Accessibility links

logo-print

ფეხბურთი პოლიტიკის რანგში - ხვალ მოსკოვში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ერთმანეთს რუსეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდები ხვდებიან


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, მწვრთნელი მერაბ ჟორდანია ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში საქართველოს ნაკრების შანსებს პესიმისტურად აფასებს -

საქართველოსთვის ფრე საპატიო რეზულტატი იქნება, რასაც ვერ ვიტყვით რუსეთზე. იგი გამარჯვებას გეგმავს და ამისათვის მას სუბიექტური მიზეზები აქვს. ასეა პოლიტიკაშიც - რუსეთს რევანშისტული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არასდროს უნელდება, მაშინ, როცა ქართულ მხარეს თანმიმდევრულობა და მიზანსწრაფულობა სისტემატურად აკლია.

"ერთიანი მრგვალი ბურთი"- სახელისუფლებო პარტიის გამარჯვება რუსეთ-საქართველოს ხვალინდელ მატჩზეა დამოკიდებული", - "ნეზავისიმაია გაზეტას" 10 ოქტომბრის ნომერში ამ სათაურით გამოქვეყნდა იგორ შაველევის პუბლიკაცია, რომელშიც ავტორი იუმორით შენიშნავს, რა ეფექტი აქვს ამომრჩეველზე ტელეკამერებით კადრში მოხვედრილი მაღალი რანგის პარტიული და სახელისუფლებო ჩინოვნიკების გამოჩენას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ნაკრებს ამ შემთხვევაში მხოლოდ რუსეთის ნაკრების რიგითი მეტოქის დატვირთვა ენიჭება - მით უმეტეს, რომ მატჩს რუსეთის ნაკრებისთვის მორიგ ეტაპზე გასასვლელად პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ანუ რუსულ-ქართული პოლიტიკური ურთიერთობები საფეხბურთო მატჩთან არაფერ შუაშია;

[ქართველი გულშემატკივრის ხმა] "პირადად მე არანაირად არ ვანიჭებ პოლიტიკურ დატვირთვას და როგორც მგონია, ეხლა რა ხდება, რუსეთშიც არ ანიჭებენ. რამდენადაც ვკითხულობ ეხლა რუსულ პრესას, იგივე "სპორტ ექსპრესს", "სავეცკი სპორტს", სულ არის მოწოდებები იმისკენ, რომ რაც ქართველებმა გაგვიკეთესო, იმასვე ნუ გავუკეთებთო -იგივე დროშის დაწვა, ქვების სროლა და ეგეთი რაღაცა არ გვინდაო, რა. სულ მაგისკენ არის მოწოდებები და იქაც, მოკლედ, სთხოვენ გულშემატკივარს, რომ არ მიანიჭონ პოლიტიკური დატვირთვა და პირადად მე არც თბილისში არ მიმინიჭებია პოლიტიკური დატვირთვა".

[ქართველი გულშემატკივრის ხმა] " არა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი ეს თამაშიც არის, მაგრამ - ზოგადად. კარგია ხოლმე, როდესაც ფეხბურთელი ამ სტრესისგან თავისუფლდება. იქიდან გამომდინარე, ავიღოთ თუნდაც არგენტინისა და ინგლისის ნაკრებების დაპირისპირება ტრადიციულად როცა არის ხოლმე, ყოველთვის ამ თამაშს ახლავს, აი, 82 წელს, როდესაც ფოლკლენდის კუნძულებზე იყო ომი, აი, ამ ორ სახელმწიფოს შორის. მაგრამ მაინც ფეხბურთელები თავისუფლდებიან ხოლმე. არგენტინელებს უფრო ახასიათებთ რა, ეს. არა, პოლიტიკური დატვირთვის ნამდვილად არის, მაგრამ, კარგია, როცა ეხსნებათ ხოლმე. ფეხბურთელები უფრო თავისუფლად თამაშობენ ამ დროს".

ქართველი გულშემატკივრების უმრავლესობის აზრით, სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრები ხვალ უსათუოდ დამარცხდება - ამის მიზეზებად გუნდის არასათანადო მომზადებასა და მოტივაციის უქონლობას ასახელებენ. კაცმა რომ თქვას, გამარჯვებას მოტივაცია რად უნდა, მაგრამ თუ ფეხბურთი პოლიტიკაა, მაშინ ქართველი ფეხბურთელები სწორედ ამაში ჰგვანან პოლიტიკოსებს.

[გულშემატკივრის ხმა] "ეს ხომ რუსეთია და მისი ნაკრებია და ქართველებისთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მე ვფიქრობ, რომ ეს მარტო სპორტი არ არის ჩვენთვის, ქართველებისთვის, ყოველ შემთხვევაში, და ველი იმას, რომ ჩვენი ბიჭები გულს დადებენ. ძნელი იქნება რუსეთის ნაკრებისთვის მოგება, მაგრამ ველით იმას, რომ გულიანად ითამაშებენ და ჩვენ, ქართველებს არ შეგვარცხვენენ".
XS
SM
MD
LG