Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება ხელშეუხებელია


დავით პაიჭაძე, თბილისი რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ აამოქმედებს კანონს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ. განცხადება გაკეთდა იმათ გასაგონად, ვის სახელსაც წინასააარჩევნო

პერიოდში ადამიანების შეხლა-შემოხლა და კონფლიქტური შეკრებები უკავშირდება. მსმენელისთვის ცნობილია გადაწყვეტილებაც, გადაიყვანონ პოლიცია ყაზარმულ რეჟიმზე. მოქალაქეთა შეკრებისა თუ მანიფესტაციის დაშლა პოლიციას მაშინ შეუძლია, თუ ეს შეკრება კანონსაწინააღმდეგო ხასიათს იღებს, მაგრამ დაუშალო ადამიანებს მიტინგის ან მანიფესტაციის გამართვა მათ ჩატარებამდე - უკვე უკანონობაა. არადა, საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებენ, რომ სახელმწიფოს ამის უფლება კანონმა მიანიჭა.

მეტი დამაჯერებლობისთვის ოფიციოზურმა გაზეთმა "საქართველოს რესპუბლიკამ", რუბრიკით "დოკუმენტი" გამოაქვეყნა და, ამდენად, მოქალაქეებს შეახსენა საქართველოს კანონი "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ". კანონი 1997 წლის ივნისში მიიღეს. საგულისხმოა, სწორედ ამ დღეებში სხვადასხვა ქართულ ტელეარხზე მიდის სოციალური რეკლამა, რომელიც მოქალაქეებს ეუბნება, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარებას არავითარი წინასწარი ნებართვა არ სჭირდება.

ეს ის შემთხვევაა, როცა ჭეშმარიტება სადღაც შუაში კი არა, არამედ სწორედ ერთ მხარესაა. გაზეთში გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორებმა 5 დღით ადრე უნდა გააფრთხილონ ადგილობრივი მმართველობის ორგანო, ხოლო ორგანოს აქვს უფლება, განსაზღვრული პირობების შემთხვევაში, არ მიიღოს გაფრთხილება და, შესაბამისად, არ დაანებოს მოქალაქეებს შეკრების ჩატარება.
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი ამბობს: "კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება". საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი, თინა ხიდაშელი აღნიშნავს, რომ 97 წელს მიღებული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება მხოლოდ შარშან მოხერხდა. სასამართლომ გააუქმა კანონის მხოლოდ ორი მუხლი.
[თინა ხიდაშელის ხმა] "მთავარ პრობლემას კანონში სწორედ ეს ორი მუხლი ქმნიდა: მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ამბობდა, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს უფლება აქვს არ მიიღოს შეტყობინებაო. ეს ნიშნავს, რომ შეტყობინების გაგზავნა ორმხრივი პროცესია და შენ უნდა მაცნობო, მიიღე თუ არა ის. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ეს არაკონსტიტუციურია და ხსენებული მუხლი, ფაქტიურად, ადგენდა სანებართვო სისტემას, რაც კონსტიტუციით აკრძალულია. არ შეიძლება ნებართვის თხოვნა შეკრებისა და მანიფესტაციის ჩასატარებლად".
გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში" კი გამოქვეყნდა კანონის ის ვარიანტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მოქმედებდა. გამოქვეყნებულ ტექსტში არ უნდა იყოს ის მუხლები, რომლებიც სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად სცნო. ამ გაზეთის გამოწერა სავალდებულოა მმართველობის ორგანოებისა და მთელი რიგი სახელმწიფო დაწესებულებებისათვის. პუბლიკაციამ შეიძლება მისი მკითხველები შეაცდინოს და აფიქრებინოს, რომ საქართველოში შეკრება-მანიფესტაციების ჩატარებას სახელმწიფოს ნებართვა სჭირდება. მეორეც, კანონის ძველი ვერსია ძალაში რომც იყოს, წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებს საარჩევნო კოდექსი, რომელსაც, როგორც ორგანულ კანონს, ჩვეულებრივ კანონთან შედარებით, უპირატესი ძალა აქვს. საარჩევნო კოდექსიც შეკრება-მანიფესტაციების ორგანიზატორთა მხრივ მხოლოდ წინასწარ შეტყობინებას ითვალიწინებს და არავითარ შემთხვევაში - ვინმეს ნებართვას მათ ჩასატარებლად.
XS
SM
MD
LG