Accessibility links

ბრიტანელი ბიზნესმენები "თბილავიამშენის" თვითმფრინავებით დაინტერესდნენ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი თბილისის ავიამშენებელი ქარხნის მიერ წარმოებული ბიზნეს-კლასის საფრენი აპარატებით ბრიტანელი ბიზნესმენები დაინტერესდნენ, რომლებიც ამ დღეებში ქარხანას ეწვივნენ და პროდუქცია დგილზე შეამოწმეს.

ქართულ-ამერიკული პროექტი "მავერიკი", რომელიც 5-ადგილიანი თვითმფრინავების გამოშვებას ითვალისწინებს, უკვე პოპულარობას იხვეჭს.
გესაუბრებით ავიამშენებელი ქარხნის პერსპექტივების შესახებ.

დიდი ბრიტანეთის ბიზნესმენთა ჯგუფი 6 ოქტომბრიდან საქართველოს სტუმრობდა და სს ,,თბილავიამშენის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები დაიწყო ამერიკული ,,MAVERICK"-ის ანალოგი ბიზნეს-კლასის 5-ადგილიანი 12 თვითმფრინავის შესყიდვის თაობაზე, რომლებსაც თბილისის ქარხანაში აწყობენ.

ქარხნის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები კონტრაქტის გაფორმების საკითხზე. რაც შეეხება კონტრაქტის ღირებულებას, ქარხანაში მას ჯერჯერობით არ ამხელენ და განმარტავენ, რომ თვითმფრინავების ფასს საბაზრო კანონები ადგენს.

საერთოდ, აღნიშნული კლასის ამერიკული თვითმფრინავის ღირებულება მილიონ დოლარს აღემატება.

ბრიტანელ ბიზნესმენთა ჯგუფი ასევე დაინტერესებულნია ისრაელის ფირმა "ELBIT"-ის დახმარებით თბილისში მოდერნიზებული მოიერიშე ტიპის "სკორპიონის" ყიდვით.

"ავიამშენებლში" აცხადებენ, რომ ამ მოიერიშის მიმართ ინტერესს სხვა ქვეყნებიც იჩენენ.

გარდა მსუბუქი 5-ადგილიანი "მევერიკისა" და მოიერიშე "სკორპიონისა", "თბილავიამშენი" ახლო მომავალში კიდევ ერთ პროექტს განახორციელებს. როგორც ქარხანაში იტყობინებიან, სს "თბილავიამშენისა" და კომპანია "ბოინგის" ერთობლივი პროექტის თანახმად, ახლო მომავალში საქართველოში "ბოინგის" ტიპის თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურეობის სპეციალური ცენტრი გაიხსნება.
ცენტრის გახსნა მიმდინარე წლის ბოლომდეა ნავარაუდევი.

ქართული ცენტრის ბაზაზე მოხდება თვითმფრინავების ტექნიკური დათვალიერება, რემონტი და საწვავით გამართვა.

"თბილავიამშენის" ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ქარხანა უკვე შეუდგა თავისი აეროდრომის მომზადებას "ბოინგების" დასაჯდომად და იგი ევროპული სტანდარტებით იქნება აღჭურვილი.
საქართველოს სამოქალაქო ავიაფლოტის განკარგულებაში ამჟამად სამი "ბოინგ- 737"-ია, მაგრამ ადგილზე მათი მომსახურების პირობების არარსებობის გამო, თვითმფრინავებს პერიოდულად გერმანიაში გზავნიან პროფილაქტიკისათვის.

სერვის-ცენტრის პროექტს თავად საწარმო დააფინანსებს, ხოლო ხარჯებს უცხოური ავიაკომპანიების თვითმფრინავების მომსახურებით აინაზღაურებს.
XS
SM
MD
LG