Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ჰქვია მონარქისტულ პარტიას არასახელისუფლებო ბლოკი "სამშობლო"


მონარქისტულ-კონსერვატიულმა პარტიამ ამომრჩეველთა მცირე ნაწილს თავი იმით დაამახსოვრა, რომ 13 წლის წინ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა და

კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრებას მოითხოვდა. მოგვიანებით მონარქისტები ედუარდ შევარდნაძესაც დაუპირისპირდნენ, თუმცა ეს იმით დამთავრდა, რომ მათი ლიდერი, თემურ ჟორჟოლიანი იძულებული გახდა ევროპაში მოეთხოვა თავშესაფარი. რამდენიმე წლის შემდეგ, დევნილობიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე თემურ ჟორჟოლიანი იგორ გიორგაძის თანამებრძოლი ხდება და გიორგაძეს საარჩევნო სიის სათავეშიც აყენებს.

ეროვნული მოძრაობის დროს ბაგრატიონთა შთამომავლების საქართველოში ჩამოყვანისა და მონარქიის აღდგენით სახელგანთქმული მონარქისტულ-კონსერვატიული პარტია ახლა იგორ გიორგაძის ჩამოყვანას მოითხოვს. და თუ რატომ, ამ კითხვით მე პარტიის ლიდერს, თემურ ჟორჟოლიანს მივმართე.

[თემურ ჟორჟოლიანის ხმა] "მე მონარქისტი გახლავართ და მონარქიისთვის ვიბრძვი, მაგრამ მონარქია არ აღდგება ქვეყანაში, რომელიც დაინგრევა და გაქრება, რომელიც ტერიტორიას კარგავს, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი ემიგრირებულია. იმ სიტუაციაში, სადამდეც მიიყვანა ქვეყანა ამ ხელისუფლებამ და მისმა ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციამ, პერსპექტივას ვერ ვხედავ არათუ მონარქიის აღდგენის, არამედ ქვეყნის გადარჩენის. და ამიტომ ვფიქრობ, რომ ისეთი ძლიერი პიროვნებები, როგორიც გიორგაძეა, ყველა უნდა დაბრუნდნენ და შეძლონ ქვეყნის გადარჩენა".

სწორედ ასეთი პოზიციისთვის, ანუ ტერორისტობისთვის ძებნილ გიორგაძესთან თანამშრომლობის გამო, ჟორჟოლიანი არაერთხელ გამოიძახეს უშიშროების სამინისტროში. იგი 9 ოქტომბერსაც სტუმრობდა ვალერი ხაბურძანიას უწყებას და მას იგორ გიორგაძის ადგილსამყოფელის გამხელა მოსთხოვეს, თუმცა ჟორჟოლიანი გიორგაძის გათქმას მხოლოდ მისი პარლამენტარის იმუნიტეტით შემოსვის შემდეგ აპირებს.

გიორგაძის ჩამოყვანის გარდა, საქართველოს ეკონომიკას, სოციალურ სფეროს თუ ზოგადად საზოგადოებას მძიმე კრიზისიდან გამოსასვლელად ხელისუფლების კონკრეტული სამოქმედო გეგმა ესაჭიროება. ირკვევა, რომ მონარქისტული იდეების მქადაგებელი თემურ ჟორჟოლიანი ქვეყანაში ეკონომიკის გამოცოცხლებას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას ძველი საბჭოთა სოციალისტური მეთოდებით გეგმავს.

[თემურ ჟორჟოლიანის ხმა] "ეკონომიკური პრიორიტეტები იქნება, მე არაერთხელ მითქვამს, რომ თამბაქოს წარმოება, ალკოჰოლის წარმოება, ტრანსპორტი, თბოენერგეტიკა არის უმეტეს შემთხვევაში სახელმწიფოს მონოპოლია ან, ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფოს დიდი კონტროლის ქვეშ. რატომ არ შეიძლება მოცემულ ეტაპზე საქართველოში გაკეთებულიყო ეს. პრიორიტეტები უნდა დალაგდეს-მეთქი, მე ვამბობ. სახელმწიფოს სერიოზული კონტროლის ქვეშ მოხერხდება შემდეგ ბიუჯეტის გაკეთება და კორუფციის შემცირება".

ამ მარტივი სურვილების განხორციელების ყველაზე ეფექტურ საშუალებად თემურ ჟორჟოლიანს ხელისუფლებისა და საერთოდ პოლიტიკური სპექტრის წმენდა მიაჩნია.

[თემურ ჟორჟოლიანის ხმა] "რეალურად დღეს გამოიკვეთა ოპოზიციონერთა წრე, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა ხელისუფლებასთან ერთად ამ ქვეყნის დანგრევაში. სწორედ ამიტომ ხაზი გავუსვით ჩვენ, რომ ვართ არასახელისუფლებო".

სწორედ ამიტომ ჰქვია მონარქისტულ-კონსერვატიული პარტიის საარჩევნო ორგანიზაციას "არასახელისუფლებო ბლოკი - სამშობლო".
XS
SM
MD
LG