Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის სამიტი შეთანხმების ნაცვლად შეუთანხმებლობის წარმოჩენის ფორუმად იქცა


ევროკავშირის ლიდერთა 4 ოქტომბრის რომის სამიტი

ევროპის მომავალი კონსტიტუციის დღემდე დარჩენილი შესათანხმებელი საკითხების შეჯერებას უნდა დათმობოდა. სინამდვილეში კი ისე მოხდა, რომ 4 ოქტომბრის შეკრებაზე, რომელსაც ევროკავშირის ახლანდელი წევრი 15 სახელმწიფოსა და მომავალი 10 წევრი ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ, კიდევ უფრო გამწვავდა ვითარება და ევროკავშირის ახლანდელ და მომავალ, დიდ და პატარა ქვეყნებს შორის კონფლიქტის ფორუმად იქცა.ის, რაზეც რომის სამიტზე ევროკავშირის ახლანდელი და მომავალი, აგრეთვე დიდი და პატარა (მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ვგულისხმობ) ქვეყნები დაობდნენ, საინტერესოა იმდენად, რომ ეს დავა წარმოიშვა იმ ბლოკის მთავარი საკანონდებლო დოკუმენტის თაობაზე, რომელიც უნდა მოსწონდეს ევროკავშირის ყველა წევრს. მართალია, საქართველო ჯერ მხოლოდ ხელისუფლების განცხადებების დონეზე ესწრაფვის ევროკავშირის წევრობას და დღეს ადრეა ამაზე მსჯელობა, მაგრამ ჩვენთვისაც ყურადსაღები უნდა იყოს ის, თუ რაზე დაობენ ევროკავშირის წევრები, რაზე ვერ თანხმდებიან ისინი კონსტიტუციის პროექტზე მუშაობისას.

რომის სამიტზე (რომელიც, ცნობისათვის, 15 მილიონი ევრო დაჯდა) 25 ქვეყნის პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები უსხდნენ ოვალურ მაგიდას. თითოეული ქვეყნის ლიდერს გამოსვლისთვის 4 წუთი ჰქონდა. ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნები ამ დღეს პირველად მონაწილეობდნენ ევროკავშირის სამიტში კენჭისყრაში მონაწილეობის ევროკავშირის წევრების თანაბარი უფლებით. 4 ოქტომბერს ვერ გადაწყდა დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის შემოღება და ის სამომავლოდ გადაიდო.

როგორც ჩანს გარკვეული უთანხმოების მოლოდინი არსებობდა რომში შეკრებამდე და ამიტომაც იყო, ჯერ კიდევ სამიტის დასაწყისში გაისმა გამაფრთხილებელი განცხადებები მონაწილეთა მიმართ, რომ ისინი რაც შეიძლება ფრთხილად მოკიდებოდნენ ევროპის კონვენციის მიერ დღემდე შეჯერებულ კონსტიტუციის პროექტს. შესავალი სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ევროპარლამენტის თავმჯდომარემ - პატ კოქსმა განაცხადა:

[კოქსის ხმა]
"ჩვენ მივმართეთ სახელმწიფოთა ლიდერებს, რომ ნათელი მოჰფინონ, მაგრამ არ დაანგრიონ კონვენციის მიერ შექმნილი დოკუმენტი, რომ გააუმჯობესონ, მაგრამ არ დაარღვიონ მისი ბალანსი და მინიმუმამდე დაიყვანონ უკვე მიღწეული წონასწორობიდან და კონსენსუსიდან გადახვევები. რაც მეტი იქნება გადახვევა, მეტი იქნება სირთულე".

გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შროდერმა კი კონსტიტუციის პროექტის შეთანხმებულ მუხლებში ცვლილების შეტანის მსურველებს ახალი შეთანხმების მიღწევაზე პასუხისმგებლობა დააკისრა. კერძოდ, შროდერმა განაცხადა:

[შორდერის ხმა]
"რასაკვირველია, დისკუსია არა თუ მისაღები, სასურველიც არის, მაგრამ ის, ვინც დაიწუნებს შეთანმხებულ მუხლს, ვალდებულია წარმოადგინოს არა მხოლოდ ახალი, არამედ შეთანხმებული მუხლი, რაც საკმაოდ რთული იქნება. თუკი ვიღაც იძულებული იქნება დაარღვიოს კონვენციის მიერ მიღწეული შეთანხმება, არავინ იცის, შეძლებს თუ არა ის დროის განსაზღვრულ მონაკვეთში ახალი პაკეტის შედგენას".

ევროკავშირის მომავალი წევრი ათი ქვეყნიდან უმეტესობა რომის სამიტზე ევროკავშირის წევრ მცირე სახელმწიფოთა ჯგუფს შეუერთდა, რომელსაც ავსტრია და ფინეთი უდგანან სათავეში და რომლის მიზანიც ევროპის მომავალ კონსტიტუციაში ევროკავშირის წვერთა თანასწორობის პრინციპის დაცვაა. უპირველეს ყოვლისა ეს თანასწორობა გულისხმობს თანაბარ წარმომადგენლობას ევროკომისიაში, ევროკავშირის აღმასრულებელ უწყებაში. მცირე ქვეყნების წარმომადგენლებს სურთ, რომ თითოეული წევრი ქვეყანა ევროკომისიაში წარმოდგენილი იყოს თითო კომისრით. კონსტიტუციის პროექტით ევროკომისიის წვერთა რაოდენობა 15-მდე უნდა შემცირდეს, რაც გამორიცხავს მასში ყველა წვერი ქვეყნის წარმომადგენლის ყოფნას.

ამას გარდა მცირე ქვეყნებს სურთ ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის ტრადიციის არსებული ფორმით შენარჩუნება, როცა ევროკავშირის პრეზიდენტი რიგრიგობით, ექვს-ექვსი თვით ხდება ყველა წევრი სახელმწიფო. ახალი კონსტიტუციის პროექტით, ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა სტატუსს ორნახევარ წელს შეინარჩუნებს.

ევროკავშირის ერთ-ერთი მომავალი წევრი - უნგრეთი ძალიან არის დაინტერესებული ახალ კონსტიტუციაში ეთნიკურ უმცირესობათა დაცვის მექანიზმების ჩადებით, რადგან უნგრელთა ძალიან დიდი ნაწილი სამშობლოს გარეთ ცხოვრობს.

ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა საერთოდ უარი განაცხადა რომის სამიტში მონაწილეობაზე, რადგან არ დააკმაყოფილა შეხვედრაზე დისკუსიისთვის განსაზღვრულმა რეგლამენტმა. კლაუსის ნაცვლად რომში ჩავიდნენ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ შპიდლა და საგარეო საქმეთა მინისტრი ცირილ სვობოდა. ვლადიმირ შპიდლამ გააკრიტიკა ე.წ. "ორ-სიჩქარიანი" ევროპის იდეა და განაცხადა: "ევროკავშირის გაფართოებით ჩვენ აღმოვფხვერით ევროპის ისტორიული დაყოფა და ჩვენ არ უნდა შევუწყოთ ხელი დანაწევრების ახალ პროცესს".

არის კიდევ ერთი დელიკატური საკითხი, რომელზეც ასევე არ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა და რომელიც ქრისტიანობას, როგორც ევროპის რელიგიურ პრიორიტეტს შეეხება. საქმე ეხება ევროპის ქრისტიანული ფესვების მოხსენიებას ევროპის ახალი კონსტიტუციის პრეამბულაში. ახლახან ლიტვის დედაქალაქში გამართულ ევროპის ეპისკოპოსთა კონფერენციის მონაწილეებმა ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის ლიდერს სილვიო ბერლუსკონის მოთხოვნაც კი გაუგზავნეს, რომ ახალი კონსტიტუციის ტექსტში აღინიშნოს ევროპისთვის ქრისტიანობის მნიშვნელობის შესახებ.

აი, ასეთი სურათია შექმნილი დღეს ევროპის ახალი კონსტიტუციის პროექტის ირგვლივ. რომის სამიტზე შეკრებილებმა ფორმალურად მიიღეს დეკლარაცია, რომლითაც კონსტიტუციის არსებული პროექტი მომავალი მუშაობისთვის კარგ საფუძვლად მიიჩნიეს. ევროპის ლიდერებმა აღნიშნეს ისიც, რომ სასურველია ევროპის ახალი კონსტიტუცია ძალაში შევიდეს 2004 წლის ივნისამდე, ანუ ევროპარლამენტის მორიგ არჩევნებამდე.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG