Accessibility links

logo-print

ხელისუფლება გაუცემელ ხელფასებსა და გაუარესებულ საინვესტიციო გარემოზე წუხს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ის, რომ საქართველო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოკვლევებში ბოლო წლების განმავლობაში არცთუ პოზიტიური რეპუტაციის ქვეყნებს შორის იმკვიდრებს ადგილს,

უკვე აღარავისათვის საიდუმლო არ არის და, ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ფაქტს საზოგადოებაც მიეჩვია.

გასულ კვირას ქართულმა მედიამ გაავრცელა საერთაშორისო ჯგუფ "ტრანსფერენს ინტერნეშენელის" მორიგი ანგარიში, რომელიც ქვეყნების კლასიფიკაციას კორუფციის დონის მიხედვით ახდენს. საქართველომ ამ პარამეტრითაც "არ შეირცხვინა თავი" და ადგილი ყველაზე კორუმპირებულთა "საპატიო ათეულში" დაიმკვიდრა. "ტრანსფერენს ინტერნეშენელის" ყოველწლიური ანგარიში, 133 ქვეყანას აერთიანებს.

კორუფციის თვალსაზრისით ყველაზე ცუდი მაჩვენებლები ბანგლადეშს აქვს, ხოლო კორუფცია თითქმის არ არსებობს ფინეთში. კორუმპირებულ ათეულში პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან მოხვდნენ საქართველო, აზერბაიჯანი და ტაჯიკეთი.

ბოლო ათეულის ცხრილი ასე გამოიყურება: ბანგლადეში, ნიგერია, ჰაიტი, პარაგვაი, მიანმარი, ტაჯიკეთი, საქართველო, კამერუნი, აზერბაიჯანი და ანგოლა. თუ ადრე ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი ოდნავ მაინც "გვჯაბნიდა" კორუფციაში, წელს ამ მაჩვენებლით მათაც გავუსწარით. საინტერესოა, რომ რუსეთი ამ სიაში მხოლოდ 47-ე ადგილზეა.

საქართველოში კორუფციას რამდენიმე სპეციალური უწყება, ძალოვანი სამინისტრო, საზოგადოებრივი ჯგუფი და ორგანიზაცია ებრძვის. წლიდან წლამდე მაკონტროლებლების ოდენობა შემცირების ნაცვლად იზრდება, კორუფციის მასშტაბს და მასში ჩართული ადამიანების რაოდენობას ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, არანაირად არ ეხება. როგორც პროფესორი ლადო პაპავა აღნიშნავს, ამ შემთხვევაშიც ერთგვარ ვირტუალურ ბრძოლასთან გვაქვს საქმე და თავად კორუფციული "აბლაბუდა" დამოუკიდებლად და საკმაო წარმატებით ვითარდება.

აყვავებული კორუფციის ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში პერმანენტული საბიუჯეტო კრიზისის პირობებში იმყოფება. ამ კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი, არასწორ საბიუჯეტო დაგეგმვასთან ერთად, არასწორი სახარჯო პოლიტიკა და მეტისმეტად სუსტი ადმინისტრირებაა. ამ უკანასკნელის მთავარ მიზეზად კი ისევ და ისევ კორუფცია სახელდება. ანუ "ჯადოსნური კორუფციული წრე" თავის ნეგატიურ გამოვლინებას პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ჰპოვებს.

გარღვეული ბიუჯეტის ფონზე, ხელისუფლება მოახლოებული არჩევნების გამო საპენსიო და სახელფასო დავალიანებების გასტუმრებაზე იწყებს ზრუნვას. ალბათ, არცერთ საარჩევნო წელს მთავრობას ამ ვალდებულებების დროებითი დაფარვა ისე არ გასჭირვებია, როგორც ეს წელს მოხდა და ჯერ კიდევ სათუაოა, საერთოდ შეძლებს თუ არა ხელისუფლება ამ ვალის რაიმენაირად მინიმიზებას. თუმცა, კანცელარიაში გამართული პერმანენტული თათბირების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მიმდინარე წლის სახელფასო დავალიანებების გაცემას 25 ოქტომბრამდე დაიწყებს.

დავალიანებების დაგროვების გამო განსაკუთრებული ჯაფა წინასაარჩევნოდ რაიონის გამგებლებსა და რწმუნებულებს დაადგებათ, რადგან წინა წლებში აპრობირებული საარჩევნო ტექნოლოგიების მიხედვით, სწორედ ამ ვალდებულებების გასტუმრება ითვლება ყველაზე კარგ საარჩევნო პროპაგანდად რეგიონებში. საქართველოს პრეზიდენტთან გამართული თათბირის შემდეგ რწმუნებულები გვარწმუნებენ, რომ გაუცემელი ხელფასების სახით რეგიონების საბიუჯეტო ორგანიზაციებში დაგროვებული 34-მილიონიანი დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად სპეციალური სამოქმედო გეგმაა შემუშავებული.

გუბერნატორები რატომღაც დიდ მიღწევად თვლიან იმას, რომ ბევრ რეგიონში მაისის ხელფასები უკვე დარიგდა. თუმცა ამ შემთხვევაშიც, ალბათ, ისევ ვირტუალურ ეკონომიკასთან უნდა გვქონდეს საქმე და, ალბათ, ნოემბრის შემდეგ ხელისუფლებას არც ეს დავალიანებები გაახსენდება ისეთი სიმწვავით, როგორადაც დღეს ირჯებიან, ან თავს გვაჩვენებენ, რომ ირჯებიან.

ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ გაუცემელ ხელფასებსა და პენსიებზე წუხს, ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაჯანსაღებაზეც ზრუნავს, თუმცა უშედეგოდ.

საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო მრეწველობის განვითარების ერთადერთ წყაროდ ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას მიიჩნევს.
მრეწველობის განვითარება გაცილებით სწრაფი ტემპით წარიმართებოდა, თუ დარგში საინვესტიციო საქმიანობა უფრო აქტიურად განხორცილდებოდა და როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინვესტიციები დაბანდდებოდა, აცხადებენ მრეწველობის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა შექმნილი მრეწველობის გადამამუშავებელ დარგებში, სადაც ძალიან ნელა მიმდინარეობს ძირითადი ფონდების განახლება და განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა. ყოველწლიურად მათი ღირებულების 2-3 პროცენტს არ აღემატება, მაშინ, როცა ნორმალური განვითარების პირობებში 10-15 პროცენტს უნდა შეადგენდეს.

საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღება ქვეყანაში, სადაც კორუფცია ზღვარს არის გადასული, ბიზნესი კრიმინალიზებულია, მეწარმეთა კაპიტალზე რომ არაფერი ვთქვათ, მათი პირადი უსაფრთხოებაა დაუცველი, განვითარებულია სახელმწიფო რეკეტი და მოქმედებს დრაკონული საგადასახდო კოდექსი, მხოლოდ კეთილი სურვილებით, ბუნებრივია, შეუძლებელია. საერთოდ, რა ინვესტიციებზეა საუბარი, როდესაც ქვეყანაში ყველაზე მსხვილ და ავტორიტეტულ უცხოურ კომპანიას გაუსაძლის პირობებს უქმნიან, მუდმივი პოლიტიკური და კრიმინალური ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ და იძულებულს ხდიან აქ დაბანდებული ასობით მილიონი დოლარის მიუხედავად ბიზნესი საქართველოდან გაიტანოს.

საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება ასევე შეუძლებელია იმგვარ პირობებშიც, როდესაც არცერთ დონორთან, პარტნიორ სახელმწიფოსთან თუ საფინანსო ინსტიტუტთან ნაკისრი ვალდებულება არ სრულდება და ქვეყანას ისედაც ფინანსური იზოლაციის საფრთხე სრულიად რეალურად ემუქრება.
XS
SM
MD
LG