Accessibility links

logo-print

წინასაარჩევნო კომპრომატების ომი ძალას იკრებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, ხშირდება პოლიტიკური ოპონენტების მიერ ერთმანეთის წინააღმდეგ კომპრომატების გამოყენების შემთხვევები.

ახალ-ახალ ბრალდებებზე პოლიტიკოსები განსხვავებულად რეაგირებენ - ერთნი ოპონენტებს ე.წ. შავი PR-ის გამოყენებაში ადანაშაულებენ, მეორენი კი მოწინააღმდეგეებს პასუხის ღირსადაც არ თვლიან.
მოგითხრობთ, თუ რა კომპრომატებს იყენებენ პოლიტიკოსები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ.

ბოლო დღეების განმავლობაში, ე.წ. შავი PR-ის მსხვერპლის როლში ბლოკი " ბურჯანაძე - დემოკრატები" იქცა, უფრო ზუსტად - ამ ბლოკის ყველაზე მაღალრეიტინგიანი პერსობა, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე: რამდენიმე დღის წინ თბილისის უბნებში წერილები გავრცელდა, რომელშიც პარტიის მხარდაჭერის სანაცვლოდ, ნინო ბურჯანაძე ამომრჩეველს 5 დოლარს ჰპირდება.
8 ოქტომბერს გავრცელებული ცნობებით, ბლოკი "ბურჯანაძე - დემოკრატები" დახურულ სხდომაზე მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის საპასუხო სვლების შეთანხმებას გეგმავდა. სხდომის დასრულებისას გაირკვა, რომ საგანგებო რეჟიმზე გადასული ბლოკი აქციას იწყებს ამომრჩევლის ხმების დასაცავად:
[ნინო ბურჯანაძის ხმა] " ჩვენ ვაცხადებთ ოფიციალურად და მივმართავთ საქართველოს მთელს მოსახლეობას, რომ რომელი პარტიის მხარდამჭერნიც არ უნდა იყვნენ ისინი, მათ შეუძლიათ მიმართონ ჩვენს ოფისს თავისი უმთავრესი უფლების - ხმის მიცემის უფლების აღსადგენად. ასევე, ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს კოორდინირებული ქმედებებისკენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაზუსტდეს სია და არც ერთი ხმა არ დაიკარგოს".
8 ოქტომბერს ბლოკ "ბურჯანაძე - დემოკრატებს" ბრალდებების ახალი ულუფა წაუყენა სამთავრობო ბლოკის "ახალი საქართველოსთვის" სპიკერმა ირინა სარიშვილმა-ჭანტურიამ. მან პრესკონფერენციაზე მისულ ჟურნალისტებს გაზეთ "იზვესტიის" ნომრის ქსეროქსზე გაკეთებული ასლები დაურიგა. გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, პეტერბურგის 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნინო ბურჯანაძე ქართველი და რუსი ხალხების მეგობრობაში შეტანილი წვლილისთვის მედლით დააჯილდოვა. ირინა სარიშვილ-ჭანტურიას უკვირს არა სახელმწიფოს მეორე პირის დაჯილდოება, არამედ ამ ფაქტის გაუხმაურებლობა, მაშინ, როცა სამთავრობო ბლოკის სპიკერის განცხადებით, ამ პარტიის ლიდერები თავმდაბლობაში შემჩნეულნი აქამდე არ ყოფილან. თუმცა, კიდევ უფრო მძიმედ გამოიყურება ირინა სარიშვილი-ჭანტურიას კიდევ ერთი ბრალდება:
[ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ხმა] "ჩვენ ხელთ გვაქვს ის ინსტრუქციები, რომლითაც სარგებლობენ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე და დემოკრატები წინასაარჩევნო პერიოდში და რომლის შინაარსიც ადასტურებს, უკეთეს შემთხვევაში, ძალიან საეჭვო წარმომავლობის PR ჯგუფთან კავშირს ან, უარეს შემთხვევაში - სპეცსამსახურებთან."
წინასაარჩევნოდ რუსეთის სპეცსამსახურებთან აქტიურ თნამშრომლობაში ბრალდება ზურაბ ჟვანიასთვის ახალი არ უნდა იყოს - ამგვარი ბრალდება "ახალმა მემარჯვენეებმა" 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც წაუყენეს პარლამენტის მაშინდელ თვმჯდომარეს. მაშინ "მოქალაქეთა კავშირის" რეფორმატორული ფრთა სასამართლოში ცილისწამების მუხლით საქმის აღძვრასაც გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ სკანდალი მაშინ ჩაცხრა. რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში დადანაშაულებაზე ამჯერად პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ყველანაირ სისულელეს კომენტარს არ გაუკეთებს. თუმცა, საეჭვოა, ამგვარმა რეაქციამ ახალი სკანდალების აგორებას ხელი შეუშლოს.
XS
SM
MD
LG