Accessibility links

logo-print

თბილისში დაიწყო უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 9 ოქტომბერს ორდღიანი ვიზიტით საქართველოში უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი ჩამოვიდა. ოფიციალური ცნობებით, ვიზიტის დასასრულს 5 ხელშეკრულებას მოეწერება ხელი,

რომლებიც სავაჭრო-ეკონომიკური ორმხრივი ურთიერთობის განვითარების გარდა, ნარკოტიკებთან და ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან ერთობლივ ბრძოლას შეეხება. უზბეკეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრისას განსახილველი საკითხების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიის თანამშრომლები კატეგორიულად უარყოფენ უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტისთვის წინასაარჩევნო მხარდაჭერის მნიშვნელობის მინიჭებას. მოგითხრობთ, თუ სავარაუდოდ რა საკითხებზე იმსჯელებენ პრეზიდენტები.

10 ოქტომბერს პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი საქართველოს ოქროს საწმისით ხელდამშვენებული დატოვებს - პრეზიდენტ შევარდნაძის განკარგულებით, უზბეკეთის პრეზიდენტს დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობაში, ევრაზიის დერეფნისა და "დიდი აბრეშუმის გზის" განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქართველ და უზბეკ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისათვის უცხოელებისთვის დაწესებულ საქართველოს უმაღლეს ჯილდოს - ოქროს საწმისის ორდენს გადასცემენ.
ევრაზიის დერეფანი, დიდი აბრეშუმის გზა, ზოგადად - დიდი სატრანზიტო პროექტები და ენერგომატარებლების მარშრუტები - ქართველ ექსპერტთა ვარაუდოთ, სწორედ ამ საკითხებზე ისჯელებენ საქართველოს და უზბეკეთის პრეზიდენტები დახურულ შეხვედრებზე. გავრცელებული ცნობებით, პრეზიდენტი შევარდნაძე შეეცდება დაარწმუნოს პრეზიდენტი ქარიმოვი, შეუერთდეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობის პროექტს და "შაჰდენიზის" გაზის ტრანსპორტირების პროექტს, მარშრუტით ბაქო-თბილისი-ერზერუმი.
რუსული პრესის ცნობით, ქარიმოვის თანხმობაზე დიდად იქნება დამოკიდებული საუკუნის პროექტის განხორცილებების ტემპები. "საქმე ის გახლავთ, რომ თუ გათვლებმა არ გაამართლა და კასპიის ყურეში მოსალოდნელზე ნაკლები ნავთობი აღმოჩნდა, ნავთობსადენის მშენებლობაზე დახარჯული თანხის კომპენსირებას დასავლური კომპანიები გაზსადენის მაქსიმალური დატვირთვით შეეცდებიან. მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, უზბეკეთის შეერთება პროექტის მნიშვნელობას ერთიორად გაზრდიდა", - წერს "ნეზავისიმაია გაზეტა".
თავისთავად, უზბეკეთიც დაინტერესებულია ევროპაში გაზის ტრანსპორტირებით - უზბეკეთი გაზის სოლიდურ საბადოებს ფლობს. გარდა ამისა, უზბეკეთი დაინტერესებულია ევროპაში ტვირთების გადატანისას ბათუმისა და ფოთის პორტების გამოყენებით. შესაბამისად, პრეზიდენტები საუბრისას მრავალ თემას შეეხებიან.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც, ქართველი ანალიტიკოსების აზრით, აუცილებლად გაიჟღერებს თბილისში გამართულ შეხვედრებზე, სუუამს შეეხება. საქართველო და უზბეჯეთი - ამ რეგიონული გაერთიანების წევრები, განსაკუთრებულ დაინტერესებას გამოხატავენ სუუამის პერსპექტივასთან დაკავშირებით.
ქართული მედიის ცნობებით, საქართველოსა და უზბეკეთის პრეზიდენტების შეხვედრისას განხილული იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მაჰმადიან მესხებს შეეხება. სხვათა შორის, ამ საკითხისადმი ინტერესი ბოლო დღეებში გაამძაფრა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებამ, რომ საქართველო ვალდებულია ხელი შეუწყოს მაჰმადიანი მესხების საქართველოში დაბრუნებას.
XS
SM
MD
LG