Accessibility links

logo-print

სახელისუფლებო ბლოკი და ქართველი კომუნისტები წინასაარჩევნო კამპანიას ერთდროულად იწყებენ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე წინასაარჩევნო კამპანიაში კიდევ ორი პოლიტიკური პარტია ჩაერთო. თუ საქართველოს ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ პირველი შეხვედრა "კამერულ" ვითარებაში

ჩუღურეთის რაიონის ამომრჩეველთან გამართა, სახელისუფლებო ბლოკის "ახალი საქართველოსთვის" ლიდერმა ედუარდ შევარდნაძემ შაბათი დღე დასავლეთ საქართველოში გაატარა, სადაც ჯერ დაესწრო ფოთის პორტის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას, მოგვიანებით კი ხობში - მეგრული სიმღერის ფესტივალს.
რა აერთიანებთ ქართველ კომუნისტებსა და სახელისუფლებო ბლოკს?

სახელისუფლებო ბლოკისა და ქართველ კომუნისტთა წინასაარჩევნო კამპანიის ერთი მსგავსება თვალშისაცემია - ორივე საარჩევნო სუბიექტი წინასაარჩევნო კამპანიის გვიან დაწყებას უსახსრობით ხსნის. საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერის, პანტელეიმონ გიორგაძის განცხადებით, რომ არა ფინანსური პრობლემები, კომუნისტებს 7-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდებოდათ.
მწირი ფინანსური რესურსებით ხსნის საარჩევნო კამპანიის გვიან დაწყებას ბლოკი "ახალი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი გოგავაც, რომლის განცხადებითაც, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, სახელისუფლებო ბლოკს ყოველდღიურად რამდენიმე ასეულ ათასობით დოლარის ღირებულების საარჩევნო კამპანიის ჩატარების არც საშუალება აქვს და არც სურვილი.
სახელისუფლებო ბლოკის ძირითად რესურსად, როგორც ჩანს, მაინც პრეზიდენტი შევარდნაძე რჩება, რომელმაც, ეტყობა, გადაიფიქრა და აქტიურად ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში. არადა, სულ ცოტა ხნის წინ იგი აცხადებდა, რომ ამჯერად მისი მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში მეტად მოკრძალებული იქნებოდა:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "თქვენ გახსოვთ ბოლო არჩევნები - მხედველობაში მაქვს საპრეზიდენტო არჩევნები - მე მაშინ ფეხით შემოვიარე მთელი საქართველო. ახლა მოქალაქეთა კავშირს ვეუბნები - ბატონ ავთოს, ახლა ჩემი იმედი ნუ გაქვთ. ახლა მე ფეხით ვერ შემოვივლი".
პრეზიდენტმა შევარდნაძემ შაბათი დღე დასავლეთ საქართველოში გაატარა - ჯერ ფოთის პორტის იუბილეს დაესწრო, შემდეგ ურეკში - სკოლის გახსნას, საღამოს კი უკვე ხონში - მეგრული სიმღერის ფესტივალს. პრეზიდენტის ფეხდაფეხ სიარულს ცდილობდნენ მოძრაობა "კმარას" აქტივისტები, რომელთა მხრიდან ატეხილი სტვენის ფონზე წარიმართა პარასკევს სახელმწიფო კანცელარიის ეზოში გამართული სახელისუფლებო ბლოკის პროგრამის პრეზენტაცია, მანამ, სანამ პოლიციამ აქციის მონაწილეები წვრილმანი ხულიგნობის საბაბით პოლიციის განყოფილებაში არ მოათავსა . შაბათს "კმარას" თბილისელი აქტივისტები ფოთში პოლიციამ არ შეუშვა, ფოთელი კმარელების აქცია კი ასევე პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. ისე კი, შეიძლება ითქვას, რომ კმარელების დახმარებით, სახელისუფლებო ბლოკის წინასაარჩევნო კამპანიამ ყველაზე "ხმაურიანი" ხასიათი შეიძინა.
XS
SM
MD
LG