Accessibility links

logo-print

"ჩეჩნური იავნანა" - თბილისში


"რადიო თავისუფლებამ" უკვე გიამბოთ ქართველი რეჟისორისა და ჟურნალისტის, ნინო კირთაძის ფილმის, "ჩეჩნური იავნანის" საერთაშორისო პრემიერის შესახებ. გაგახსენებთ, რომ სწორედ ჩვენი რადიოს ინიციატივით

უჩვენეს ეს ფილმი ამერიკელ სენატორებს, პუტინისა და ბუშის შეხვედრის წინ. 2002 წელს "ჩეჩნური იავნანა" გერმანელი დოკუმენტალისტების მთავარი პრემიით - ადოლფ გრიმეს პრიზით აღინიშნა. ქართველმა მაყურებელმა ნინო კირთაძის ფილმი პირველად გასულ კვირას ნახა, თბილისის მეოთხე საერთაშორისო კინოფესტივალზე.
მე დავესწარი "ჩეჩნური იავნანის" თბილისურ პრემიერას.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მესვეურები აღიარებენ, რომ არ ელოდნენ ამდენი მაყურებლის მოსვლას "ჩეჩნური იავნანის" პრემიერაზე. 3 ოქტომბერს, კინოს სახლში, ნინო კირთაძის ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება დაგვიანებით დაიწყეს - ფესტივალის ადმინისტრაცია კინოდარბაზის გასასვლელში, დამატებითი სკამების ჩადგმით იყო დაკავებული. "ჩეჩნური იავნანის" სანახავად უამრავი ადამიანი ჩამოვიდა პანკისის ხეობიდან. სურათის პრემიერას დაესწრნენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, სტუდენტები. ფილმის უკანასკნელ კადრამდე დარბაზში ფეხზე დასადგომი ადგილიც კი არ იყო. ზოგიერთი მაყურებელი შესასვლელთან იდგა, ეკრანს ვერ ხედავდა და მხოლოდ "უსმენდა" ფილმს. "ჩეჩნური იავნანის" დასრულების შემდეგ კინოს დარბაზში არც პრესკონფერენცია გამართულა და არც დებატები - მაყურებელი, უბრალოდ, ატირებული ტოვებდა დარბაზს. ტიროდა ქართული ნაციონალური ბალეტის ანსამბლის ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილიც:

[ნინო სუხიშვილის ხმა]: "პირველი რეაქცია, რაც გამიჩნდა ამ ფილმის ნახვის შემდეგ - ღმერთო, ნურასდროს ნუ იქნება ომი ჩემს სახლში. რომ დაუკვირდე რეალურად, რომ სადღაც აქვეა, ყურის ძირშია და ხვალ შეიძლება იგივე მოხდეს აქ, ძალიან გზარავს... თანაც, ძნელია ერთი მხრიდან ამ თემის აღქმა, იმიტომ, რომ ჩემთვის არ არსებობს ცუდი და კარგი ერი, ჩემთვის არსებობს ცუდი და კარგი ადამიანები... ადამიანი არ მეგულება, ვინც არ იქნება ამ ფილმის შემდეგ შთაბეჭდილების ქვეშ".

მართლაც ასეა. "ჩეჩნური იავნანა", რომელიც რეალურ ფაქტებს მოიცავს, უაღრესად ემოციური ფილმია და შეუძლია შეძრას ის მაყურებელიც, რომელიც ჩეჩნეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების მიმართ გულგრილი იყო. ამიტომ ჩნდება შანსი, "ჩეჩნური იავნანის" მოსკოვური პრემიერის შემდეგ, ნინო კირთაძის ფილმმა დადებითი როლი ითამაშოს კონფლიქტის მოგვარებაში. თუმცა, თავად ჩეჩნები და ქისტები, ყოველ შემთხვევაში ის ადამიანები, ვინც "ჩეჩნური იავნანის" თბილისურ პრემიერას დაესწრნენ, ამ ოპტიმიზმს არ იზიარებენ. ჟურნალისტ მექა ხანგოშვილის თქმით:

[მექა ხანგოშვილის ხმა] "რუსებს უკვე, მე მგონი, არაფერი ეშველებათ, აღარც აქვთ უნარი, რომ რაიმეზე რეაქცია ჰქონდეთ... ეს არის ურეაქციო ხალხი, მე ასე ვიტყოდი... არც საკუთარი ტკივილია მათთვის ტკივილი.. მე მაშინაც ვიტირე, როცა რუსი სამხედრო ვნახე დაჭრილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მათ არც ამაზე ექნებათ რეაქცია".

მექა ხანგოშვილი ამბობს, რომ "ჩეჩნური იავნანის" მთავარი გმირი თავად ავტორია. ერთის მხრივ, ფილმი ადანაშაულებს საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩეჩნეთის კონფლიქტის მიმართ გულგრილობაში, მეორეს მხრივ კი, გვარწმუნებს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არიან ადამიანები, რომელთაც არ შეუძლიათ შეეგუონ სისხლისხვრას ჩეჩნეთში. ერთ-ერთ ასეთი ადამიანი ნინო კირთაძეა, რომელიც ჩეჩნეთის პირველი ომის დროს "ასოშიეტ პრესის" კორესპონდენტად მუშაობდა გროზნოში:

[მექა ხანგოშვილის ხმა] "მთელი ფილმის განმავლობაში ვტიროდი... ქალბატონმა ნინომ სხვების მწუხარება საკუთარ ტკივილად აღიქვა და გაითავისა... მე დარწმუნებული ვარ, თუკი ჩვენს პლანეტაზე ასეთი ადამიანები იქნებიან, თუნდაც ძალიან ცოტა, ჩვენ გვეშველება".

ცრემლები ფილმის მსვლელობის დროს, კათარზისის მანიშნებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩეჩენი ხალხის ტკივილი "ჩეჩნურ იავნანაში" განზოგადებულია და რომ დოკუმენტური ფილმი მხატვრული კინოტრაგედიის ეფექტს ქმნის. ამას ნინო სუხიშვილიც ადასტურებს:

[ნინო სუხიშვილის ხმა]: "განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა იმ რეალურ პერსონაჟებს, რომლებიც ამ ფილმში არიან გადაღებულნი... განსაკუთრებით ბოლო ეპიზოდი, ამ ჩეხი ჟურნალისტი ქალის ცხოვრებით ვარ აღფრთოვანებული, იმიტომ, რომ, ალბათ, ეს არის ადამიანი, რომელიც მთელ მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია, ისეთი პიროვნებაა, რომელსაც ძალიან მინდა რომ ვგავდე".
XS
SM
MD
LG