Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედრო დოქტრინა და საქართველო


ამ დღეებში გამოჩენილი აქტიურობით რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინა გამოამზეურა. გარკვეული დროის მანძილზე ივანოვის

ჩრდილში მოქცევამ ანალიტიკოსებს აფიქრებინა, რომ რუსეთმა ხელი აიღო ძველი გავლენის სფეროების სამხედრო მექანიზმებით შენარჩუნებაზე. საქართველოში და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში ენერგომატარებლებითა და სხვა ეკონომიკური ბერკეტებით რუსეთის ექსპანსიამ ყოფილი მოძმე რესპუბლიკების ლიდერებს იმედი მისცა, რომ მოსკოვი მეზობლებთან ურთიერთობის ცივილიზებულ გზას დაადგა.
ასე ფიქრობდა საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც იალტაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა სამიტის დახურვისას, როდესაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სადღეგრძელოს წარმოსთქვამდა.

ეკონომიკური ურთიერთობები, თუნდაც ექსპანსია გაცილებით ნაკლებად საშიშია, ვიდრე სამხედრო ზეწოლა. ეკონომიკა ორმხრივ ინტერესებზეა დამყარებული, ამიტომ რუსეთთან ამგვარი თანამშრომლობისას გარკვეულ სარგებელს საქართველოც მიიღებს. აი, მოსკოვის მხრიდან სამხედრო ზეწოლის შემთხვევაში კი თბილისი ყოველთვის წაგებული დარჩება.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არ გამორიცხა მეზობელ სახელმწიფოებზე პრევენტიული დარტყმების შესაძლებლობა. 9 ოქტომბერს კი რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა კოლორადო-სპრინგსში ნატოს თავდაცვის მინისტრთა არაოფიციალური შეხვედრის დამთავრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საკუთარი ქვეყნის ან მისი მოკავშირეების მიმართ აგრესიის შემთხვევაში რუსეთი ატომურ იარაღს პოლიტიკური შეკავების ინსტრუმენტად განიხილავს. ივანოვმა იქვე დასძინა, რომ ლაპარაკი არაა ამ იარაღის რუსეთის მხრიდან პირველად გამოყენების შესახებ.

[ციტატა] "რაც შეეხება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში სამხედრო ძალის პრევენტიულ გამოყენებას, ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე უარის თქმას, თუ ყველა სხვა საშუალებები ამოწურულია და ჩვენ სხვა გამოსავალი აღარ გვაქვს, როცა ჩვენი მოქალაქეებისა და თანამემამულეების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იმყოფება".

ეს კი პირდაპირი მუქარაა გაკეთებული საქართველოს მისამართით, რომელსაც კრემლი ჩეჩენი ტერორისტების მფარველობაში კვლავაც ადანაშაულებს და რომელიც არაერთხელ გამხდარა რუსეთის პრევენტიული დარტყმების მსხვერპლი. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის რეაქციაც ყველაზე პირველი აღმოჩნდა.

[შევარდნაძის ხმა] "სხვათა შორის, მე ზოგიერთი გამონათქვამი ჰიტლერისაც მახსოვს. ის არ ამბობდა, რომ ჩვენ უნდა დავიპყროთ მთელი ევროპა, ის ამბობდა, რომ ვუშველოთ ავსტრიას, ვუშველოთ ჩეხოსლოვაკიას, ვუშველოთ პოლონეთს და ასე შემდეგ. მე არ მინდა პირდაპირი შედარება იყოს, მაგრამ ის, რაც ზოგიერთმა სახელმწიფო მოღვაწემ იხმარა გამოთქმა -პრევენტიული დარტყმის უფლება, თუკი მათი ეროვნების ხალხი, რუსი მოქალაქეები საფრთხის ქვეშ დადგებიან ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ ამის უფლება აქვთ, არავის არ აქვს დღევანდელ მსოფლიოში პრევენტიული დარტყმების უფლება. არავის, არც რუსეთს და არც რომელიმე სხვა სახელმწიფოს".

პუტინისა და ივანოვის მიერ გაკეთებული განცხადებები რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინიდან გამომდინარეობს, რომელიც "ნატოს" გაფართოების შეჩერებასა და რუსეთის სამხედრო გავლენის სფეროების შენარჩუნებას ისახავს მიზნად. სერგეი ივანოვმა "ნატოს" მინისტრებს პირდაპირ განუცხადა, რომ ის გაგებით ეკიდება შუა აზიის ქვეყნებში ყირგიზეთსა და უზბეკეთში "ნატოს" სამხედრო ბაზების დაფუძნებას, თუმცა აღნიშნა, რომ მოსკოვი არ აპირებს შეაჩეროს რუსული სამხედრო ძალის ზრდა აზიისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში. მე ამ საკითხის კომენტირება პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას ვთხოვე. მისი თქმით, რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინა ისრაელისა და ნაწილობრივ აშშ-ს პრეცედენტებს ეყრდნობა.

[ვახტანგ მაისაიას ხმა] "აი, ამ დოქტრინის მთავარი არსი მიმართულია რუსეთის უკვე საკმაოდ გაწაფული მოწინააღმდეგის, "ნატოს" წინააღმდეგ. ანუ ეს არის ქმედება "ნატოს" აღმოსავლეთით გაფართოების შემდგომი განვითარების შეკავებისკენაა მიმართული. აქედან გამომდინარე, რუსეთი აყალიბებს ახალ საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტს და თავისთავად ცხადია, აღნიშნული პრიორიტეტი დისონანსურად, ასიმეტრიულად ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს".
XS
SM
MD
LG