Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათი ნაბიჯი თავისუფლებისაკენ - შეთავაზება პოლიტიკური ძალებისათვის


დავით პაიჭაძე, თბილისი პოლიტიკური პარტიები არჩევნების წინ, წესისამებრ, საზოგადოებას უნდა წარუდგენდნენ თავიანთ ფიგურებს, იდეებს, პროგრამებს. საარჩევნო პროცესზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ პარტიები

მაინცდამაინც არ ტვირთავენ ამომრჩეველს იდეებითა თუ საპროგრამო დებულებებით. ისინი არჩევენ თითო-ოროლა ცხადი შეტყობინება გაუგზავნონ მოქალაქეებს. ქართულ სინამდვილეში საპირისპირო პროცესიც მიმდინარეობს: პარტიები საზოგადოების, მისი აქტიური წევრებისგანაც იღებენ მიწვევას სრულიად კონკრეტული სამოქმედო გეგმის განსახილველად. ათი ნაბიჯი თავისუფლებისაკენ - ასე უწოდა საქართველოს 15-მა ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პრინციპების ჩამონათვალს, რომელთა განსჯასაც პოლიტიკურ სექტორს სთავაზობენ. ტექსტი ღიაა და მას საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, თავიანთი წინადადებებით, სურვილისამებრ უერთდებიან.
გაგაცნობთ ზოგიერთ იმ ნაბიჯს, რომლის გადადგმაც, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა აზრით, აუცილებელია სახელმწიფოში შექმნილი კატასტროფული ვითარების დასაძლევად.

თავისუფლებისკენ მიმართული ათი ნაბიჯი, არსებითად, ლაკონური ჩამონათვალია იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა, რომელთაც პოსტკომუნისტური საქართველო უნდა განაახლონ. ეს პრინციპები რომელიმე პოლიტიკურ პარტიას სამოქმედო პროგრამაში რომ გაეშალა, არ არის გამორიცხული, მისთვის რადიკალობა შეეწამებინათ. მე ვკითხე ათი ნაბიჯის თანაავტორი ორგანიზაციის, "თავისუფლების ინსტიტუტის" დირექტორს, ლევან რამიშვილს, რა მოტივებმა განსაზღვრა ასეთი ტექსტის შექმნა.

[რამიშვილის ხმა] "ჩვენი საზოგადოება, პრაქტიკულად, ერთსულოვნად არის შეთანხმებული იმაზე, თუ რა კმარა, რა არ მოგვწონს და რისი შეცვლა გვინდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არ იცვლება მარტივი მიზეზის გამო: ჩვენ არ ვართ შეთანხმებული, რით გვინდა, რომ ეს ყველაფერი შევცვალოთ, რა პრინციპები, ფასეულობები და ინსტიტუტები გვინდა დავამკვიდროთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, ინიცირება მოგვეხდინა საზოგადოებრივი შეთანხმების და ათ პუნქტად ჩამოყალიბებული შეთანხმება წარგვედგინა ჩვენი პოლიტიკური პარტიებისათვის, რომელთაც აქვთ პრეტენზია, რომ შეუძლიათ სასიკეთო, დადებითი ცვლილებების გამოწვევა ქვეყანაში".

ათი ნაბიჯი მოიცავს სასამართლო სისტემაში ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღებასა და სამართალდამცავი ორგანოების დეცენტრალიზაციას. საბჭოთა უშიშროებისა და კომუნისტური პარტიის ნომენკლატურის წარმომადგენლებს ეზღუდებათ უფლება, დაიკავონ მაღალი სახელმწიფო თანამდებობა. ათი ნაბიჯი თავისუფლებისაკენ გულისხმობს საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანას სამ წელიწადში, ჯარში გაწვევის სისტემის გაუქმებასა და საკონტრაქტო მოწყობაზე გადასვლას, რასაც ეროვნული უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება უნდა ახლდეს. აქ არის სიტყვისა და პრესის თავისუფლების შესახებ კანონის მიღება და სახელმწიფო ტელე-რადიო კორპორაციის გარდაქმნა საზოგადოებრივ მაუწყებლობად. ათი ნაბიჯიდან ერთ-ერთია თანამდებობის პირთათვის დაუსაბუთებელი ქონებისა და შემოსავლების ჩამორთმევა. არასამთავრობო სექტორი პოლიტიკურ ძალებს იწვევს კერძო მეწარმეობის ხელშეუხებლობის საკანონმდებლო გარანტიებზე სამუშაოდ. ერთი დებულება ეხება საპენსიო-სახელფასო დავალიანების უსწრაფესად დაფარვას. ნაბიჯი იდგმება განათლების სფეროშიც - მესამე სექტორი საჭიროდ მიიჩნევს სკოლებს ფინანსური და ადმინისტრაციული დამოუკიდებლობა მიენიჭოთ.

ყველა ეს იდეა, უფრო გაშლილი და ჩამოყალიბებული სახით, ალბათ, მალე გამოქვეყნდება. ათი ნაბიჯი თავისუფლებისაკენ საინტერესო უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ, უწინარესად, საზოგადოებისთვის.
XS
SM
MD
LG