Accessibility links

logo-print

აშშ ცდილობს ერაყის მმართველი საბჭო თურქეთის სამხედრო ძალის მიღებაზე დაითანხმოს


თურქეთის სამხედრო ძალის ერაყის სტაბილიზაციის პროცესში მონაწილეობის საკითხი ვაშინგტონსა და ბაღდადს შორის კვლავ ცხარე პოლიტიკური განსჯის საგნად რჩება. შეერთებული შტატები

ჯერჯერობით ვერ ახერხებს დაიყოლიოს ერაყის მმართველი საბჭო, რათა თურქ სამხედრო მოსამსახურეებს მის ტერიტორიაზე სამშვიდობო მისიით შესვლის უფლება მისცეს. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ უთანხმოებამ თურქეთის სამხედრო კონტინგენტის ირგვლივ შესაძლოა გაართულოს ურთიერთობა ვაშინგტონსა და ერაყის მმართველ საბჭოს შორის, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად იმოქმედოს ერაყის სტაბილიზაციის პროცესზე.

მიუხედავად ერაყის მმართველი საბჭოს მრავალხმიანი პროტესტისა, შეერთებული შტატები აცხადებს, რომ მანამდე გააგრძელებს ზეწოლას მის მიერვე ხელდასხმულ დროებით მთავრობაზე, სანამ იგი არ დათანხმდება განალაგოს თურქეთის სამხედრო კონტინგენტი ერაყის ტერიტორიაზე.
ამასთან, ბუშის ადმინისტრაცია ნაკლებად შიშობს, რომ უთანხმოება თურქეთის სამშვიდობო მისიის საკითხის ირგვლივ იმდენად სერიოზული იყოს, რომ ამან ხელი შეუშალოს შეერთებული შტატების მიერ დანიშნულ მმართველ საბჭოს წესრიგის დამყარებასა და ერაყის სუვერენიტეტის აღდგენაში.

ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების კოლორადოში შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებისთვის ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონლად რამსფელდმა საერთოდაც გადაჭარბებული უწოდა დაპირისპირებას ერაყის მმართველი საბჭოს შიგნით.

[დონალდ რამსფელდის ხმა] "მე არა მჯერა, რომ ერაყის მმართევლი საბჭო წინააღმდეგი იყოს თურქეთის სამხედრო ძალის გამოყენებისა. მმართველი საბჭოს ერთი თუ ორი წევრი გამოხატავდა საპირიპირო მოსაზრებას, რადგან ისინი, შესაძლოა, ფიქრობდნენ, რომ ეს ასე არ უნდა იყოს. მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, იქ არ ყოფილა ერთიანი აზრი და არც ვინმე გამოსულა საბჭოს სახელით".

თუმცა, ოთხშაბათს, ამერიკული ადმინისტრაციის ხელმძღვაენელთან, პოლ ბრემერთან ბაღდადში გამართული შეხვედრის შემდეგ, ერაყის მმართველი საბჭოს რამდენიმე წევრმა საჯაროდ დააფიქსირა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ამ საკითხის გარშემო. როგორც ირკვევა, ერაყში თურქეთის სამხედრო ნაწილების შეყვანას განსაკუთრებით 24-კაციანი მმართველი საბჭოს ქურთი წევრები უპირისპირდებიან, რაც შემდეგი გარემოებით აიხსნება: როგორც ცნობილია, თურქეთის მთავრობა მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა ერაყში სამხედრო ძალის გაგზავნას, რაც ვაშინგტონისგან მიიღო პირობა, რომ გადამჭრელ ზომებს მიიღებდა ერაყის ჩრდილოეთში დაბანაკებული ქურთ მუშათა პარტიის პარტიზანული ჯგუფების წინააღდეგ. თუმცა, მმართველი საბჭოს ქურთი ეროვნების წარმომადგენელმა მაჰმუდ ოტმანმა ჩვენს რადიოს განუცხადა, რომ ვაშინგტონის მხრიდან ზეწოლის შემთხვევაში, შესაძლებლად მიიჩნევს ამ საკითხში კომპრომისის მიღწევას.

[მაჰმუდ ოტმანის ხმა] "თუ ჩვენ ვერ შევძლებთ დავარწმუნოთ ამერიკელები და ისინი დაჟინებით მოგვთხოვენ, რომ ერაყში თურქი სამხედოები განლაგდნენ, მაშინ ჩვენ მოგვიწევს ამერიკულ და თურქულ მხარესთან ერთად შევათანხმოთ კონტინგენტის რაოდენობა, ადგილი და დისლოკაციის ვადა. ყველაფერი ეს საჭიროა იმისთვის, რომ შევამციროთ ზარალი, რაც შესაძლოა ერყში თურქეთის სამხედრო ძალის შემოყვანას მოჰყვეს".

მაგრამ როგორც ირკვევა, ქურთების გარდა, თურქეთის სამხედრო მისიას ერაყში მცხოვრები შიიტებიც უპირისპირდებიან, რომლებსაც ისტორიული ანგარიშები აქვთ სუნიტ თურქებთან და შიშობენ, რომ თურქების გამოჩენას შესაძლოა ეთნიკური და რელიგიური დაძაბულობის ესკალაცია მოჰყვეს ისედაც აფორიაქებულ ერაყში.

მიუხედავად ერაყის მმართველ საბჭოს წილი პასუხისმგებლობისა, გადამწყვეტი სიტყვა ამ საკითხში პოლ ბრემერს ეკუთვნის. ვაშინგტონი კი სისხლხორცეულად არის დაინტერესებული, რათა ერაყში 10 000 კაციანი თურქული კონტინგენტი რაც შეიძლება მალე განლაგდეს. ამას ორმაგი ეფექტი ექნება - თურქეთი იქნება ყველაზე დიდი მუსლიმანური ქვეყანა, რომელიც შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, ერაყში ყველაზე მრავარიცხოვანი სამხედრო ძალით იქნება წარმოდგენილი.
XS
SM
MD
LG