Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვითარება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სულ უფრო იძაბება


ბოლო დროს სულ უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება ქართულ-აფხაზური შეხვედრების მოწყობა. ჯერ იყო და თბილისში აფხაზური დელეგაციის დაგეგმილი ვიზიტი ჩაიშალა, შემდეგ კი

- აფხაზეთიდან დაღუპული ქართველი მეომრების გადმოსვენების პროცესი, ხოლო სულ ბოლოს, 4 - 5 ოქტომბერს აფხაზური მხარის მიზეზით არ შესდგა სოხუმში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენცია სამხრეთი კავკასიის კონფლიქტების შესახებ. ასევე, 7 ოქტომბერს რამდენიმე დღით გადაიდო ქართულ-აფხაზური მოლაპარაკება, რომელზეც ენგურჰესის მართვის საკითხები უნდა განეხილათ.

ქართულ-აფხაზურ დაკონსერვებულ ურთიერთობებში გარკვეული დისონანსი ენგურჰესის ექსპლოატაციის საკითხმა შეიტანა. აფხაზური მხარე ჰიდრორესურსების დაზოგვის მომხრეა, თბილისს კი წინასაარჩევნოდ უწყვეტი ელექტროენერგია ესაჭიროება. მიუხედავად ამისა, აფხაზური მხარე საკუთარი პოლიტიკის გატარებას ძალისმიერი მეთოდებით ახერხებს. ვითარების გასარკვევად და სიტუაციის დასარეგულირებლად აფხაზეთის სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, თელასის მენეჯერიც უნდა წასულიყო, თუმცა შეხვედრა გაურკვეველი მიზეზებით გადაიდო.

ენგურჰესის გარდა არის მეორე უფრო ცნობილი პრობლემა - ადამიანთა გატაცებისა და მკვლელობის ფაქტები, რომელიც მრავლადაა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მეტ-ნაკლები სტაბილურობის დამყარების დღიდან. ურთიერთობათა გამწვავება მხოლოდ გატაცებათა და მკვლელობათა ინტენსივობის მომატებამ გამოიწვია.

3 - 5 ოქტომბერს აფხაზმა სეპარატისტებმა გალის რაიონში 7 ქართველი გაიტაცეს და მათგან 2 სიცოცხლეს გამოასალმეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, კიდევ 2 პიროვნებაა დაღუპული. ამ და სხვა საკითხების განსახილველად 7 ოქტომბერს ჭუბურხინჯში ოთხმხრივი კომისიის შეკრება მოხერხდა.
სხდომაზე გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რუსლან ქიშმარიამ მომხდარს ასეთი კომენტარი გაუკეთა:

[რუსლან ქიშმარიას ხმა] "მოხდა 2 მოქალაქის მკვლელობა. ერთი წალენჯიხის მკვიდრია. არ ვიცი, როგორ აღმოჩნდა ამ ტერიტორიაზე, მეორე კი ადგილობრივი. გუშინ ვიყავით შემთხვევის ადილზე, მიმდინარეობს გამოძიება".

ქიშმარია გატაცებულთა და დაღუპულთა ქართული მხარისთვის გადაცემის წინააღმდეგია და ამ დანაშაულის გამოძიებას ცდილობს, რომლის ჩამდენებიც იმ შემთხვევაში დაისჯებიან, თუ ისინი ქართველები აღმოჩნდებიან. იგი სხვა მიზეზებსაც ასახელებს, კერძოდ კი, ამბობს, რომ შეიძლება დაღუპულები სულაც არ აღმოჩნდნენ ქართველები და მათი ამოცნობაა საჭიროო. ასეთ პოზიციას ქართული მხარის წარმომადგენლის, დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის, ავთანდილ იოსელიანის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

[ავთანდილ იოსელიანის ხმა] "მე ვაღიარებ, რომ ესენი არიან ქართველები. პარტიზანები არიან თუ მებრძოლები, ეს ჩემთვის ცნობილი არ არიან. მე ვაღიარებ, რომ ესენი ქართველები არიან და მე ვალდებული ვარ, როგორც ქართველები გადმოვასვენო და მეტი რაღა ვთქვა, ქართველებზე ვერ ვიტყვი, იტალიელები არიანთქო".
ამასობაში ტყვარჩელის რაიონში კიდევ ერთი გატაცება მოხდა. აფხაზ სეპარატისტთა უშიშროების სამსახურების ცნობით, 55 წლის ვინმე ჯინჯოლია ქართველმა პარტიზანებმა გაიტაცეს და შეიძლება ახლა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც იმყოფებოდესო.

ასეთმა დაძაბულმა ურთიერთობებმა არაერთხელ კითხვის ქვეშ დააყენა აფხაზეთის ომის დროს დაღუპულ ქართველ მეომართა ცხედრების გადმოსვენების პროცესის გაგრძელებაც კი. სულ ბოლოს, ორიოდე კვირის წინ ჩაიშალა ბაბუშერას აეროდრომიდან 30-მდე ქართველის გადმოსვენების აქცია. ამის მიზეზად აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების განცხადებები დასახელდა, რომელიც აფხაზ სეპარატისტებს, თბილისში ჩამოსვლის შემთხვევაში, დაპატიმრებით დაემუქრა.

დიდი ძალისხმევის შემდეგ პროცესის განახლება კვლავ მოხერხდა და მოლაპარაკებები ჭუბურხინჯში 8 ოქტომბერსაც გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG