Accessibility links

რა შეცვალა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაზე საერთაშორისო ზეწოლამ?


ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის მსოფლიო ბანკმა, გაერთიანებული ერებისა და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციებმა გააფართოვეს თავიანთი

მოღვაწეობის არეალი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რათა რეგიონების ქვეყნებს გარდამავლი პერიოდის სიძნელეების დაძლევაში დახმარებოდნენ. მაგრამ ამისდა მიუხედავად, ამ ქვეყნების მომავალთან დაკავშირებული ბევრი შეკითხვა ჯერ კიდევ ღიად რჩება, რაც ჰარვარდის უნივერსიტეტში ამ დღეებში გამართულმა ჯგუფურმა განხილვამაც ცხადყო. მას ჩვენი რადიოს თანამშრომელი ბეატრიჩე ჰოგანიც ესწრებოდა, რომლის მიერ მომზადებულ მასალასაც ახლა გაგაცნობთ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცენტრალურ აზიასა და კავაკასიაში უამრავმა გავლენიანმა საერთაშორისო მოღვაწემ, ფინანსურმა ინსტიტუტმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მრავალეროვნულმა ფირმებმა მოიყარეს თავი. მაგრამ ძნელი სათქმელია, შეძლეს თუ არა მათ ამ რეგიონებში ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებთან დაკავშირებული თავიანთი მიზნების მიღწევა. ბევრი საზომით, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესი შეინიშნება: იზრდება სიღარიბე, ხელისუფლება სულ უფრო მეტად იხრება ავტორიტარიზმისკენ და მოუგვარებელია რამდენიმე სეპარატისტული კონფლიქტი.

სწორედ ამ პრობლემებზე მსჯელობდნენ რეგიონის წამყვანი ანალიტიკოსები, რომლებმაც გასულ უქმეებში შტატ მასაჩუსეტში მდებარე ჰარვარდის უნივერსიტეტში მოიყარეს თავი. უზბეკეთში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი დევიდ პირსი მიიჩნევს, რომ ცენტრალურ აზიას ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ბალკანეთს და ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციების დაინტერესებაც შესაბამისი უნდა იყოს.

[დევიდ პირსის ხმა] " საერთაშორისო ინსტიტუტებმა, პირველ ყოვლისა, გრძელვადიანი გეგმა უნდა შეიმუშავონ - ისეთი, როგორიც იყო ჩრდილო-აღმოსავლეთი ევროპის სტაბილურობის აქტი, რომელმაც, თავის მხრივ, ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების პრესპექტივა შეუქმნა".

თუმცა, კარნეგის ფონდის წამყვანი ანალიტიკოსის, მართა ბრილ ოლკოტის თქმით, საერთაშორიოსო ინსტიტუტებმა ხელიდან გაუშვეს შესაძლებლობა მძლავრი ზეგავლენის შედეგად ფართო კალაპოტში წარემართათ ცვლილებები ცენტრალური აზიის რეგიონში.

[მართა ოლკოტის ხმა] "დასავლეთის საზოგადოება თავდაპირველად მოუმზადებელი აღმოჩნდა იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ძლიერი ზეგავლენის მოსახდენად მაქსიმალური პოტენცია გაგვაჩნდა. და ამ შესძლებლობების ხელიდან გაშვებით, რომელიც დამოუკიდებლობის პირველ ორ წელიწადში ჰქონდათ დასავლეთის საზოგადოებებს, მათ დაკარგეს ზეგავლენა შედეგებზე".

აქედან გამომდინარე, ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერები საერთაშორისო საზოგადოებას ნაკლებ ანგარიშს უწევენ და პირდაპირ აცხადებენ, რომ მათ სხვებზე უკეთ იციან, თუ როგორ მიხედონ საკუთრი ქვეყნების პრობლემებს.

კვლავაც დიდ თავსატეხს წარმოადგენს ე.წ. გაყინული კონფლიქტები, რომელთა მოგვარებაში საერთაშორისო ინსტიტუტები სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან.
მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლევონ ტერ პეტროსიანის მრჩეველი ჟირაირ ლიპარიტიანი მიაჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებების მზარდი ჩარევა ზოგჯერ ხელს უშლის რეგიონული კონფლიქტების მოგვარებას. მას მხედვლობაში აქვს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა მეტად ფასეული ფორუმი, რათა ორი მხარე ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეეხვედრებინა. მაგრამ ლიპარიტიანის თქმით, მოლაპარაკების პროცესი, როდესაც არ არსებოს თანამიმდევრულობა და მიზანსწარაფულობა, სინამდვილეში მხოლოდ აფართოებს ჩიხს.

[ჟირაირ ლიპარიტიანის ხმა] "მოლაპარაკებების ეს ხანგრძლივი პროცესი და დაუსრულებელი გათვლები, რომელსაც კონფლიქტის მონაწილე მხარეები აკეთებდნენ, კიდევ უფრო შეუვალს ხდის მათ პოზიციებს. ამიტომაც არის, რომ ისეთ კონფლიქტში, როგორიც მთიანი ყარაბაღისაა, თუკი ადრე არ არსებობდა ეთნიკური ან ნაციონალური სიძულვილი, ახლა თქვენ ამას ხედავთ სხვა კონფლიქტებში. ეს კი უკიდურესად ართულებს პოლიტიკური კომპრომისის მიღწევას".

მაგრამ სანამ ასეთი მინი "ცივი ომები" შემაშფოთებლად განაგრძობენ არსებობას, ძირითადი ყინული შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ლღვება. როგორც ერთ-ერთი ექსპერტი შენიშნავს, შეერთებულ შტატებზე 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ყოფილი მტრები ცენტრალურ აზიაში უპრეცედენტო ფორმით თანაარსებობენ. თუ რუსეთი აფართოებს თავის ეკონომიკურ კავშირებს, შეერთებული შტატები განაგრძობს რეგიონში უსაფრთხოების ალიანსების მშენებლობას.
XS
SM
MD
LG