Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნები - მასკარადი გრძელდება


ჩეჩნეთის არჩევნები ჩატარდა ისე, როგორც ამას ყველა წინასწარმეტყველებდა. კმაყოფილია წარმატებული კანდიდატი კადიროვიც და კმაყოფილია რუსეთის პრეზიდენტიც.

წლევანდელ - 5 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებსა და 1997 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ჩეჩნეთში ერთი საერთო ნიშანი აქვთ - ამომრჩევლის მაღალი აქტიურობა. თუმცა, ამ მსგავსებაში დევს მთავარი განსხვავებაც. ამ განსხვავების განმარტება ვთხოვე "რადიო თავისუფლების" ჩრდილოკავკასიური სამსახურის თანამშრომელს - ასლან აიუბოვს:

[აიუბოვის ხმა]
"ამ ორ არჩევნებს შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ 1997 წელს ამომრჩეველს ჰქონდა რეალური შეგრძნება რეალური არჩევნისა და იმის რეალური შეგრძნება, რომ არავინ მის ჩიხში მოქცევას არ ცდილობდა და არავინ ართმევდა საშუალებას აერჩია პრეზიდენტობის მისთვის სასურველი კანდიდატი. ამით აიხსნება, რომ იმ არჩევნების დროს, რომელიც სცნო, როგორც საერთაშორისო საზოგადოებრიობამ, ისე რუსეთის ხელისუფლებამაც, გაცხადდა ჩეჩნეთის მოსახლეობის რეალური ნება-სურვილი".

რაში დასჭირდა რუსეთის ხელისუფლებას ზედმეტად იდეალიზებული სურათის შექმნა: ვგულისხმობ ამომრჩეველთა დასწრების ლამის 90 პროცენტს მიახლოებულ მაჩვენებელს, როცა არჩევნების ჩასატარებლად რეგისტრირებული ამომრჩევლის 30-პროცენტიანი მონაწილეობაც საკმარისი იყო. არჩევნების ორგანიზატორთა მხრიდან ზედმეტად ცინიკურად მოჩანს კადიროვის ასეთი შთამბეჭდავ წარმატებაც, არსებული მონაცემებით მას ამომრჩეველთა 80 პროცენტზე მეტმა დაუჭირა მხარი. ძნელად თუ ვინმე დაიჯერებს, რომ მოსკოვის რჩეულის ირგვლივ ასე ერთსულოვნად ერთიანდებოდეს ჩეჩნეთის მოსახლეობა. ძნელად დასაჯერებელია იმ შიშის ფაქტორის გათვალისწინებითაც კი, რომელზეც არჩევნების დროს რუსეთის შინაგან საქმეთა ძალების რიგითმაც კი შენიშნა. რუსეთის ხელისუფლების მიერ იდეალური სურათის წარმოჩენის მცდელობაზე ჩემმა ჩეჩენმა კოლეგამ აღნიშნა, რომ ეს უბრალოდ ჩეჩნეთში დემოკრატიის მშენებლობის მასკარადის გაგრძელებაა. რომელიც რეფერენდუმით დაიწყო. რაც შეეხება ახმად კადიროვის რჩეულობას, ამის შესახებ ასლან აიუბოვმა საინტერესოდ შენიშნა:

[ასლანის ხმა]
"სინამდვილეში არ შეიძლება იმის თქმა, რომ კრემლი ასი პროცენტით უჭერს მხარს კადიროვს. უბრალოდ, ახლა, როცა თავად რუსეთში არჩევნები ახლოვდება, არავის არ უნდა განსაკუთრებით ჩაეფლოს ჩეჩნეთის პრობლემატიკაში. ცნობილია, რომ კადიროვს ჰყავს მტრები თავად კრემლშიც, მაგრამ ის, შეიძლება ითქვას, არის ერთადერთი ფიგურა, რომელიც როგორც წინასწარ გათვლადი კანდიდატი ოპტიმალურად აწყობდა კრემლში ყველას. ამას გარდა, მოგეხსენებათ, კადიროვი შესანიშნავი მანიპულატორია: თავის დროზე, როცა იგრძნო, რომ კრემლში რაღაც ძალები მის წინააღმდეგ პოლიტიკურ ინტრიგას ამზადებდნენ, უცბად განაცხადა, რომ მთელი მისი პირადი დაცვა, რომელიც 5 ათასამდე კაცს შეადგენს, მთებში წავიდოდა საომრად. ასე რომ, კადიროვი შესანიშნავად იყენებს თავის ახლანდელ მდგომარეობას."

ის, რომ კრემლისთვის კადიროვის ფიგურა არ არის პირველხარისხოვანი, არჩევნების მეორე დღეს ერთობ თავაზიანად თავად პრეზიდენტმა პუტინმაც კი შენიშნა:

[პუტინის ხმა]
"ვფიქრობ, ის, რაც ახლა ჩეჩნეთში ხდება, არ საჭიროებს არავითარ კომენტარს. არაფერს ვამბობ შედეგზე, რომელიც, რასაკვირველია, მისაღებია. მაგრამ საქმე ამაშიც არ არის. ამომრჩეველთა ასეთი აქტიური მონაწილეობის ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანებს ჩეჩნეთში აქვთ უკეთესი ცხოვრების, რესპუბლიკის ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების იმედი"

თუკი ჩეჩნეთში ბოლო ხანს მიმდინარე ე.წ. "დემოკრატიული პროცესების" არაერთ შემფასებელს, მათ შორის ჩემს რესპონდენტსაც დავესესხებით, იქ არსებულ სიტუაციას მართლაც შეიძლება ეწოდოს მასკარადი, მასკარადი სახელწოდებით - "დემოკრატიის მშენებლობა ჩეჩნეთში".
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG