Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტებს გალის რაიონის ზედა ზონის სოფლებში დამატებითი ძალები შეჰყავთ


კვირას გალში, სოფელ დიხაზურგასთან მომხდარი სისხლიანი შეტაკების შემდეგ სეპარატისტებმა რაიონის ზედა ზონის სოფლებში დამატებითი ძალების შეყვანა დაიწყეს. აფხაზური მხარის განცხადებით,

თავდასხმა, რომლის დროსაც ხუთი ადამიანი იქნა მოკლული, ქართული პარტიზანული ჯგუფების მიერ იყო ინსპირირებული. აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები შეტაკებაში ქართველი პარტიზანების მონაწილეობას უარყოფენ. თუმცა, ერთ-ერთი პარტიზანული დაჯგუფების ლიდერი, ჩვენი რადიოსათვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საწინააღმდეგოს ამტკიცებს და შეტაკების შემთხვევით ხასიათზე ამახვილებს ყურადღებას.
რა მოხდა გალის რაიონში?

გავრცელებული ინფორმაციით, 5 ოქტომბერს მომხდარი შეტაკების დროს მოკლულია ქალბატონი, რომლის ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია და გუდაუთის რაიონში მცხოვრები აფხაზი მესაზღვრეები, მამა-შვილი საიჩუკები. მსხვერპლია შეტაკებაში მონაწილე მეორე მხარის რიგებშიც: ბარქაია შახისა და კვარაცხელია ონისეს გვამები დღემდე გალის რაიონის მილიციის შენობაში ასვენია. არაღიარეული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის უფროსის, გივი აგრბას მტკიცებით, თავდასხმა ერთ-ერთმა ქართულმა პარტიზანულმა დაჯგუფებამ განახორციელა.

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების გალის რაიონის უშიშროების სამსახურის უფროსი ზურაბ ლოგუა, რომელიც ამავდროულად ოთხმხრივი საგამოძიებო კომისიის წევრიცაა, ჩემთან საუბარში ქართველი პარტიზანების შეტაკებაში მონაწილეობის ფაქტს არ ადასტურებს.

[ზურაბ ლოგუას ხმა] "თავისთავად ახლა ქართველ პარტიზანებს დააბრალებენ, აბა, ვის დააბრალებენ - ეს ასე ხდება ყოველთვის".

თუმცა რადიო "თავისუფლებისათვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ერთ-ერთი პარტიზანული დაჯგუფების წევრი, ანონიმურობის გარანტიით, აცხადებს, რომ შეტაკება ქართველ პარტიზანებსა და აფხაზ მესაზღვრეებს შორის მოხდა:

"მოულოდნელად წავაწყდით ერთმანეთს. ჩასაფრებულები რომ ვყოფილიყავით, ჩვენ რიგებში მსხვერპლი არ იქნებოდა. ყველაფერი შემთხვევით მოხდა: მანქანა დავინახეთ, ვიფიქრეთ, ჩვენს გასაყვანად მოდისო და ერთ-ერთი ჩვენიანი მისკენ გაემართა. ამ დროს მანქანიდან ცეცხლი გახსნეს, რასაც ცეცხლითვე ვუპასუხეთ. ორი ჩვენიანი მოკლულია, ერთი კი დაჭრილი".

შეტაკების შემდეგ სოხუმის ხელისუფლებამ გალის რაიონის ზედა სოფლებში დამატებითი სამხედრო ძალების შეყვანა გადაწყვიტა. ჩვენი ზუგდიდელი კორესპონდენტის, ლაშა ბერულავას ცნობით, სოფლებში - საბერიოსა და დიხაზურგში გუდაუთის სპეცდანიშნულების რაზმია ჩაყენებული.

[ლაშა ბერულავას ხმა] "შემოვიდნენ დამატებითი ძალები. თვითონ გუდაუთიდანაც ჩამოვიდნენ სასაზღვრო ნაწილის წევრები. აფხაზური სპეცჯგუფი. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მამაშვილი საიდუკები თვითონ გუდაუთელები არიან".

სეპარატისტთა გააქტიურებას გალის უშიშროების სამსახურის უფროსიც ადასტურებს:
[ზურაბ ლოგუას ხმა] "მესაზღვრეები, ეგრეთ წოდებული მებაჟეები, მილიცია - ყველა ჩართული არიან ამ ღონისძიებაში".

თუმცა, თავად გალის რაიონში მცხოვრები ადამიანები აცხადებენ, რომ სეპარატისტები დამატებითი ძალების გარეშეც მშვენივრად ახერხებენ იმის კეთებას, რაც სურთ:
[მამაკაცის ხმა] "აფხაზებს ვიღაცის შემოყვანა რაში სჭირდებათ. ამ თვეს მოკვდა ცხრა კაცი, მარტო ამ თვეს. კლავენ და კლავენ. რა ძალის შემოყვანა უნდათ, შემოყვანილი არაა".

ეგზეკუციის მსგავსად, არანაკლებ სირთულეს ქმნის მიმოსვლის შეწყვეტა ენგურის ხიდზე, რომელიც გალში მცხოვრები ქართველებისათვის სიცოცხლის ერთადერთ გზად შეიძლება ჩაითვალოს. ზურაბ ლოგუას თქმით, ხიდზე მიმოსვლის აღდგენისა და სხვა საკითხების განსახილველად, ჭუბურჯინჯის ოთმხრივი შეხვედრა, ხუთშაბათის ნაცვლად სამშაბათს, 7 ოქტომბერს გაიმართება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG