Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო კორუმპირებული ქვეყნების სიას სათავეში მოექცა


საქართველო, რომელმაც მისი პრეზიდენტის პირით კორუფციას დაუნდობელი ბრძოლა ოთხი წლის წინ გამოუცხადა, ყოველწლიურად სულ უფრო ღრმად ეფლობა კორუფციის ჭაობში. საერთაშორისო

არასამთავრობო ორგანიზაცია "ტრანსფერენსი ინტერნეიშენალის" მიერ 2003 წელს ჩატარებულ გამოკვლევაში, რომელსაც "კორუფციის აღქმის ინდექსი" ეწოდება, საქართველოს 126-ე ადგილი ერგო და ყველაზე კორუმპირებულ ბანგლადეშს მხოლოდ 7 საფეხურიღა აშორებს. ნიშანდობლივია, რომ შარშან საქართველოს გაცილებით უკეთესი რეიტინგი ჰქონდა და იმავე "ტრანსფერენსი ინტერნეიშენალის" მიერ ჩატარებული გამოკითხვით, 85-ე ადგილზე გავიდა. თუმცა, კორუფციული აღქმის თვალსაზრისით ახალ ინდექსში სხვა საინტერესო სურათიც იკვეთება.

ჭეშმარიტად რამდენად არიან კორუმპირებული ჩვენი თანამდებობის პირები?
ამ შეკითხვაზე იოლად გასცემს პასუხს ის მილიონობით ადამიანი, რომლებსაც ქრთამის გაღება უხდებათ ჯანმრთელობის მომსახურებიდან დაწყებული და განათლების მიღებით დამთავრებული. მაგრამ ამ შეკითხვაზე პასუხი გართულდება, თუ თქვენ დამოკიდებული ხართ უტყუარ მონაცემებზე, როგორიცაა კორუფციის საქმეებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეები და მათზე გამოტანილი სასჯელები.
ჩვენი რადიოს თანამშრომლის, კეტლინ ნოქსის ეს დაკვირვება დიდი წარმატებით შეგვიძლია განვაზოგადოთ საქართველოს შემთხვევაში.

როგორც ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს ყოფილი წევრი, ჟურნალისტი მარიკა თოიძე ამბობს, აღმასრულებელი ხელისუფლების სათანადო სტრუქტურები, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, არაადეკვატურად რეაგირებს კორუფციული დანაშაულის შემცველ საქმეებზე.

[მარიკა თოიძის ხმა] "ნიშანდობლივია, რომ შარშან საქართველოს გაცილებით უკეთესი რეიტინგი ჰქონდა და იმავე "ტრანსფერენსი ინტერნეიშენალის" მიერ ჩატარებული გამოიკითხვით, 85-ე ადგილზე გავიდა. არადა, ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ვითარება თუნდაც იმიტომ უნდა გაუმჯობესებულიყო, რომ ქვეყანამ ნატოში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა, რაც, უწინარესად, ეკონომიკური რეფორმების გატარებას და სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციის აღმოფხვრას გულისხმობს".

მაგრამ დემოკრატია და კორუფცია ყოველთვის არ არის ურთიერთგამომრიცხავი ცნებები, ისევე, როგორც დიქტატურა და კორუფცია. იმავე "კორუფციის აღქმის ინდექსში"ბელარუსია 53-ე ადგილზე გავიდა და კორუფციის დონით ბევრად ჩამორჩება ნატოს წევრ დემოკრატიულ ქვეყნებს - ჩეხეთს, ლატვიას, პოლონეთსა და სლოვაკეთს.
როგორც ორგანზიაცია "ტრანსფერენსი ინტერნეიშენალის" ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის აღმასრულებელი დირექტორი მიკლოშ მარშალი აცხადებს, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში კორუფციის შესაძლებლობა გაცილებით მაღალია.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო, ქვეყანა, სადაც საერთაშორისო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსის" დაკვირვებით, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნისგან განსხვავებით, მაღალია პრესის თავისუფლების ხარისხი, ეს ქვეყანა კორუფციის აღქმის თვალსაზრისით მსოფლიოში ბოლო ადგილზეა და ყოფილი საბჭოთა ბანაკის ქვეყნებიდან მხოლოდ ტაჯიკეთს აქვს მასზე უარესი მაჩვენებელი. ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსაზრებას, რომელსაც საქართველოში ხშირად გაიგონებთ - ხელისუფლება არავის უკრძალავს სიტყვის თქმას, მაგრამ აკეთებს იმას, რაც თავად მიაჩნია მიზანშეწონილად. ასეთი ვითარება არა მარტო ხელისუფლების, არამედ პრესის, როგორც დემოკრატიის მოდარაჯე ძაღლის დისკრედიტაციასაც იწვევს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG