Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამომრჩეველთა მარკირების წინააღმდეგ ახალი ტალღა აგორდა


მიუხედავად იმისა, რომ 2 ნოემბერს ხმის მისაცემად მისული მოქალაქეების მარკირებას პარლამენტის მიერ მიღებული საარჩევნო კოდექსი ითხოვს, ამ პროცედურის ფარული მოწინააღმდეგენი ფარ-ხმალს არ ყრიან.

ინტენსიურად ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, თითქოს საღებავი, რომლითაც მარკირება უნდა ჩატარდეს, განგრენას, ალერგიას, კანის დაავადებებსა და მამაკაცთა შორის იმპოტენციას იწვევს. განსაკუთრებულად მდიდარი ფანტაზიის მქონე ადამიანები მარკირებას ბიბლიურ აპოკალიფსში ნახსენებ ანტიქრისტეს ბეჭედთანაც აიგივებენ.
მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ რამდენად შეეფერება სიმართლეს ყოველივე ზემოჩამოთვლილი.

უცნაურია, მაგრამ მარკირების მავნებლობაზე ინფორმაცია ვრცელდება მაშინ, როცა იმ საღებავის ქიმიური ფორმულა, რომელიც ამომრჩეველს ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე უნდა დაასხურონ, არავინ იცის. ეს ინფორმაცია, როგორც ამას ჩემთან საუბარში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი აცხადებს, მკაცრად გასაიდუმლოებულია.

[ნანა დევდარიანის ხმა] "არავინ არ იცის ამის შესახებ, ეგ იმისთვის სწორედ, რომ გამოირიცხოს ეს მცდელობები, რომ ქართველებს ყველაფერში რაღაც განსაკუთრებულის გამოგონება უნდათ. მთელ მსოფლიოში ამან აპრობირება გაიარა და ყველგან დადასტურებულია, როგორც საუკეთესო საშუალება. ფორმულის გახსნა და თქმა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება".

არადა, ფორმულის გარეშე იმის მტკიცება, რომ საღებავი ალერგიას, კანის დაავადებასა და განგრენას იწვევს, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია. ექიმ გელა არაბიძის თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ ნივთიერების შემცველობას ენიჭება.

[გელა არაბიძის ხმა] "თქვენ იცით, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ხელს ვერ იბანს იმიტომ, რომ ალერგია აქვს. თვითონ ნივთიერების რაობაზეა დამოკიდებული.
ესე იგი, ფაქტიურად, სანამ არ გვეცოდინება რა ნივთიერებასთან გვაქვს საქმე, ძნელია თქმა, ეს მავნეა თუ არა...
რა თქმა უნდა, გააჩნია, როგორი შემადგენლობის იქნება".

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი, ნუგზარ კუპრეიშვილი განათლებით ექიმი არ არის, მან ზედმიწევნით კარგად იცის, თუ რა კატეგორიის ადამიანებს ემუქრება ალერგიის საფრთხე.

[ნუგზარ კუპრეიშვილის ხმა] "ეს მხოლოდ იმათში იწვევს ალერგიას, ვისაც სამართლიანი არჩევნების ჩატარება არ უნდა".

თბილისში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, თითქოსდა, ბაზრობებზე მარკირების წამშლელი სპეციალური ხსნარებია შემოტანილი. ნუგზარ კუპრეიშვილი ამ ჭორსაც იმ ადამიანების მიერ გავცელებულს უწოდებს, რომლებიც მარკირების მნიშვნელობის დაკნინებით არიან დაინტერესებულნი. "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი მოსახლეობას ურჩევს:

[ნუგზარ კუპრეიშვილის ხმა] "ეს საღებავი არცერთ გამხსნელში არ იხსნება და თუ ძალიან მაღალი კონცენტრაციის შემცველ გამხსნელს გამოიყენებენ, მართლაც დაიზიანებენ ჯანმრთელობას და კანს დაიწვავენ".

ყველაზე კურიოზული კი მაინც ალბათ ის არის, რომ პოლიტიკურად აქტიური საზოგადოების ძლიერ ნაწილს მოსალოდნელი სექსუალური უძლურებით აშინებენ. ცესკოს თავმჯდომარე ქართველი მამაკაცების დამშვიდებას ცდილობს:
[ნანა დევდარიანის ხმა] "ბოლოს გამოყენებული იყო კოსოვოში არჩევნებზე.
- და იქ ყველაფერმა მშვიდად და ნორმალურად ჩაიარა?
- რა თქმა უნდა, მშვენივრად და იმის მერე წელიწადია გასული და არავის იმპოტენცია არ დამართნია, უნდა გითხრათ".

კიდევ ერთი მოსაზრება, რომელსაც მარკირების მოწინააღმეგენი აქტიურად ავრცელებენ და მორწმუნე ამომრჩეველს აშინებენ, ეს ფრჩხილზე დასხურებული საღებავის ანტიქრისტეს ბეჭედთან გაიგივებაა. ამასთან დაკავშირებით კომენტარი დეკანოზ დავით შარაშენიძეს ვთხოვე.

[დავით შარაშენიძის ხმა] "ანტიქრისტეს ნიშანსა და ამ მარკირებას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. ეკლესია ამ კავშირს ვერ ხედავს და...
- მაპატიეთ ამ კითხვისათვის: თქვენ მიხვალთ არჩევნებზე და დაასხურებინებთ ხელზე ამ სითხეს?
"ნუ ახლა... ალბათ, კი, რა თქმა უნდა, მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში".
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG