქმით, "მითი იმის შესახებ, რომ სახელისუფლებო ბლოკის თუნდაც პირველ ათეულში თანამოაზრეები მოხვდნენ, დაინგრა ისევე, როგორც დაინგრა მითი იმის შესახებ, რომ ბლოკი "ახალი საქართველოსთვის" პარლამენტში სულ მცირე 60 კანდიდატს გაიყვანს. კვოტებისათვის ომმა სახელისუფლებო ბლოკის რეიტინგი იმდენად დასცა, რომ თუ მომავალ პარლამენტში ამ ბლოკიდან 20-30 კაცი გავიდა, ბლოკის წევრებს მადლობის მეტი არაფერი ექნებათ სათქმელი".
როგორც გაზეთი შენიშნავს,"ბლოკის სიის შედგენისას მთავარ პრინციპად ფული სახელდება, სახელისუფლებო ბლოკის მეორე და მესამე ათეულში გასვლა, როგორც ამბობენ, სამას-ოთხას ათას დოლარამდე დაჯდა. ეს პრინციპი პარიტეტს ნამდვილად სჯობია, მით უფრო, სახელისუფლებო ბლოკს "პიარისთვის" ფული სჭირდება. ვინ გადაიხადა ფული? ფული გადაიხადა ყველა იმ ნაკლებად ცნობილმა (ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკაში) კანდიდატმა, რომელიც მეორე, მესამე და მეოთხე ათეულში აღმოჩნდა".

"ხვალინდელი დღის" აზრით, "პროგნოზი იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ბლოკის წარმატებისთვის დიდად თავს არ გამოიდებდა, გამართლდა. ფაქტია, რომ მას ახალი პარლამენტის ოპოზიციური ძალებით დაკომპლექტების სულაც არ ეშინია და დარწმუნებულია, რომ ნამოწაფარი ადამიანების ძირითად ნაწილთან, თუ დასჭირდა, საერთო ენას გამონახავს".

2 ოქტომბრის გაზეთ "24 საათის" თქმით კი, "პრეზიდენტი ეჭვებმა შეიპყრო". "ედუარდ შევარდნაძე, არჩევნებისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის გაზრდილი და თითქმის უპრეცედენტო ყურადღების გამო, აშკარად საგონებელშია ჩავარდნილი".

გაზეთი წერს: "საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც უკვე თითქმის ათი წელია მსოფლიოს არწმუნებს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარება თავად მის ინტერესებში შედის და დემოკრატიულობის ერთადერთი გარანტი საქართველოში თავადაა, დასავლეთის უნდობლობამ გააკვირვა და გარკვეულწილად გააღიზიანა კიდეც. ეს გაღიზიანება მან მთავრობის გუშინდელ სხდომაზე საკმაოდ ნათლად გამოხატა და აღნიშნა: "600-მდე დამკვირვებელს აგზავნიან არჩევნებზე. ალბათ, თითოეულ ამომრჩეველზე თითო დამკვირვებელი იქნება".

პრეზიდენტმა ჩამომსვლელთა სია გააცნო დამსრწე საზოგადოებას და კომენტარიც მიაყოლა: "ან მართლა სასიკეთოდ ჩამოდიან, ან უნდა გადაგვასახლონ".

"როგორც ჩანს, ქვეყნის პირველ პირს ... ეჭვი ეპარება საკუთარი ბლოკის წარმატებაში. ამ ეჭვთან ერთად ქვეყნის პრეზიდენტმა გუშინ ისიც გაამჟღავნა, რომ "პოლიციის საგანგებო რეჟიმზე გადაყვანის" განზრახვა საბოლოოა და, როგორც ჩანს, გასაჩივრებას არ ექვემდებარება".

წინასაარჩევნო ბრძოლის "ქართულად დახვეწილ" მეთოდებზეა საუბარი 3 ოქტომბრის "მთავარი გაზეთის" წერილში, სადაც ნათქვამია, რომ "სპეციფიკური კომპრომატი, ასევე სპეციფიკური კოდით - "ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანამებრძოლი" - მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკოსების წინააღმდეგ გამოიყენება, კერძოდ, იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებსაც ადრე რაიმე კავშირი მაინც ჰქონიათ შევარდნაძესთან".
გაზეთის თქმით, "ეს "კომპრომატი" მოქალაქეთა კავშირის დაშლისთანავე წარმოიქმნა და პირველად გამყრელიძე-გაჩეჩილაძის წინააღმდეგ გამოიყენეს. მაშინ "აღორძინება " და "ლეიბორისტები" აქტიურად ცდილობდნენ საზოგადოება დაერწმუნებინათ, რომ მოქალაქეთა კავშირი შეგნებულად იშლებოდა მარტივ მამრავლებად. აღნიშნული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აცხადებდნენ, რომ მოქალაქეთა კავშირის განაყოფებისგან შეიქმნა ცრუ ოპოზიციურ პარტიათა ბანაკი, რომელიც პარლამენტში მოქალაქეთა კავშირს ჩაანაცვლებდა.

მას შემდეგ, რაც მოქალაქეთა კავშირი რიგრიგობით დატოვეს სააკაშვილმა და ჟვანიამ, ამ კომპრომატმა განსაკუთრებულად საჭირო, "ყოველდღიური იარაღის" დანიშნულება შეიძინა. შევარდნაძესთან თანამშრომლობის მოტივით ყოფილი მოქკავშირელების "შავი პიარით" შემოსვას, სახელისუფლებო ბლოკის დღევანდელი ლიდერებიც კი ცდილობენ, რაც თავისთავად უცნაური ფაქტია".

წერილის მიხედვით, "შევარდნაძის კომპრომატის" მთელი არსი შემდეგშია: ის ფაქტი, რომ ჟვანია ან "მემარჯვენეები" შევარდნაძესთან თანამშრომლობდნენ - ჟვანიასა და "მემარჯვენეებს" უარყოფითად ახასიათებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თვითონ შევარდნაძე არ არის მიჩნეული უარყოფით პერსონად. მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიასთვის ხელისუფლების დღევანდელ წევრებს საკმაოდ ხშირად "წამოუძახებიათ" შევარდნაძის მთავრობის წევრობა, რაც თავისთავად ძალიან საინტერესო ფენომენია. არც ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ მოქმედი პრეზიდენტი ცუდია".

"მთავარი გაზეთი" წერს:" მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კომპრომატი ლოგიკის კანონებს არ ექვემდებარება, ქართველ ამომრჩეველზე შთამბეჭდავ ზემოქმედებას ახდენს. კერძოდ, ჩვენს მიერ გამოკითხული ოცი მოქალაქიდან ჩვიდმეტი აცხადებს, რომ არ ენდობა არავის, ვისაც ურთიერთობა ჰქონია პრეზიდენტთან. ამავე დროს, მათგან რვა სააკაშვილის მომხრეა.

ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნული, პრინციპში ულოგიკო კომენტარი, ასევე არაპროგნოზირებად ზემოქმედებას ახდენს ამომრჩეველზე. ყოველივე ეს ნათლად მიუთითებს, რომ ქართველი პოლიტიკოსების რეიტინგული ბრძოლები ჯერ კიდევ ქაოსურ ხასიათს ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პარტია ფულს იხდის პიარ სერვისში და ცდილობს, ეს საქმე პროფესიონალებს აკეთებინოს".

"ასე რომ, ქართველი პოლიტიკოსები საკმაოდ ხშირად საკუთარ დაგებულ მახეში ებმებიან "შევარდნაძის კომპრომატის" მსგავსი უხერხული კარტების გათამაშების გამო".
XS
SM
MD
LG