Accessibility links

logo-print

ეკატერინბურგში გერმანია-რუსეთის კონსულტაციები გაიმართა


8 ოქტომბერს რუსეთს ორი დღით ესტუმრა გერმანიის კანცლერი გერჰარდ შროდერი. ასევე 8 ოქტომბერს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში დაიწყო რუსეთ-გერმანიის მეექვსე მთავრობათშორისი

კონსულტაციები. ამ მოვლენებს წინ უძღოდა კიდევ ერთი რუსეთ-გერმანიის ერთობლივი ღონისძიება - ფრანკფურტში წიგნის ბაზრობის გახსნა, რომელსაც რუსეთის პრესის, ტელე-რადიო მაუწყებლობისა და კომუნიკაციების მინისტრი მიხაილ ლესინი ესწრებოდა და რომელსაც ერთი პატარა სკანდალიც ახლდა თან. ეს სკანდალი ნიშანდობლივი იყო.

გერმანია რუსეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორია, რუსეთი კი - გერმანიის მთავარი ენერგომომმარაგებელი. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ორი ქვეყნის პოლიტიკური ურთიერთობისთვის პუტინი-შროდერის დუეტი. პოლიტიკური მეგობრობა იქამდეც მივიდა, რომ მოსკოვის მიერ წარმოებული ომი ჩეჩნეთში მის ჩრდილქვეშ ექცევა ხოლმე. სწორედ ამას ეხმიანება ერთი გაუგებრობა, რომელიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას უკავშირდება. წლევანდელი ბაზრობის უმთავრესი ამოცანა საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის რუსული ლიტერატურის ფართო არჩევანის შეთავაზება იყო. რუსმა ჟურნალისტმა ანა პოლიტკოვსკაიამ კი გამოფენის ორგანიზატორები დაადანაშაულა იმაში, რომ მათ ჩეჩნეთის ომის საშინელებაზე დაწერილი წიგნის ავტორს პოლიტიკური თვალსაზრისით არ მისცეს სახალხო პრეზენტაციის საშუალება. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პოლიტკოვსკაიას წიგნის პრეზენტაციის მომზადება ბოლო წუთას წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოხერხდა.

რუსეთი-გერმანიის კონსულტაციების თემატიკა ეკატერინბურგში მრავალფეროვანია: დაწყებული ერაყითა და ავღანეთით, დამთავრებული ენერგეტიკის სფეროში ახალ პროექტებზე შეთანხმებით. აქვე აღვნიშნავ, რომ 9 ოქტომბერს ხელი მოეწერა რუსეთ-გერმანიის შეთანხმებას გერმანიის სამხედრო პერსონალისა და აღჭურვილობის რუსეთის ტერიტორიის გავლით ავღანეთში ტრანზიტის შესახებ. მოგეხსენებათ, გერმანია მონაწილეობს ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში, რომლის მიზანიც საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერაა. თავის მხრივ, გერმანია რუსეთს სთავაზობს 300 მილიონი ევროთი დახმარებას რუსეთის 120 ატომური წყალქვეშა ნავის გაუვნებელყოფაში.

რაც შეეხება ერაყის თემას, აქ რუსეთი და გერმანია საფრანგეთთან ერთად ვაშინგტონის ოპონენტი ქვეყნების რიგს უდგანან სათავეში. 23-24 ოქტომბერს მადრიდში დაგეგმილია ერაყის საერთაშორისო დონორთა კონფერენცია, რომელში რუსეთის მონაწილეობაზეც პუტინმა ეკატერინბურგში გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა:

[პუტინის ხმა]
"ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ამ კონფერენციაში, ალბათ მეთვალყურის სტატუსით, რადგან გვსურს გავიგოთ რა ხდება ამ სფეროში. მიმაჩნია, რომ ერაყს ნამდვილად სჭირდება დიდი ფინანსური სახსრები, მაგრამ ასევე მწამს, რომ ამ ფონდების ეფექტიანად გამოყენება მხოლოდ პოლიტიკური ვითარების მოწესრიგების შემდეგ შეიძლება."

აქვე უნდა აღნიშნოს კიდევ ერთი, გერმანიის კანცლერთან შეხვედრისას ვლადიმირ პუტინი სამხედრო დოქტრინასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მანამდე, სანამ მსოფლიოში ასეთი პრაქტიკა იარსებებს, რუსეთი იტოვებს პრევენციული სამხედრო დარტყმების განხორციელების უფლებას.

ეკატერინბურგის შეხვედრების ერთ-ერთი უმთავრესი ეკონომიკური საკითხი ახალი სატრანზიტო გაზსადენის მშენებლობა გახლდათ. პუტინმა და შროდერმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ რუსეთი და გერმანია მალე მიაღწევენ შეთანხმებას ბალტიის ზღვის გავლით ახალი გაზსადენის მშენებლობის პროექტის დაწყების შესახებ. თუმცა, ექსპერტთა ერთი ნაწილი ვერ ხედავს ამ 5 მილიარდიანი პროექტის ეკონომიკურ საფუძველს.
XS
SM
MD
LG