Accessibility links

logo-print

როლების განაწილება სახელისუფლო ბლოკში


ბოლო ორი კვირის მოვლენებმა საბოლოოდ გამოავლინა სახელისუფლო ბლოკში შეკრებილი პოლიტიკური ფიგურების წინასაარჩევნო როლები. ზოგიერთ მათგანს სასიამოვნო და მსუბუქი,

ზოგს კი უსიამოვნო და მძიმე ხვედრი ერგო.
გესაუბრებით როლების განაწილებაზე სახელისუფლო ბლოკში.

როდესაც ვახტანგ რჩეულიშვილი სახელისუფლო ბანაკში დამკვიდრდა, გაჩნდა მოსაზრება, რომ მთავრობის ყველაზე უსიამოვნო "მესიჯებს", ყველაზე მძიმე სათქმელს სწორედ იგი გაახმოვანებდა. წინა არჩევნებში ხომ რჩეულიშვილი ამბობდა იმას, რის თქმასაც სხვები ვერ ბედავდნენ. მან პირველმა ამცნო საზოგადოებას, რომ ბათუმში ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდა. ეს განცხადება მაშინ სახელმწიფოს ორად გახლეჩის მცდელობად შეფასდა. მოგვიანებით კი ორი პოლიტიკური ცენტრის არსებობა ბევრმა პოლიტიკოსმა და ექსპერტმა აღიარა. ვახტანგ რჩეულიშვილსვე ეკუთვნის სკანდალურად ცნობილი ფრაზა-მოწოდება: "ედუარდ შევარდნაძე და მოქალაქეთა კავშირი ისტორიის სანაგვეზე!" გასული არჩევნების ანალოგიით, სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე ამჯერადაც სახელისუფლო სიურპრიზების მთავარ გამხმოვანებლად იყო მიჩნეული.

ბევრისთვის და, შესაძლოა, ყველასთვის მოულოდნელად, ვახტანგ რჩეულიშვილმა სამთავრობო ბლოკში სრულიად სხვა ფუნქცია შეიძინა და ახალი იმიჯის დამკვიდრებასაც ამ ახალი ფუნქციის შესაბამისად ცდილობს.

"ჯვრის" და "სამკუთხედის" სოციალისტური კონცეფციები საქართველოში სერიოზულად არასოდეს არავის აღუქვამს; ვახტანგ რჩეულიშვილიც ცოტა ვინმეს თუ მიაჩნდა რეალური პოლიტიკური წონის მქონე ფიგურად. პრორუსულმა პოლიტიკამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სოციალისტები თბილისის საკრებულოს მიღმა დატოვა. მაგრამ იმის შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რუსეთისკენ სერიოზული ნაბიჯები გადადგა, რჩეულიშვილმა, ჩანს, რესპექტაბელური ლიდერის ფუნქცია შეიძინა. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად გულწრფელი იყო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ ვოლოშინი, ოღონდ, ის კი მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრისას მან სამომავლო ურთიერთობის კონტექსტში აქცენტი ერთადერთ პოლიტიკოსზე - ვახტანგ რჩეულიშვილზე გააკეთა. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ხანს სოციალისტების ლიდერი სატელევიზიო დებატებს თავს არიდებს და ოპონენტების მიმართ ზომიერ კეთილგანწყობას ამჟღავნებს; ამავდროულად, საკუთარ პრიორიტეტად საგარეო პოლიტიკას აცხადებს და ხან რუსეთიდან, ხან ამერიკიდან გვესაუბრება. წინასწარი მოლოდინის საპირისპიროდ, ვახტანგ რჩეულიშვილი სოლიდური პოლიტიკოსის იმიჯის შექმნისთვის იღვწის.

სამაგიეროდ, სამთავრობო ბლოკის სკანდალური ბრალდებების გამხოვანების მძიმე ფუნქცია ამჯერად ირინა სარიშვილ-ჭანტურიას დაეკისრა. სოლიდური პოლიტიკოსის იმიჯს და მაღალ რეიტინგს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა, თუმცა, ბოლო ხანს პერმანენტულად ფლანგავს ჯერ კიდევ შემორჩენილ პოლიტიკურ კაპიტალს. ხოლო ის ფუნქცია, რომელიც ირინა სარიშვილმა-ჭანტურიამ სამთავრობო ბლოკში იტვირთა, პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასია. ეს ის საზღაურია, რაც ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ პარლამენტში დასაბრუნებლად გაიღო.
XS
SM
MD
LG