Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ტერმინატორი" გუბერნატორი გახდა


კალიფორნია მოსახლეობის რაოდენობით აშშ-ის უდიდესი შტატია - მასში 34 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მათგან სამშაბათს 10 მილიონი მონაწილეობდა ვადამდელ არჩევნებში,

რომელშიც უმრავლესობამ მხარი დაუჭირა კალიფორნიის გუბერნატორის გადაყენებას და მის ნაცვლად ახალი გუბერონატორი აირჩია: ეს არის ყოფილი კულტურისტი და ამჟამინდელი კინოვარსკვლავი - კაცი, რომელსაც პოლიტიკის სფეროში გამოცდილება, პრაქტიკულად, არ გააჩნია. თუ ვისზეა ლაპარაკი - მსმენელმა, ალბათ, უკვე იცის...

[გრეი დევისის ხმა] "დღეს საღამოს ხალხმა გადაწყვიტა, რომ დროა სხვამ იმუშაოს ამ თანამდებობაზე და მე ვემორჩილები მის გადაწყვეტილებას. სულ რამდენიმე წუთია, ტელეფონით დავუკავშირდი არნოლდ შვარცენეგერს და მას გუბერნატორად არჩევა მივულოცე". ეს სიტყვები სამშაბათს წარმოთქვა დემოკრატიული პარტიის წევრმა გრეი დევისმა - კალიფორნიის გუბერნატორებიდან პირველმა, რომელიც ვადაზე ადრე, საგანგებო კენჭისყრის შედეგად გადააყენეს. გამარჯვება კი მთელს მსოფლიოში სახელგანთქმულ არნოლდ შვარცენეგერს ერგო. ერთი ის არის, რომ მისი დიდება აქამდე პოლიტიკას კი არა, სპორტსა და კინოს უკავშირდებოდა.

ავსტრიაში დაბადებული შვარცენეგერის თავბრუდამხვევი კარიერა კულტურისტობით დაიწყო. მან "მისტერ სამყაროს" წოდება მოიპოვა და შთამბეჭდავი ფიზიკური მონაცემების წყალობით ჰოლივუდის ყურადღებაც მიიპყრო: ფილმებმა "კონანი, ბარბაროსი" და "ტერმინატორი" არნოლდ შვარცენეგერი მეგავარსკვლავი გახადა, კალიფორნიელი ამომრჩევლების ნებამ კი ის უკვე ახალ სიმაღლეებზე აიყვანა: როგორც კი დადასტურდება სამშაბათის არჩევნების შედეგები, 56 წლის არნოლდ შვარცენეგერი კალიფორნიის გუბერნატორის პოსტზე მუშაობას შეუდგება. [არნოლდ შვარცენეგერის ხმა] "მინდა ასევე, მადლობა გადავუხადო კალიფორნიელებს. ამ ქვეყანაში ჩემი ჩამოსვლის დღიდან ხელი გამომიწოდეთ, მიმიღეთ. წინ გადამიშალეთ შესაძლებლობები - ურიცხვი შესაძლებლობა. ყველაფერს კალიფორნიას ვუმადლი", ასე მიმართა კენჭისყრაში გამარჯვებულმა კალიფორნიელებს, რომელთაგან კინოვარსკვლავს, წინასწარი ინფორმაციით 1,4 მილიონამდე ამომრჩეველი მიემხრო. მეორე ადგილზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატი გავიდა 924 000-მდე ხმით. შვარცენეგერი კი მართალია, რესპუბლიკური პარტიის წევრია (ანუ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის თანაპარტიელი), მაგრამ ცოლით კენედების ოჯახს, გავლენიან დემოკრატებს ენათესავება და სამშაბათის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ალბათ, საკუთარი ოჯახის ამ პარტიული მრავალფეროვნების გამოც გამოთქვა შემდეგი სურვილი: [არნოლდ შვარცენეგერის ხმა] "მინდა კანტაქტის დამყარება რესპუბლიკელებთან, დემოკრატებთან, დამოუკიდებლებთან; იმათთან, ვინც ვადამდელ არჩევნებს მიემხრო და ვინც არ მიემხრო; იმათთან, ვინც დღეს მხარი დამიჭირა და ვინც არ დამიჭირა. მინდა კონტაქტი დავამყარო ყველასთან - ახალგაზრდასთან და ხანდაზმულთან, მდიდართან და ღარიბთან, ყველა რელიგიის, ყველა რასის, ყველა ეროვნების ადამიანებთან. მინდა ვიყო ხალხის გუბერნატორი, ვიყო ყველას წარმომადგენელი..."

შვარცენეგგერის წინასაარჩევნო პროგრამა გულდაწყვეტილს მართლაც არავის სტოვებს: ის აბორტის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ თან მიზანშეწონილად მიიჩნევს მშობლების თანხმობას, როცა აბორტის გაკეთებას მცირეწლოვანი აპირებს; ის ემხრობა იარაღის აკრძალვას და თან არ არის იარაღის ტარების წინააღმდეგი; მას სოციალური სფეროში მეტი ფულის ჩადება სურს და თან არ აპირებს გადასახადების გაზრდას...

როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი დონ ჰილი ამბობს, ძნელი სათქმელია, ნიშნავს თუ არა არნოლდ შვარცენეგერის გამარჯვება ამომრჩევლის რესპუბლიკელებისაკენ გადახრას შტატში, რომელშიც აქამდე დემოკრატებს უფრო სწყალობდნენ. შესაძლოა, კალიფორნიელებს, უბრალოდ მობეზრდათ საბიუჯეტო პრობლემები: ეს პრობლემები უკვე 8 მილიარდი დოლარის დეფიციტშია გადაზრდილი! და თუ მათ ვერც რესპუბლიკელი შვარცენეგერი გაუმკლავდა, ზიანისაგან არც რესპუბლიკელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია იქნება დაზღვეული.

ამასობაში კი ავსტრიაში, სადაც არნოლდ შვარცენეგერი 21 წლის ასაკამდე ცხოვრობდა, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა კალიფორნიის გუბერნატორის არჩევნებს - " თითქოს ყველა გუბერნატორად აგვირჩიესო ", აღტაცებას ვერ მალავდა ავსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რადიოგადაცემის წამყვანი.
XS
SM
MD
LG