Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთიანი კომუნისტური პარტია ქართველ ამომრჩევლებს საბჭოთა სოციალიზმში დაბრუნებას ჰპირდება


საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია 1992 წელს დაარსდა, ხოლო რეგისტრაცია 1994 წელს გაიარა. იგი თავს საქართველოს კომუნისტური პარტიის სამართალმემკვიდრედ აცხადებს,

რომელიც 1991 წელს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ აკრძალა. ახლა პარტიას ძნელბედობის ჟამი უდგას, რადგან საქართველოს კომუნისტების ოფისი სახელმწიფო კანცელარიამ დაიკავა, ხოლო კომუნისტებისთვის მხოლოდ ერთ-ერთი მუზეუმის სარდაფი გაიმეტეს. იატაქქვეშა საქმიანობას შეჩვეული კომუნისტები სარდაფს არ შეუშინდნენ და ბრძოლას საბჭოთა ხელისუფლების დამყარების იმედით კვლავ განაგრძობენ.

[ხმა: საბჭოთა კავშირის ჰიმნი]

[პანტელეიმონ გიორგაძის ხმა] "დღევანდელ ხელისუფლებას, დღევანდელ პარლამენტარებს უნდა ჩამოვართვათ ხელისუფლება და ეს ხელისუფლება დაუბრუნდეს მშრომელებს. ეს იქნება ხალხის ხელისუფლება საბჭოების სახით თუ სხვა დემოკრატიული ორგანიზაციების სახით".

ამის გაკეთებას აპირებს საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერი პანტელეიმონ გიორგაძე საქართველოს პარლამენტის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში. ჩემს შეკითხვაზე, რამდენად რეალურია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოზე კვლავ საბჭოთა სისტემის მორგება, პანტელეიმონ გიორგაძე ასეთ პასუხს იძლევა.

[პანტელეიმონ გიორგაძის ხმა] "ბიჯო, ქრისტეს 2000 წელია ებრძვიან, მაგრამ ქრისტე არ ჩაბარდება მტრებს. რატომ გგონით თქვენ, რომ კომუნისტები ჩაბარდებიან მტერს და უარს იტყვიან თავის სარწმუნოებაზე. ჩვენ გვწამს, რომ სოციალიზმი არის მთელი მსოფლიოს მომავალი, ამიტომ ჩვენ ხალხს ვარწმუნებთ, რომ ხელისუფლება მათ ხელში უნდა გადავიდეს, რომ სოციალიზმი უნდა დაუბრუნდეს ხალხს აუცილებლად".

ქართველი კომუნისტები რწმენას მართლაც არ ღალატობენ და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე არჩევნების წინ დადებულ მდიდრებისათვის ქონების ჩამორთმევის პირობას აღასრულებენ. პანტელეიმონ გიორგაძე ამბობს, რომ ომს გამოუცხადებს ყველას, ვინც ხალხის ქონება მიითვისა და საქართველო ამ დონემდე მიიყვანა.

თუმცა, საქართველოს დანგრევასა და განადგურებაში კომუნისტებს არცთუ უკანასკნელი როლი უთამაშიათ, რომელთა მმართველობამ ქართული ინტელექტუალური ელიტის განადგურებასთან ერთად საზოგადოების ფსიქოლოგიაც გადააგვარა. ახლა საქართველო საბჭოთა სისტემისა და კომუნისტების საქმიანობის შედეგებს იმკის, რომელთა დაძლევა კომუნისტური მეთოდებით ნაკლებადაა შესაძლებელი. მითუმეტეს, ამისა არც პანტელეიმონ გიორგაძის შვილს, ტერორისტობისთვის დევნილ იგორ გიორგაძეს სჯერა. იგი კომუნისტების საარჩევნო სიაში არ მოხვდა და კონსტიტუციური მონარქიის აღდგენით აპირებს საქართველოს გადარჩენას.

[პანტელეიმონ გიორგაძის ხმა] "იგორი ასეთი ახალგაზრდაა, ცოტა სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ მთავარში ჩვენსც გვეთანხმება. ის მორწმუნე ახალგაზრდა კაცია, წამს ქრისტე, მართლმადიდებელი სარწმუნოება და დარწმუნებულია, რომ არ შეიძლება ერთს ჰქონდეს ყველაფერი და მეორეს არაფერი".

თუ იგორ გიორგაძე კომუნისტებისგან დისტანცირებას ამჯობინებს, სოციალური თანასწორობის პრინციპის და ხალხის ძალაუფლების - საბჭოების დასამკვიდრებლად ერთიან კომუნისტურ პარტიაში 87 ათასამდე წევრია გაერთიანებული, თუმცა, პანტელეიმონ გიორგაძეს უჭირს იმის თქმა, თუ რა შედეგს გამოიღებს საპარლამენტო არჩევნებზე კომუნისტთა ამ დიდი არმიის ნამუშევარი.
XS
SM
MD
LG