Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და მაჰმადიან მესხთა რეპატრიაციის პრობლემა


საქართველოდან დეპორტირებული მაჰმადიანი მესხების ისტორიულ სამშობლოში რეპატრიაციის 12-წლიანი გრაფიკი 1999 წელს შემუშავდა. მას შემდეგ მეოთხე წელი ისე მიდის, რომ რეპატრიაციის

შესახებ კანონიც კი არ არის მიღებული. ევროსაბჭოს წინშე ნაკისრი ვალდებულების მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ფრთხილი რჩება. ვალდებულების შესრულებზე უარი არ ცხადდება, თუმცა მიიჩნევა, რომ მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის საკითხი საქართველომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, იძულებით გადაადგილებული ადამიანების საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებისა და გაძლიერების შემდეგ უნდა გადაჭრას. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს წარმომადგენელი არმაზ ახვლედიანი, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა სტრასბურგიდან, ამბობს, რომ ევროსაბჭოში საქართველოს პოზიციას გაგებით ეკიდებიან.
გესაუბრებით მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის პრობლემაზე.

1944 წელს სტალინის რეჟიმის მიერ თურქებად ცნობილი მაჰმადიანი მესხები ჯერ სამხრეთ საქართველოდან, შემდეგ კი აჭარიდან გაასახლეს და ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის გზას გაუყენეს. ამ ადამიანების დევნა ამით არ დასრულებულა. ფერგანის ცნობილმა მოვლენებმა საქართველოდან დეპორტირებული ათასობით მესხი აიძულა კიდევ ერთხელ აყრილიყო და თავი სხვა ქვეყნებისთვის შეეფარებინა. მათი ერთ-ერთი ყველაზე კომპაქტური დასახლება რუსეთის სამხრეთში, კრასნოდარის მხარეში შეიქმენა. ცნობილია, როგორ ავიწროვებენ მათ იქ და ცნობილია ისიც, თუ როგორ უყურებენ მათ პრობლემას მათსავე ისტორიულ სამშობლოში.

რატომ უფრთხიან საქართველოში ასე მესხების დაბრუნებას, ამაზე ოდნავ ქვემოთ. მანამდე კი მოკლედ იმის შესახებ, თუ რა შედეგებით დასრულდა ევროპის საბჭოს სხდომაზე დეპორტირებულთა საკითხის მორიგი განხილვა, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველის წარმომადგენელი არმაზ ახვლედიანი ესწრებოდა. განხილვაზე თავად მაჰმადიან მესხებს გვარად ბარბაქაძე წარმოადგენდა. მისი გამოსვლა იყო კონსტრუქციული. მას არ გამოუთქვამს პრეტენზია საქართველოს ხელისუფლების მიმართ. მან პრეტენზიები კრასნოდარის მხარეში მაჰმადიანი მესხების დევნის გამო გამოითქვა. არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ სტრასბურგში ყურად იღეს ეს პრეტენზიები და მაჰმადინი მესხების პრობლემისადმი საქართველოს პოზიციასაც გაგებით მოეკიდნენ.

[არმაზ ახვლედიანის ხმა] " ევროპის საბჭოში გაგებით ხვდებიან ჩვენს ამ მიდგომას, ჩვენს გულისტკივილს. არავინ არ უარყოფს, რომ ეს საკითხი უნდა მოგვარდეს, ის ხალხი, ვისაც აქვს დაბრუნების სურვილი, უნდა დაბრუნდეს, მაგრამ დღეს მთავარი ამოცანა, რომელსაც ევროსაბჭო აყენებს არის ასეთი - ხელი შევუწყოთ მესხების უფლებების დაცავას იმ ქვეყნებში, სადაც ისინი ცხოვრობენ. განსაკუთრებით კი რუსეთში".

საქართველო ვალდებულებას შეასრულებს მაშინ, როცა აღდგება მისი ტერიტორიული მთლიანობა, როცა აქ აღარ იარსებებს ადგილობრივი დევნილების პრობლემა, როცა ქვეყანა ეკონომიკურადაც მოძლიერდება - დაახლოებით ასეთია მიდგომა, რომელსაც არმაზ ახლედიანის თქმით, ევროსაბჭოში გაგებით ხვდებიან. საინტერესოა, რომ მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის საკითხისადმი ასეთ დამოკიდებულებას იზიარებენ იმ პოლიტიკურ გუნდში, რომლის გადასვლა ხელისუფლების ოპოზიციაში ევროპული ღირებულებებისდამი ხელისუფლების გაცივებამ განაპირობა. "გაერთიანებული დემოკრატების" წარმომადგენელი ელენე თევდორაძე ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესახებ ამბობს:

[ელემე თევდორაძის ხმა] "მე ვიცი, რომ საფრანგეთს დღემდე არ შეუსრულებია წლების წინ მიღებული რეკომენდაციები, მაგრამ ამისგან ტრაგედიას არავინ არ ქმნის. ჩვენი რეკომენდაციაც ძალაში რჩება. საქართველო როცა ჩათვლის, რომ ეს ადამიანები ჩამოსახლების შემთხვევაში ღირსეულ ადგილს დაიკავებენ ჩვენ ქვეყანაში, იზრუნებს კიდეც მათზე".

მაჰმადიანი მესხების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების მოთხოვნის მიმართ არსებობს გაცილებით მკვეთრი მოსაზრებები. გარკვეული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები მესხების რეპატრიაციის შესახებ ვალდებულების აღებას დანაშაულად აფასებენ და საზოგადოებაში აღვივებენ შიშს იმ პროცესისადმი, რომელმაც უნდა დაადასტუროს, რომ საქართველოსთვის სულ ერთი არ არის, აღდგება თუ არა ისტორიული სამართლიანობა. როდის მოხდება ეს, ძნელი სათქმელია. რეპატრიაციის შესახებ კანონი ჯერ კიდევ არ არსებობს. კანონპროექტი კი ევროსაბჭოს ექსპერტების დასკვნით, ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება. პოლიტიკოსები, რომლებიც პროდასავლურობაზე დებენ თავს, ითვალისწინებენ საზოგადოებრივ აზრს და ერიდებიან მაჰმადიანი მესხების თემაზე განსხვავებული აზრის გამოთქმას. მათი შიში ქულების ანუ ხმების დაკარგვის შიშიდან უნდა მოდიოდეს. რაც შეეხება შიშს, რომელიც მოსახლეობაში, პირველ რიგში კი, მესხეთის მოსახლეობაში არსებობს - ეს არის შიში იმისა, რომ მათ წაართმევენ მიწებს და ჩამოსახლებულებს გადასცემენ, რომ ჩამოსახლებულები განსაკუთრებული პრივილეგიებით ისარგებლებენ. ეს არის შიში გამოყოლილი ეპოქიდან, როცა ათასობით ადამიანის გადასახლების გასამართლებლად შექმენს მითი ამ ადამიანებზე, რომ ისინი უაღრესად საშიშნი არიან.
XS
SM
MD
LG