Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ბოშების ტრადიციის წინააღმდეგ


27 სექტემბერს რუმინეთის ქალაქ სიბიუში 600-მდე სტუმარი

შეიკრიბა წვეულებაზე, რომელიც ბოშებს შორის გამორჩეული ავტორიტეტის მქონე ფლორინ ჩოაბამ, რუმინელი ბოშების მეფემ გადაიხადა. იმ დღეს ჩოაბას ქალიშვილი ანა-მარია მასავით ბოშა მიჰაი ბირიტასთან შეუღლდა და ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდებოდა (შესაბამისად, უცხოელი ჟურნალისტების, მათ შორის ჩვენს ყურადღებას არ მიიპყრობდა), რომ არა ერთი გარემოება: ანა-მარია სულ 12 წლისაა და მას, პრაქტიკულად, აიძულეს გათხოვება. ამის გამო 600-კაციან ქორწილს სიბიუში ფართო გამოხმაურება და არცთუ სასიამოვნო გაგრძელება მოჰყვა...

რუმინელი ბოშების ქორწილზე გამოხმაურება მასმედიაში 1 ოქტომბერს გამოჩნდა, როცა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა, ისევე როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებმა რუმინეთის ხელისუფლებას მოუწოდეს, დაიცვას 12 წლის ბავშვის უფლებები. [ემა ნიკოლსონის ხმა] "იმედი მაქვს და მჯერა, რომ რუმინეთის ხელისუფლება დაუყოვნებლივ მოაცილებს საფრთხეს ამ პატარა გოგონას", უთხრა ჩვენს კორესპონდენტს, ეუჯენ ტომიუკს ევროპარლამენტის ბრიტანელმა წევრმა ემა ნიკოლსონმა, რომელიც რუმინელ ბავშვთა მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს და აღშფოთებას ვერ მალავს იმით, რომ დღევანდელ ევროპაში შეიძლება მოხდეს ასეთი რამ: მცირეწლოვანის იძულებით დაქორწინება.

საქმე რომ იძულებას ეხებოდა, ეჭვს არ იწვევს არა მარტო პატარძლის, ანა-მარიას, ან ნეფის ასაკის გამო (ეს უკანასკნელი სულ 15 წლისაა). როგორც იუწყებიან, ანა-მარიამ უარი თქვა მიჰაი ბირიტასთან შეუღლებაზე და ეკლესიიდან გაიქცა. გოგონა საკუთარმა მამამ დააბრუნა ცერემონიაზე. მოგვიანებით, უკვე წვეულების დროს, ნეფის მშობლებმა სტუმრებს აჩვენეს სისხლიანი ზეწარი იმის საბუთად, რომ ახალგაზრდა წყვილს სქესობრივი კავშირი ჰქონდა... არადა, რუმინეთის კანონმდებლობა კრძალავს 15 წლამდე ასაკის ადამიანთან სქესობრივ კონტაქტს, ხოლო 16 წლამდე ქორწინებას.

საქმე არა მარტო ერთი ქვეყნის კანონების დარღვევას ეხება: რუმინეთი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებს მიეკუთვნება, მიერთებულია საერთაშორისო კონვენციებთან ადამიანის უფლებებისა და ბავშვთა დაცვის შესახებ. ევროპარლამენტარ ემა ნიკოლსონის თქმით, ეს კონვენციები რუმინეთში უხეშად დაირღვა: [ემა ნიკოლსონის ხმა] "ეს არის ბავშვთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის უხეში ხელყოფა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა ... ეს არის მიუღებელი მოქმედება, რომლის ხელშეწყობაც არაფრით არ შეიძლება".

კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა რუმინეთის პოლიცია. პოლიციელები ქორწილის დროს იქვე იყვნენ, ოღონდ საგზაო მოძრაობის მოწესრიგებით იყვნენ დაკავებული. მათი ერთი კოლეგა კი - ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი დორუ ვიორელ ურსუ - დედოფლის მაყარში იყო მიწვეული.

ბევრი ადგილობრივი ბოშის თვალში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა: მოზარდების ქორწინებას ბოშებში საუკუნოვანი ტრადიცია აქვს. "მე თვითონ 15-ს ვიყავი ცოლი - 13 წლის გოგო რომ მოვიყვანეო", ამბობს ანა-მარიას მამა. ბოშების ერთ-ერთი ორგანიზაციის მეთაური, ვასილე იონესკუ იმასაც კი მოითხოვს, რომ რუმინეთის მთავრობამ კანონმდებლობა შეცვალოს, რათა ახალგაზრდა ბოშებს აღარავინ დაუშალოს წინაპართა ტრადიციების მიხედვით შეუღლება. მაგრამ ყველა ბოშა ასე არ ფიქრობს: [მადალინ ვოიკუს ხმა] "ზოგმა ბოშამ რომ თქვას კიდეც, ეს ბოშების ტრადიცია არისო, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ბოშებმა მოქცევა უნდა ისწავლონ, უნდა მოერგონ მორალის, განათლების, მოქალაქეობრივი ყოფის გარკვეულ სტანდარტებს, უნდა გამოხატონ საერთო მისწრაფება, რომ მეტი ყურადღება მიექცეს ბოშების პრობლემას.ხოლო მეორე მხრივ, უნდა აჩვენონ, რომ სურთ ფეხი აუწყონ რეალურ ცხოვრებას. ეს აუცილებელია", ამბობს ბოშების წარმომადგენელი რუმინეთის პარლამენტში მადალინ ვოიკუ.

რუმინეთის მთავრობა რთული ამოცანის წინაშე დგას: დასავლეთი მისგან ბოშებში დღეს, ასე ვთქვათ, მავნე ტრადიციების წინააღმდეგ ამოქმედებას მოითხოვს მაშინ, როცა აქამდე ხშირად აკრიტიკებდა, საკმარისად არ ზრუნავ ბოშების ეთნიკური უმცირესობის, მათი ტრადციების დაცვაზეო. მაშ, რა უფრო მნიშვნელოვანია: ადამიანის უფლებების, თუ ერის ტრადიციების პატივისცემა? ბავშვის დაცვა მისთვის ფიზიკურად თუ ემოციურად ნაადრევი სქესობრივი ცხოვრებისაგან, თუ გაჩუმება, რახან საქმე ეროვნულ ტრადიციებს ეხება? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა იოლი საქმე არ არის, მაგრამ ყველა ერისა და საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ პატივისცემას და დაცვას ყველა ტრადიცია არ იმსახურებს. ქართულ ენაზე ალბათ, არავის აუსახავს ისე შთამბეჭდავად კონფლიქტი ადამიანურობასა და ზოგ ტრადიციას შორის, როგორც ვაჟა ფშაველას - თუნდაც "ალუდა ქეთელაურში".

მაგრამ ისევ რუმინეთს დავუბრუნდეთ: [ემა ნიკოლსონის ხმა] "ტრადიციას, როგორც ასეთს, არსებითი მნიშვნელობის ღირებულება არა აქვს, გარდა ისტორიული ღირებულებისა. მაგრამ ზოგ ტრადიციაზე, საბედნიეროდ, უარს ვამბობთ. და როცა ერთი მცირეწლოვანი ბავშვი მეორე მცირეწლოვან ბავშვს აუპატიურებს იმის გამო, რომ ეს მათ მშობლებს, მათ სათვისტომოს სურთ - ეს ტრადიცია კი არა, ბავშვებისადმი სისასტიკის სამარცხვინო გამოხატულებაა ", ამბობს ევროპარლამენტარი ემა ნიკოლსონი, რომლის აზრს იზიარებს ევროკომისარი დასაქმებისა და სოციალურ საკითხებში ანა დიამანტოპულო. მან წელს, ივლისში მოუწოდა ევროპელ ბოშებს, ბოლო მოუღონ ბავშვების წაქეზებას, იმათხოვრონ, აგრეთვე გოგონების გაყიდვას საპატარძლოებად. ისევ ანა-მარიას თუ დავუბრუნდებით - ის 7 წლის იყო, როცა საკმაოდ ძვირად, როგორც ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, 500 ოქროს მონეტად მიჰყიდეს მიჰაი ბირიტას, შეძლებული ბოშების მაშინ 10 წლის შვილს...

მაგრამ ასეთ წეს-ჩვეულებებთან გამოთხოვებას, ბოშათა უფლებების დამცველი ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენლის, კოსტელ ბერკუსის შეფასებით, კიდევ დიდი ხანი არ უნდა მოველოდეთ, ვინაიდან მენტალიტეტის შეცვლას, როგორც ყველგან და ყოველთვის - დრო სჭირდება. [კოსტელ ბერკუსის ხმა] "ჩვენ, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფი არ ვაქეზებთ ასეთ წეს-ჩვეულებებს, რადგანაც ბავშვს განსაკუთრებული სტატუსი აქვს - ბავშვი სახელმწიფოს მხრივ საგანგებო ყურადღებით უნდა სარგებლობდეს. მაგრამ მენტალიტეტის შეცვლა არის პროცესი, რომელიც ყოველი ჩვენგანისაგან, როგორც ბოშების სათვისტომოს, ისე საზოგადოებრივი უწყებებისაგან, მეტ ძალისხმევას მოითხოვს".

მაგრამ დრო არ ითმენს - პირველ ოქტომბერს ევროკომისიამ დაგმო რუმინეთი ბოშათა ქორწილის წინააღმდეგ უმოქმედობის გამო, ევროკომისარმა ანა დიამანტოპულომ კი აღნიშნა, რომ თუ რუმინეთს ევროკავშირში გაწევრიანება სურს - რუმინეთს კი, როგორც ცნობილია, აქვს ასეთი სურვილი და მისი გაწევრიანება 2007 წელს არის მოსალოდნელი - მან უკეთ უნდა იზრუნოს ადამიანის უფლებების დაცვაზე; ხოლო რაც შეეხება ტრადიციებისა და ადამიანის უფლებებს შორის ურთიერთმიმართებას, როცა ლაპარაკია მათ შორის კონფლიქტზე, უპირატესობა ადამიანის უფლებებს უნდა მიენიჭოს.

რუმინეთში ასეც მოიქცნენ - ბავშვთა დაცვის უწყებამ გასცა განკარგულება, რომლის შესაბამისად 12 წლის ანა-მარიამ და 15 წლის მიჰაიმ ისევ ცალ-ცალკე უნდა იცხოვრონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ თუ ისევ ტრადიციებმა იმძლავრა, მათ ბავშვთა თავშესაფარში მოათავსებენ.
XS
SM
MD
LG