Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას სთავაზობს ამომრჩეველს პოლიტიკური მოძრაობა "ერთობა"


პოლიტიკური მოძრაობა "ერთობა" თავისი არსებობის მანძილზე პირველად ეცდება 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში 7-პროცენტიანი ბარიერის დაძლევას. მანამდე,

2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში "ერთობის" ლიდერი ჯუმბერ პატიაშვილი ედუარდ შევარდნაძის ყველაზე რეალური კონკურენტი იყო. შესაბამისად, მაშინ სახელისუფლებო მანქანა სწორედ პატიაშვილს დაუპირისპირდა და არჩევნების გაყალბების გზით მას ხმების დიდი რაოდენობა დააკარგვინა. პატიაშვილს იმედი აქვს რომ ამჯერად "ერთობა" ხმების შენარჩუნებას შეძლებს.

ჯუმბერ პატიაშვილის პოლიტიკური მოძრაობა "ერთობა" პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკურ ძალად იწოდება მას შემდეგ, რაც პატიაშვილის მარჯვენა ხელი ალექსანდრე ჭაჭია გახდა. გარდა ამისა, პატიაშვილმა რამდენჯერმე გადადგა ნაბიჯი ჩრდილოელი მეზობლის მიმართულებით. 2002 წელს მოსკოვში ვიზიტისას შევარდნაძის გადაყენების ინიციატივითაც კი გამოვიდა, თუმცა ახლა, წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთთან განსაკუთრებული მეგობრობის კონცეფციით აღარ გამოდის და ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ქადაგებს. როგორც ჩანს, ეს წინასაარჩევნო კონიუნქტურითაა ნაკარნახევი, რადგან მხოლოდ რუსეთთან მეგობრობა ამომრჩეველთა უმცირეს ნაწილსღა თუ ხიბლავს.

[ჯუმბერ პატიაშვილის ხმა] "საქართველო და მისი ორიენტაცია უნდა იყოს იმ ფასეულობებზე და ღირებულებებზე, რაც საქართველოსთვის მისაღები არის. მისაღები არის როგორც დასავლური, ასევე ყველა მიმართულებით ურთიერთობა, განსაკუთრებით მეზობლებთან, განსაკუთრებით რუსეთთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარება და ასევე სამხრეთით და აღმოსავლეთით".

ნეიტრალიტეტის ასეთი, რუსეთთან განსაკუთრებული ურთიერთობის მქონე პოლიტიკის გატარებას საქართველოს გადარჩენისთვის პატიაშვილი აუცილებლობად მიიჩნევს. თუმცა საგარეო პოლიტიკის გარდა, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს გადასარჩენად ელემენტარული სოციალური პირობების მოგვარებაც ესაჭიროება. მე ჯუმბერ პატიაშვილს ვკითხე, თუ რას სთავაზობს მისი პარტია ქართველ ამომრჩეველს.

[ჯუმბერ პატიაშვილის ხმა] " ჩვენ განსაკუთრებულს არაფერს ვთავაზობთ. ვთავაზობთ ყველასთვის მისაღებ წინადადებას - სამართლიანობს აღდგენას, სიმართლეს, პატიოსნებას, კორუმპირებული კლანის მოცილებას ხელისუფლებისაგან და წესრიგის დამყარებას ქვეყანაში. მე წესრიგის დამყარებას იმიტომ ვაქცევ ყურადღებას, რომ წესრიგის დამყარება უნდა მოხდეს იმ ადამიანთა მოშორებით, რომლებმაც აქამდე მიგვიყვანეს".

სანამ პატიაშილი ხელისუფლებიდან კორუმპირებულებს მოიშორებს, მანამდე მისი პარტიის შიგნით არსებული სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთის მოშორებას ცდილობენ. საქმე ისაა, რომ ალექსანდრე ჭაჭიას უკან სამეგრელოში შექმნილი ორგანიზაცია დგას, რომელიც "ერთობის" მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ხოლო "ერთობის" კიდევ ერთი წარმომადგენლის, მამუკა გიურგაძის ზურგს უკან კი "სახალხო პარტიაა". სწორედ ამ ძალებს შორის შეიმჩნევა დაპირისპირება. კერძოდ კი, 7 ოქტომბერს სამეგრელოში ჩასულ პატიაშვილს პირველად პარტიულ ორგანიზაციაში განუცხადეს, რომ მამუკა გიორგაძე საპარლამენტო არჩევნებში "ერთობის" მხარდაჭერით არ უნდა სარგებლობდესო.

[ჯუმბერ პატიაშვილის ხმა] "ბატონი მამუკა გიორგაძე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი ჩვენი ბლოკის სახელით იყრის კენჭს, ამიტომ ის განცხადება ჩემთვის მოულოდნელიც იყო".

პატიაშვილის თქმით, ამ გაუგებრობას წერტილს ალექსანდრე ჭაჭიას განცხადება დაუსვამს, რომლის გამოქვეყნება ორიოდე დღის შემდეგაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგის მიღწევას აპირებს "ერთობა", მის ლიდერს 10 პროცენტამდე ამომრჩევლთა ხმების მიღების იმედს საპრეზიდენტო არჩევნებისას ნაჩვენები შედეგი აძლევს. იმედია, იმავე ხმების რაოდენობის მოგროვებაში პატიაშვილის პარტიას ხელს არ შეუშლის საარჩევნო ბიულეტენში მისთვის განკუთვნილი მეცამეტე ნომერი.
XS
SM
MD
LG