Accessibility links

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის წლეულს ჯონ კუციეს ერგო


სიახლეები ლიტერატურის სამყაროდან იშვიათად თუ ხვდება საინფორმაციო საშუალებების მთავარ ცნობებს შორის, სადაც, ჩვეულებრივ პოლიტიკური, დიპლომატიური, თუ სამხედრო ბატალიები დომინირებს.

მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვან შემთხვევებში გამონაკლისები ხდება, როგორც მოხდა ორიოდე დღის წინ, ხუთშაბათს, როცა ცნობილი გახდა ლიტერატურის დარგში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს - ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატის ვინაობა. იმ დღეს სწორედ მთავარ ახალ ამბებში იუწყებოდნენ, და ჩვენი რადიოც იუწყებოდა, რომ [ენგდალის ხმა] "შვეციის აკადემია 2003 წლის ნობელის პრემიით აჯილდოვებს სამხრეთაფრიკელ მწერალს, ჯონ კუციეს .... ", ამ სიტყვებით, რომლებიც სტოკჰოლმში წარმოთქვა შვეციის აკადემიის მდივანმა ჰორაცე ენგდალმა, ბოლო მოეღო ლიტერატურის მცოდნეთა, თუ რიგით მოყვარულთა კამათს, ვარაუდებს იმის შესახებ, თუ ვისზე შეაჩერებდნენ არჩევანს ნობელის პრემიაზე წარდგენილ მწერალთა შორის. წინასწარ ვარაუდებს, ბუნებრივია, ყოველ წელს გამოთქვამენ - წლეულს კი ფავორიტებად ითვლებოდნენ ამერიკელი ფილიპ როტი, კანადელი მარგარეტ ატვუდი, პერუელი მარიო ვარგას ლიოსა, სამხრეთაფრიკელი ჯონ მაქსუელ კუციე.

და რახან არჩევანი კუციეზე შეაჩერეს, ჩვენც, რასაკვირველია, მის შესახებ გიამბობთ...

ჯონ მაქსუელ კუციეს უკვე მრავალი წელია, მოპოვებული აქვს საერთაშორისო აღიარება. ის პირველი მწერალია, რომელსაც ორჯერ ერგო ბრიტანეთის მთავარი სალიტერატურო ჯილდო- ბუკერის პრემია, კრიტიკოსები კუციეს საუკეთესო სამხრეთაფრიკელ პროზაიკოსად მიიჩნევენ, აქებენ მისი შემოქმედების მრავალფეროვნებას. მკითხველი კი აფასებს კუციეს ოსტატობას უცნაური, მარტოსული პერსონაჟებისა თუ სამხრეთაფრიკული აპარტეიდის სისტემის საბედისწერო შედეგების აღწერისას.

ჯონ მაქსუელ კუციე 1940 წლის 9 თებერვალს დაიბადა და ბავშვობის წლები კეიპტაუნსა და უორსესტერში გაატარა. შინ ინგლისურად ლაპარაკობდნენ და კუციეს სამწერლო ენაც ინგლისური გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ის აფრიკაანსსაც სრულყოფილად ფლობს. კეიპტაუნის უნივერსიტეტში ინგლისურისა და მათემატიკის ფაკულტეტებზე სწავლობდა, რის შემდეგაც, 1969 წელს საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა გამოჩენილი ირლანდიელი მწერლის, სემუელ ბეკეტის შესახებ, რომელმაც, თვით კუციეს აღიარებით, დიდი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე.
ბუკერის პრემია კუციეს პირველად 1983 წელს ერგო რომანისათვის "მაიკლ კ.- ს სიცოცხლე და დრონი", 99-ში კი ისევ ბუკერი მიანიჭეს რომანს "სირცხვილი". [ციტატა წიგნიდან "სირცხვილი" - ინგლისური ტექსტი] ეს იყო ნაწყვეტი რომანიდან "სირცვხილი".

ჩვენ ვამჯობინეთ, არ შევჭიდებოდით მხატვრული ნაწარმოების მთარგმნელის რთულ საქმეს. სამაგიეროდ ვითავეთ ნაწყვეტის თარგმნა რეცენზიიდან, რომლის ავტორია ლიტერატურის მცოდნე ენდრიუ ოეირი: "ამ სერიოზულ, მკაცრ, შეიძლება ითქვას, ცინიკურ პატარა წიგნში "სირცვხილი", კუციე გვეუბნება იმას, რისი ეჭვი და შიშიც ყველასა გვაქვს: რომ პოლიტიკურ ცვლილებას არ მოაქვს თითქმის არაფერი, ადამიანების ტანჯვისათვის ბოლოს მოსაღებად".

შვეციის აკადემიის შეფასებით, კუციე ნობელის პრემიას იმსახურებს რომანების ოსტატური კომპოზიციით, ორიგინალური დიალოგებით, დაუნდობელი კრიტიკით, რომელიც მიმართულია "დასავლური ცივილიზაციის სასტიკი რაციონალიზმისა და კოსმეტიკური მორალის წინააღმდეგ".
მწერალი, რომლის მისამართით, როგორც ხედავთ, ქების სიტყვებს არ იშურებენ (განსაკუთრებით ამ დღეებში, ნობელის პრემიის მინიჭებასთან დაკავშირებით) მუდამ თავს არიდებს ყურადღების ცენტრში ყოფნას. ის ბუკერის პრემიებით დაჯილდოვების ცერემონიებზეც კი არ მისულა...

რაც შეეხება ნობელის პრემიას - მას და ფულად ჯილდოს, მილიონ 300 000-მდე დოლარს ჯონ მაქსუელ კუციეს 10 დეკემბერს, სტოკჰოლმში გადასცემენ. რასაკვირველია, თუ მან ცერემონიაზე მისვლა ინება...
XS
SM
MD
LG