Accessibility links

logo-print

თურქეთის ანტიერაყულ კოალიციას უერთდება


სამშაბათს საღამოს, 358 ხმით 183-ის წინააღმდეგ, თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ ნება დართო ხელისუფლებას, რათა გააგზავნოს სამხედრო ქვედანაყოფი ერაყში. ამ გადაწყვეტილებამ აღაფრთოვანა ვაშინგტონი,

რომელიც ანკარასთან ურთიერთობაში პირველ სერიოზულ წინააღმდეგობას სწორედ ერაყის საკითხში წააწყდა: მიმდინარე წლის მარტში თურქეთის მთავრობამ უარი უთხრა შეერთებულ შტატებს განეთავსებინა თურქულ ბაზებზე 60 000-კაციანი ამერიკული სამხედრო კონტინგენტი. მაგრამ თურქეთის პარლამენტის 7 ოქტომბრის დადგენილებამ პარტნიორებს შორის "ჩატეხილი ხიდი" აღადგინა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი რიჩარდ ბაუჩერი შესაბამისი პათოსით გამოეხმაურა თურქეთის გადაწყვეტლებას.

[რიჩარდ ბაუჩერის ხმა] "ჩვენ მივესალმებით იმას, რომ თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა თურქეთის მთავრობის ინიციატივას, გაგზავნოს ჯარები ერაყში. შეერთებულ შტატებს იმედი აქვს, რომ თურქეთის სამხედრო ნაწილები თავის წვლილს შეიტანენ ერაყის სტაბილიზაციის საქმეში. ჩვენ ვაწარმოებთ მჭიდრო კონსულტაციებს თურქეთის მთავრობასთან ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ერაყში თურქეთის სამხედრო ქვედანაყოფების ყოფნას ეხება".

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოების 60 პროცენტი ჯერ კიდევ ნეგატიურად არის განწყობილი ამ საკითხის მიმართ, რადგან შიშობენ, რომ თურქი სამხედროები ერაყელი პარტიზანების სამიზნედ იქცევიან. ხოლო ზოგიერთმა წამყვანმა თურქულმა გაზეთმა ოთხშაბათს ისიც კი დაწერა, რომ პრემიერ-მინისტრმა ერდოანმა თურქეთის მხარდაჭერა ბუშის ადმინისტრაციას მიჰყიდაო. როგორც ცნობილია, წინა თვეში ვაშინგტონმა 8 მილიარდნახევრის შეღავათიანი სესხი გამოუყო ანკარას ეკონომიკის აღსადგენად.

მაგრამ ოთხშაბათსვე ტელევიზიით გამოსვლისას, ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთს არავითარი ფარული ზრახვა არ ამოძრავებს ერაყის მიმართ და სამხედრო ძალის გაგზავნა მხოლოდ ჰუმანიტარულ მიზანს ემსახურება.

[რეჯებ ერდოანის ხმა] "თურქეთი სწორედ იმ დროს აგზავნის ჯარს ერაყში, როდესაც ეს ქვეყანა დიდი ტრანსფორმაციის პერიოდში იმყოფება და მზარდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარადჭერას საჭიროებს. მაგრამ მეზობლების სამხედრო დახმარების გარეშე ეს ძალისხმევა სრული ვერ იქნება. თურქეთის სამხედრო ნაწილები ერაყში განლაგდებიან არა როგორც საოკუპაციო ძალა, არამედ როგორც ერაყელი ხალხის ძმები და მეგობრები, იმ სულისკვეთებით, რათა გააკეთონ ყველაფერი, რომ ეს გარდამავალი პერიოდი რაც შეიძლება მალე დასრულდეს".

ამასთან, თურქეთი არ მალავს, რომ ამ გადაწყვეტილების საპასუხად ვაშინგტონი გადამჭრელ ზომებს მიიღებს ქურთ მუშათა პარტიის წინააღმდეგ. ანაკარა დარწმუნებულია, რომ ეს ორგანიზაცია, რომელსაც ახლა ქურთისტანის თავისუფლებისა და დემოკრატიის კონგრესი ეწოდება, ერაყ-ირანის ჩრდილოეთ საზღვარზე საწვრთნელ ბაზებს ფლობს. თავის მხრივ, შეერთებულმა შტატებმა ქურთული დაჯგუფებები ტერორისტთა სიაში შეიყვანა და გასულ კვირას დაჰპირდა თურქეთს, რომ მათ წინააღმდეგ ზომებს მიიღებდა. ანკარა ახლა სწორედ ამ პირობის შესრულებას ელოდება და აცხადებს, რომ ჯარებს სწორედ ამის შემდეგ გაგზავნის ერაყში. ცალკე პრობლემას წარმოადგენს ერაყის მმართველი საბჭო, რომლის წევრები ასევე წინააღმდეგნი არიან თურქი სამხედროების გამოჩენისა მათი ქვეყნის ტერიტორიაზე. ასე რომ, სანამ თურქი სამხედროები ერაყის საზღავრს გადალახავენ, ვაშინგტონსა და ანკარას ჯერ კიდევ ბევრი წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევთ.
XS
SM
MD
LG