Accessibility links

logo-print

"ჯარისკაცები - ერაყში, სენატორები - საქართველოში", " ამერიკული მშვიდობიანი დესანტი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი "ჯარისკაცები - ერაყში, სენატორები - საქართველოში", " ამერიკული მშვიდობიანი დესანტი წინასაარჩევნო მდგომარეობას ზვერავს", "კიდევ ერთი შანსი საქართველოსთვის" - გასული კვირის ქართული პრესის ეს სათაურებიც მოწმობს,

რომ ჟურნალისტთა ინტერესი თბილისში ჩამოსულ მაღალჩინოსან ამერიკელებთან მიმართებაში საკმაოდ დიდი იყო. 8 ოქტომბრის გაზეთ "24 საათის" ცნობით, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამერიკელებს ქართველებზე მეტად უნდათ საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარება:

"ისინი, ვისაც ხელისუფლების სადავეები უჭირავს და ვის კომპეტენციაშიც შედის დღეს არჩევნების ორგანიზება, პასუხს აგებენ საქართველოს მომავალზე. პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პოლიტიკოსებსაც, რომელთაც ხელისუფლებაში მოსვლა სურთ. თითოეული ადამიანის მოვალეობაა, რომ 2 ნოემბრის შემდეგ საქართველოს უკეთესი მომავალი დაუდგეს. საქართველოს ეკონომიკური წინსვლა და დემოკრატიულ სამყაროში ადგილის დამკვიდრება სწორედ ამაზეა დამოკიდებული. ქართველებს შესწევთ პროგრესის უნარი. დელეგაცია მოუწოდებს ქართველ ხალხს, მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, გამოხატონ თავისი ნება და ხელი შეუწყონ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების წარმართვას", - საქართველოდან გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ასე დაგვიბარეს საპატიო ამერიკელმა სტუმრებმა: ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მეთაურთა გაერთიანების ყოფილმა სარდალმა ჯონ მალხაზ შალიკაშვილმა,ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა სტროუბ ტელბოტმა, აშშ-ის წარმომადგენელმა პალატის ყოფილმა წევრმა სემ გეჯსენსონმა, ქალთა კვლევის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის წევრმა ბრუკ შირერმა და ნდი-ის პროგრამების დირექტორმა პარტიკ მერლოუმ.

დელეგაციის მიერ დატოვებული რეკომენდაციები და შენიშვნები თითქმის ყველა გაზეთმა გამოაქვეყნა. ასევე ყველა გაზეთი გამოეხმაურა კვირის ბოლოს დაწყებულ სკანდალს, როცა სახელისუფლებო ბლოკის სპიკერმა ირინა სარიშვილმა-ჭანტურიამ პარლამენტის თავმჯდომარე და ბლოკ "ბურჯანაძე -დემოკრატების" ლიდერი ნინო ბურჯანაძე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირში დაადანაშაულა. " ვის ჩაურთეს წამზომი?" - კითხულობს 10 ოქტომბრის "დილის გაზეთი", რომლის ცნობითაც, საქართველოს უშიშროების მინისტრს ქვეყნის მეორე პირის აგენტობის ფაქტის დასადასტურებლად ან უარსაყოფად მხოლოდ 3 დღე აქვს. 3 დღეში ვალერი ხაბურძანიამ ან ბურჯანაძის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები უნდა დაადასტუროს, ან პრეზიდენტის ბლოკის სპიკერი ცილისწამებასა და შავი პიარის წარმოებაში ამხილოს. "დილის გაზეთი" წერს:

"ეს ამოცანა, როგორც ჩანს, იმ მინისტრისთვისაც კი რთულია, რომელსაც პანკისის ხეობაში გელაევის რაზმის არსებობაზე აქვს ღიად განცხადებები ნაკეთები. როგორც "დილის გაზეთსითვის" გახდა ცნობილი, ის პირადად შეისწავლის ირინა სარიშვილის მიერ სამინისტროში მიტანილ დოკუმენტებს და გაარკვევს, რამდენად შესაძლებელია მისთვის გადაცემული დიდი მეხსიერების ფლეშკარტის საფუძველზე გამოძიების წარმართვა. "სარიშვილმა გადმომცა დალუქული პაკეტი, რომელსაც უშიშროების სამინისტროში ექსპერტიზა ჩაუტარდება. შემდეგ გაირკვევა, რამდენად არის შესაძლებლი ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოთქმული ბრალდებების დადასტურება. ეს პროცედურები 3 დღეში ვერანაირად ვერ შესრულდება. მით უფრო, თუ ჩვენგან საფუძვლიან გამოძიებას მოითხოვენ", - აცხადებს ვალერი ხაბურძანია. ზოგადად კი, იგი ჰონგ-კონგის გამოცდილებაზე დაყრდნობით, კორუფციასთან ბრძოლას წინასაარჩევნო კორუფციული გარიგებების გამოკვლევით მიიჩნევს მიზანშეწონილად და ამ ფუნქციას ანტიკორუფციულ საბჭოს აკისრებს.
ერთი სიტყვით, როგორც ჩანს, უშიშროების საბოლოო ვერდიქტს უახლოეს ანუ საარჩევნოდ სტრატეგიულ პერიოდში ვერავინ იხილავს. მით უფრო მაშინ, როცა უშიშროების საბჭოს მდივანიც კი ბურჯანაძის აგენტურული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და არც პოლიტიკურ განაცხადს აკეთებს. ჯერჯერობით დუმს პრეზიდენტიც. სამაგიეროდ, აღარ დუმს ბურჯანაძე, რომელიც სწორედ ამ დუმილით არის უკმაყოფილო. მან ხაბურძანიას მხოლოდ 3 დღე მისცა სარიშვილის ბრალდებების გამოსაძიებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას იმპიჩმენტის პროცედურებით დაემუქრა. ამ ყველაფერში კი განსაკუთრებით მძიმე კონსტიტუციურად დეპოლიტიზირებული ძალოვანი სამინისტროს პოლიტიკურ პროცესებში და საარჩევნო ინტრიგებში ღია ჩართვაა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც წინასაარჩევნოდ უაღრესად აქტუალურია, საარჩევნო სიებთან დაკავშირებული პრობლემები გახლავთ. თუ პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი საარჩევნო სიების გაბერვის შესახებ აცხადებს, მეორენი საკუთარ თავს ვერ პოულობენ საარჩევნო სიებში. 8 ოქტომბრის "მთავარი გაზეთის" ცნობით, თუ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკუთარი შეცდომა არ გაასწორა და ქვეყნის პირველი პირი ამომრჩეველთა სიაში არ ჩართო, კრწანისის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში 2 ნოემბრეს მისულმა პრეზიდენტმა, შესაძლოა, არჩევანი ვერც გააკეთოს. შევარდაძის მსგავსად, ამომრჩეველთა ელექტრონულ სიაში ვერ მოხვდნენ სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და თვით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი. "მთავარი გაზეთი" წერს:

"საარჩევნო სიების ელექტრონული ვერსიის შექმნა და მისი ინტერნეტში განთავსება ბეიკერის რეკომენდაციათაგან ერთ-ერთია. თავად ბეიკერს, რასაკვირველია, არ დაუზუსტებია, რა ენაზე უნდა ყოფილიყო გამოქვეყნებული ელეტრონული სია და იქნებ ამიტომაც ქართველებმა სიის ქართულ ენაზე გამოქვეყნება გადაწყვიტეს. ამავე დროს, ერთი შეხედვითა და რამდენიმე ცნობილი გვარ-სახელის მოძიებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საიტი ანტურაჟი და ბუტაფორიაა, რადგან მასში ვერ ხერხდება ვერც ერთი რეალურად არსებული ამომრჩევლის მოძიება.
პარალელურად, დაიწყო ამომრჩეველთა ბიულეტენების ბეჭდვაც. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საქართველოში სულ 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველია, რამდენიმე თვის წინ "ახლების" მიერ ჩატარებული კვლევების მონაცემებით კი - 500-600 ათასით ნაკლები. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ეს 500-600 ათასი ხმა, ყოველ შემთხვევაში, მისი დიდი ნაწილი მაინც, სახელისუფლებო ბლოკს "მოემსახურება". აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში ბლოკი არათუ შვიდპორცენტიან ბარიერს გადალახავს - არჩევნებსაც მოიგებს.
კითხვას - გაყალბდება თუ არა არჩევნები, პასუხი ახლავე შეიძლება გაეცეს. თუმცა, არსებობს იმედი, რომ ამომრჩეველთა ელექტრონულ სიაში ცნობილი პიროვნებები მხოლოდ ტექნიკური მიზეზებით ვერ მოხვდნენ. ან ეს სიები რეალური სიების იდენტური ნამდვილად არ არის, ან "ახლების" სიაა არარეალური. ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის სია რეალურია. ან ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტის მოცულობის შესახებ არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული. ერთადერთი, რისი იმედიც არავის აქვს, ისაა, რომ არჩევნების გაყალბებას რომელიმე სუბიექტი მაინც არ ეცდება."

11 ოქტომბრის გაზეთ "რეზონანსის" ცნობით, 2 ნოემბრის არჩევნები საქართველოს ევროსაბჭოში ყოფნა-არყოფნის საკითხსაც გადაწყვეტს. ევროსაბჭოს დელეგაცია საქართველოს ასამბლეიდან გარიცხვის პერსპექტივაზე საუბრობს. მატიას იორში საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებას ურჩევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შესაძლოა, ქვეყნის ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხი მართლაც დადგეს. გაზეთი "რეზონანსი" წერს:

"ვიზიტის დროს ევროსაბჭოს დამკვირვებლებს, საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, ერთდროულად დადებითი შთაბეჭდილებებიც დარჩათ და უარყოფითიც. მთავარ უარყოფით და ხელისშემშლელ ფაქტორად მათიას იორშს საარჩევნო სიებში არსებული ხარვეზები მიაჩნია. მიუხედავად ამისა, მისი განცხადებით, წინგადადგმული ნაბიჯია, როცა მისი ელექტრონული ვარიანტი მომზადდა.
ევროსაბჭოს წარმომადგენლები მისიის დასასრულს რამდენიმე რეკომენდაციას ტოვებენ. მათ შორის მთავარი არჩევნების გამჭვირვალედ ჩტარებაა. ევროსაბჭოს დელეგაცია ყურადღებას არჩევნებში პოლიციის მონაწილეობაზეც ამახვილებს. იორშის განცხადებით, პოლიცია არ უნდა ჩაერიოს კანდიდატების საქმიანობაში და არჩევნების დროს სათანადო დაცვა უზრუნველოყოს.
ის, რომ პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას მხოლოდ საარჩევნო პროცედურაზე აგებენ და არა ეკონომიკური, სოციალური და ჯანდაცვის პრობლემების გადაწყვეტაზე, ევროსაბჭოს დელეგაციას უარყოფით ფაქტორად მიაჩნია."

10-16 ოქტომბრის გაზეთ "ახალი ეპოქის" ვარაუდით, ყველაზე ცუდი სცენარი, რომლითაც არჩევნები შეიძლება წარიმართოს, ასეთია:

"სამთავრობო ბლოკი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის 2 ნოემბრის არჩევნების გაყალბებით იმედს გაუცრუებს დემოკრატიულ სამყაროს და, აქედან გამომდინარე, საბოლოოდ დაუკავშირებს ბედს იმ სივრცეს, სადაც არჩევნების გაყალბება და დემოკრატიულ ფასეულობათა მიმართ ორგულობა სულაც არ არის ხელისუფლების ყველაზე დიდი ცოდვა. არც არავინ გვისაყვედურებს, რატომ არ ატარებთ დემოკრატიულ არჩევნებსო; პირიქით, გაუხარდებათ კიდეც - გაყალბებით მოსულ ხელისუფლებაზე ზემოქმედებისთვის შესანიშნავი ბერკეტი ექნებათ ხელთ.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვეკისრება ყველას - ამომრჩევლებსაც და ასარჩევებსაც. 2 ნოემბრის არჩევნები იმდენად კი არ არის საინტერესო, ვინ რამდენ ხმას მიიღებს, რამდენადაც იმით, დარჩება თუ არა საქართველო "თავისუფლებისთვის მებრძოლი ქვეყნის სიმბოლოდ."
XS
SM
MD
LG