Accessibility links

logo-print

ნობელის პრემია, "ალტერნატიული" და "ნამდვილი"


ამ დღეებში გამოქვეყნდა ნობელის პრემიის წლევანდელი

ლაურეატების ვინაობა. ამ პრემიის ავტორიტეტი ცნობილია და მისი ლაურეატები, განსაკუთრებით ლიტერატურის დარგში, პოპულარული და, სულ მცირე, აღიარებული და წარმატებული პიროვნებები არიან ხოლმე. ამასთან, ნობელის პრემია უკვე საუკუნეზე მეტი ხანია არსებობს და ცოტა მოიპოვება საყოველთაოდ ცნობილი მწერალი თუ მეცნიერი, მისი ლაურეატი რომ არ გამხდარიყო. არ ვიცი, ცნობილია თუ არა საქართველოში ეგრეთ წოდებული ალტერნატიული ნობელის, ასევე შვედური პრემიის არსებობა. ამ პრემიას, რომლის ფულადი ნაწილი მცირეა ნამდვილი ნობელის თანხაზე, გასცემს "მართებული ცხოვრების ფონდი", რომელიც 1980 წლიდან არსებობს. მისი ჟიური საერთაშორისო შემადგენობისაა. მასში შვედი, გერმანელი, ვენესუელელი, ინდოელი, მავრიტანიელი კანონმდებლები, დიპლომატები და მკვლევრები შედიან. ამ პრემიის ყველაზე ცნობილი ლაურეატია საბავშვო და ახალგაზრდული წიგნების დიდოსტატი მწერალი ასტრიდ ლინდგრენი. მე ტელეფონით დავუკავშირდი ნობელის პრემიის ფონდს. ალბათ, ცოტა პროვოკაციული იყო შეკითხვა, რომელიც ფონდის თანამშრომლს - მედიასთან ურთიერთობის სფეროს გამგებელს, კამილა კავალიუსს დავუსვი: შეიძლება თუ არა, რომ სხვა მსგავს ორგანიზაციას ასევე ნობელის პრემიას უწოდებენ. შვედი ქალბატონის ხმის ჩაწერა არ მოხერხდა. მან თქვა, რომ ნობელის ერთი პრემია არსებობს მხოლოდ და რომ ამ ორ პრემიას და ორგანიზაციას არაფერი აკავშირებთ. სხვა მხრივ ალტენრატიული ნობელის პრემიის შესახებ მან კომენტარი არ გაკეთა.
კეთილგანწყობილი იყო შვეციის ქალაქ სელგორას ვისკადალენის უმაღლესი სასწავლებლის დოცენტი ბუსე შარპინგი, რომელსაც ამავე სკოლაში პრაქტიკაზე მყოფი ნათია გოკიელის საშუალებით დავუკავშირდით. ბუსე შარპინგი მოკლედ ასე აღწერს ფონდის დაარსების ამბავს:
[შარპინგის ხმა] "ალტერნატიული პრემიის ინიციატორი ახალგაზრდა შვედი იყო, რომელმაც საფოსტო მარკების გაყიდვით ფული აიღო და გადაწყვიტა დაეარსებინა ორგანიზაცია, რომელსაც უწოდა "მართებული ცხოვრების ფონდი". მას არ უთქვამს, რომ ეს ალტერნტიული ნობელის პრემიაა, ეს შვეციის მასმედიამ დაარქვა ფონდს".
ფონდის პრემია 200 ათას დოლარზე მეტი ოდენობისაა. მისი დამაარსებელი შვედი ფილატელისტი და ჟურნალისტი, ერთ დროს ევროპის პარლამნეტის წევრი იაკობ ფონ იუქსკიულია. შარპინგმა ასე განმარტა მისი მოტივი, როცა ფონდს ფული შესწირა:
[შარპინგის ხმა] "მიზეზი ამ ფონდის შექმნისა ის იყო, რომ ნობელის პრემიას იღებდნენ აღიარებული მეცნიერები, დამაარსებელს კი სურდა პრემია მისთვის მიეცა, ვინც სხვადასხვა ქვეყნებში ხალხისთვის უკეთესი პირობების შექნაზე მუშაობდა. ნობელის პრემიას ევროპელები, რუსეთის თუ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები იღებენ ხოლმე, მას კი სურდა, რომ აფრიკაშიც, აზიასა და სხვაგანაც ყოფილიყვნენ ასეთები". რაც შეეხება ლაურეატებს(ნობელის ნამდვილ პრემიებზეა ლაპარაკი), მათ შორის წელს ამერიკელები დომინირებენ, მათთან ერთად არიან ბრიტანელი, ასევე რუსეთის სამეცნიერო სკოლის წარმომადგენლები. ლიტერატურის დარგში, როგორც ცნობილია, წელს ნობელის პრემიის ლაურეატი სამხრეთაფრიკელი მწერალი ჯონ მაქსუელ კუციე გახდა. ამ პრემიისგან განსხვავებით, შვეციაში ალტერნატიული პრემიის შესახებ, როგორც შვედი მასწავლებელი ამბობს, ცოტა იციან.
[შარპინგის ხმა] "მე ვიტყობდი, რომ, საერთოდ,შვედებმა არ იციან, რა არის ალტერნატიული ნობელის პრემია, მასზე მასმედიაში ლაპარაკობენ, პრემიას გასცემენ, მაგრამ თუკი ქუჩაში ხალხს ჰკითხავთ, ალბათ 25 პროცენტს არაფერი ექნება მის შესახებ გაგონილი. მაგრამ ყველამ იცის, რა არის ნობელის პრემია, ის უკვე დიდი ხანია არსებობს".
დროა ეგრეთ წოდებული ნობელის ალტერნატიული პრემიის ლაურეატებიც გაგაცნოთ. ესენი არიან ახალ ზელანდიის, ფილიპინების, სამხრეთი კორეის და ეგვიპტის წარმომადგენლები და ადამიანთა ჯგუფები. მათ შორის პირველ რიგში ასახელებენ ახალი ზელანდიის ყოფილ პრემიერ- მინისტრს დევიდ ლანგეს, რომელიც ბირთვული იარაღისგან მსოფლიოს განთავისუფლებისთვის იბრძოდა წლების განმავლობაში. აქვე გეტყვით, რომ ბირთვული იარაღის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ნობელის პრემიის ლაურეატებმა გამოხატეს 1955 წელს.
"მართებული ცხოვრების ფონდმა" თავის პრემია 2003 წელს მიანიჭა, აგრეთვე, ფილიპინელებს - ვალდენ ბელოსა და ნიკანორ პერლასს, რომლებმაც პრემია, როგორც ჟიურის დასკვნაში წერია, კორპორაციული გლობალიზაციის ეფექტის და მისი ალტერნატიული ვარიანტების განხორციელების თაობაზე სამოქალაქო საზოგადოების გათვითცნობიერების საქმეში განსაკუთრებული ძალისხმევისთვის მიიღეს.
სამხრეთ კორეაში 1989 წლის შემდეგ იბრძვის "ეკონომიკაში სამართლიანობის მოქალაქეთა კოალიცია" ამ ქვეყნის ეკონომიკის უფრო სამართლიანი და დემოკროტიული განვითარებისთვის. წელს ეს ჯგუფიც ნობელის ალტერნატიულ პრემიად წოდებული ჯილდოს ლაურეატი გახდა.
ეგვიპტეში 1977 წლიდან არსებობს სეკემის სახელით ცნობილი გაერთიანებია, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან ერთად სოციალური ცხოვრების, სოფლის მეურნეობის, მედიცინის და ეკონომიკის, ასევე ხელოსნების სფეროებში ახლებურ გზას ადგას. სეკემი ქაიროს მახლობლად მდებარეობს და მისი დამაარსებელი იბრჰიმ აბულეიში რუდოლფ შტაინერის ანტროფოსოფიის მიმდევარია, შესაბამისად, ეს გაერთიანება ამ მოძღვრების იმპულსს ატარებს. ფონდის ჟიური სეკემს მიიჩნევს 21-ე საკუნის ბიზნეს-მოდელად, რომელშიც კომერციული წარმატება სოციალურ და კულტურულ განვითარებასთან არის დაკავშირებული და ეკონომიკაში "ძმობის" პრინციპს ეფუძნება.
ესენი არიან "მართებული ცხოვრების ფონდის", ნობელის ალტერნატიური პრემიის ლაურეატები. ჩვენი შვედი რესპონდენტის დასკვნა ასეთია:
[შარპინგის ხმა] "ვფიქრობ, არ არის ცუდი იდეა არსებობდეს სხვა შესაძლენლობაც, რადგან ეს ხალხი იბრძვის მათი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის, ვისაც ჩვეულებრივ არ აძლევენ ხოლმე პრემიებს, ვისაც არ აქვს მხარდაჭერა, ვფიქრობ, კარგი ალტერნატივაა".
XS
SM
MD
LG