Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პარნასში" ეკონომიკური ნაშრომის პრეზენტაცია მოეწყო


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ქართული ეკონომიკური საზოგადოება კვალიფიციური თანამედროვე ნაშრომების დეფიციტს განიცდის. შესაბამისად, ამ სფეროში გამოცემული ყოველი სამეცნიერო პუბლიკაცია თუ წიგნი იმთავითვე

ხვდება დაინტერესებული მკითხველის ყურადღების ცენტრში. გასულ კვირას მაღაზია-სალონმა "პარნასმა" ერთ-ერთი ამგვარი გამოცემის პრეზენტაციას უმასპინძლა. ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატმა ამბროსი გრიშიკაშვილმა საზოგადოებას თავისი ნაშრომი "გზა ევროკავშირისაკენ" წარუდგინა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავის საჯარო გამოსვლებში მუდმივად აფიქსირებს თავის საბოლოო ორიენტაციას ევროკავშირისა და ნატოსაკენ, თავად ერთიანი ევროპის ეკონომიკის შესწავლა და მასში ევროკავშირის რეალური პრეტენდენტების მეურნეობის მონაცემების გაცნობა აქამდე არ მომხდარა. ეს "შავი ლაქა" ორიოდე კვირის წინ ერთგვარად ამოივსო, როდესაც საქართველოსა და სომხეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა ამბროსი გრიშიკაშვილის ნაშრომში "გზა ევროკავშირისაკენ".

გასულ კვირას კი ავტორმა მაღაზია-სალონ "პარნასში" წიგნის პრეზენტაცია მოაწყო. ნაშრომში წარმოდგენილია იმ გარდამავალი ქვეყნების ეროვნული მეურნეობის დახასიათება, რომელთაც მეტ-ნაკლები წარმატებით მოახერხეს დაეძლიათ სოციალიზმიდან კაპიტალიზმზე გადასვლის ურთულესი გზა და რომლებიც უმოკლეს ხანში ევროკავშირის წევრები გახდებიან.

ნაშრომში განხილულია კანდიდატი ქვეყნების ზოგადი მაკროეკონომიკური მდგომარეობა. საბიუჯეტო, ფისკალური, ფინანსური, სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკა მოცემულია დინამიკაში რამდენიმე წლის მიხედვით. განხილულია საინვესტიციო და საგადასახადო გარემო.

საინტერესოა ისიც, რომ ევროკავშირის პრეტენდენტების სტატისტიკური მონაცემების გვერდით წარმოჩენილია ამა თუ იმ პარამეტრში საქართველოს მდგომარეობა, რაც საშუალებას გვაძლევს შევადაროთ, თუ განვითარების რა სტადიაში ვიმყოფებით და რა პერსპექტივა გვაქვს იგივე ერთიანი ევროპის ოჯახში შესასვლელად. თავად ავტორი, ამბროსი გრიშიკაშვილი წიგნის თემატიკას შემდეგნაირად აღწერს:
[ავტორის ხმა] "წიგნი ძირითადად ეძღვნება კანდიდატი ქვეყნების ძირითად სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრების მდგომარეობას. მასში პარალელებია გაკეთებული საქართველოსთან მიმართებაში - თუ რა დონეზე ვართ, სად ვართ და საით უნდა წავიდეს ჩვენი ქვეყანა ამ ეკონომიკური მაჩვენებლების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით".

ნაშრომი ეკონომიკურმა საზოგადოებამ კარგად მიიღო და მას პრესაც გამოეხმაურა. "გზა ევროკავშირისაკენ" გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი საინტერესო ეკონომიკური გამოცემა გახლავთ, ევროკავშირის ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების შეფასების და საქართველოსთან მიმართებაში მისი განხილვის ფაქტობრივად ჯერჯერობით ერთადერთი მცდელობაა და უდავოდ სასარგებლო კვლევაა, რათა მოხდეს იმ მდგომარეობის გააზრება, თუ რა სტადიაში ვიმყოფებით და რა არის გასაკეთებელი, რათა საქართველოც იმ ქვეყნების რიგში ვიხილოთ, რომელთაც წარმატებით შეძლეს ეკონომიკური ფორმაციის ცვლილება და დღეს განვითარებულ სამყაროს სრულფასოვანი წევრები არიან.
XS
SM
MD
LG