Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპრეზიდენტო არჩევნებს ჩეჩნეთში არც ქართველი დამკვირვებლები დასწრებიან


საარჩევნო ფარსი ჩეჩნეთში წინასწარ გათვლილი სქემის მიხედვით განვითარდა -"კრემლის კაცად" ცნობილი ახმად კადიროვი არჩეული კი არა, რუსეთის მიერ დანიშნული პრეზიდენტია. მის სახელს რუსული

პროპაგანდის საშუალებები ახლა უკვე მშვიდობასა და სტაბილიზაციას უკავშირებენ. თავად კადიროვი პირველივე საჯარო კომენტარებში დაუფარავად აცხადებს, რომ ჩეჩნეთის თვითგამორკვევის პროცესი დასრულდა. მისი თქმით, ჩეჩნეთს დამოუკიდებლობა და განსაკუთრებული სტატუსი კი არა, ფართო ეკონომიკური გასაქანი სჭირდება; მათ შორის ნავთობით ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. ლეგიტიმური პრეზიდენტისა და ეკონომიკური აღმავლობის თემებით სპეკულირება გრძელდება ჩეჩნეთიდან ლტოლვილ მოსახლეობაშიც. უახლოეს ხანში პანკისიდან ჩეჩნეთში ვითარების ადგილზე გასაცნობად დევნილთა სპეციალური დელეგაცია მიემგზავრება.

ჩეჩნეთის ლტოლვილთა ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ასლანბეკ აბდურზაკოვი დევნილთა 5-6 კაციანი სპეციალური ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი იქნება. იგი მზადაა დაზვეროს, რა პოლიტიკური და სოციალური გარანტიების მიცემა შეუძლია პუტინისა და კადიროვის ეგრეთ წოდებულ "ნამდვილ ჩეჩნურ რესპუბლიკას" ლტოლვილებისთვის. ამ ჯგუფს, პირობის თანახმად, შეუერთდებიან ჟურნალისტებიც. ჯგუფის შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით კი პანკისში ჩასახლებულმა დევნილებმა მოგვიანებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ - არ არის გამორიცხული, რომ მათგან ნაწილი მართლაც დაბრუნდეს სამშობლოში. როგორც ასლანბეკ აბდურზაკოვი ამბობს, სამხედრო ოპერაციებსა და სისხლისღვრას ისევ კადიროვის რეჟიმი სჯობია, იმის მიუხედავად, რომ ობიექტურად იგი მშვიდობის, სტაბილურობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიას არ იძლევა.

[ასლანბეკ აბდურზაკოვის ხმა] "ჩეჩნეთში ერთი კლანის დესპოტიზმის მომენტი დადგა. კლანმა გაიმარჯვა. სასტიკი, შურისმაძიებელი წესრიგის მეთაურობის ხანა მოვიდა. არადა, შესაძლებელი იყო რაიმე წესრიგი ან ამ წესრიგის ილუზია მართლაც გაჩენილიყო, პოსტზე რომ რომელიმე სხვა კანდიდატი გასულიყო. მაგალითად, ეს შეიძლება ყოფილიყო ასლსნბეკ ასლახანოვი, მალიკ სადულაევი, უმარ ჯაბრაილოვი. ეს ცოტა განსხვავებულ ვითარებას შექმნიდა".

კადიროვის ფავორიტობას რუსეთს შეცდომად უთვლის ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეც. იგი არჩევნებზე დამკვირვებლად პრინციპულად არ ჩავიდა ჩეჩნეთში. თუმცა, მეორეს მხრივ, ამგვარი მიწვევა საქართველოში არც ოფიციალურად მიუღია ვინმეს და არც არაოფიციალურად.

[მამუკა არეშიძის ხმა] "ის ძალა, რომელიც არ მონაწილეობდა არჩევნებში, არ შეურიგდება არავითარ შემთხვევაში იმას, რაც ჩეჩნეთშია. სამწუხაროდ, რუსეთის ხელისუფლებამ არასწორი კურსი აირჩია. მე არა მგონია, რომ ადამიანები, რომლებიც მასხადოვის გარშემო არიან შეკრებილები, შეურიგდნენ ამ ამბავს".

ფრანგული გაზეთის, "ლე მონდესთვის" მიცემულ ინტერვიუში ასლან მასხადოვი ჩეჩნეთში გამართულ არჩევნებსა და რეფერენდუმს სპექტაკლს უწოდებს. იგი ამბობს, რომ ამგვარი მეთოდებით რუსეთი ვერც ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგობას შეაჩერებს და ვერც სამოქალაქო ომის პროვოცირებას შეძლებს. დღეისათვის არსებული აშკარა ორხელისუფლებიანობით რუსეთი ჩეჩენი ხალხის კონსოლიდაციის ნაცვლად, მის დაპირისპირებას უწყობს ხელს. ეს ჩანს თუნდაც იმით, რომ კრემლმა ეგრეთ წოდებული ლეგიტიმური პრეზიდენტობა ჩეჩენი ხალხის სისხლში გასვრილ პირს უბოძა და არა ვინმე სხვას. არადა, როგორც ცნობილია, საარჩევნო კომისიამ თავიდან 11 კანდიდატი გაატარა რეგისტრაციაში. მათგან არჩევნებში შვიდმა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა. მართალია, არჩევნების შედეგები ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ კადიროვი კონკურსგარეშეა - წინასწარი მონაცემებით, მას ამომრჩეველთა 80-მა პროცენტმა მისცა ხმა.
XS
SM
MD
LG