Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართვველი ამომრჩეველი საკუთარ თავს ეძებს


ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ცესკოს მიერ გამოქვეყენუბლი სიები კატასტროფულად არაზუსტია, ამომრჩეველთა გამოცოცხლება გამოიწვია. "ხარ თუ არა საარჩევნო სიაში?" - ბოლო ერთი კვირაა

მისალმების შემდეგ თბილისელები ერთმანეთს ამ კითხვით მიმართავენ. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიები გაპარული უზუსტობების გამო დამნაშავეთა გამოვლინებასა და დასჯას ითხოვენ, ამ თავისთავად უსიამოვნო ფაქტმა დადებითი შედეგიც გამოიღო: საარჩევნო სიების შემოწმების მსურველთა რიცხვი ერთიათად გაზარდა. ამ ადამიანთა რიცხვი, ინტერნეტ-პროვაიდერ "ჯორჯიან ონლაინისა" და "საინფორმაციო სამსახური 09"-ს ერთობლივი პროექტის წყალობით კიდევ უფრო მატულობს. მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ როგორ შევამოწმოთ საარჩევნო სიები სახლიდან გაუსვლელად.

ხელისუფლება, ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ცენტრალური საარჩევნო კომისია - ყველანი თანხმდებიან იმაზე, რომ ამომრჩეველთა სიები საშინლად არაზუსტია. ასეც რომ არ იყოს, ფაქტი სახეზეა: ბევრი ადამიანი ამაოდ დაშვრა გამოქვეყნებულ სიებში საკუთარი გვარის ძებნით. უზუსტობა იმდენად მასშტაბურია, რომ სიებში "ყოფნა - არყოფნის საკითხი" ნელ-ნელა თბილისელთა სასაუბრო თემადაც კი იქცა.

შემოწმების მსურველთა რიცხვი ერთიათად გაზარდა იმ ერთობლივმა პროექტმა, რომელსაც 9 ოქტომბრიდან ინტერნეტ-პროვაიდერი "ჯორჯიან ონლაინი" და "საინფორმაციო სამსახური 09" ახორციელებენ. ეს პროექტი სახლიდან გაუსვლელად და ყოველგვარი გადასახადის გარეშე საარჩევნო სიების შემოწმების საშუალებას იძლევა. ამისათვის საჭიროა ავკრიფოთ ნომერი 09.

[ოპერატორის ხმა] "საინფორმაციო სამსახური 09 გთხოვთ დაელოდოთ ოპერატორს".

მას შემდეგ, რაც გავამხელთ საკუთარ სახელს, გვარს, დაბადების თარიღსა და საარჩევნო ოლქის დასახელებას, ოპერატო გვამცნობს:

[ოპერატორის ხმა] "ალო, ხართ სიაში".

ან

[ოპერატორის ხმა] "იცით, თქვენ არ ხართ სიაში".

იმის გამო, რომ ამგვარი მომსახურება უფასო და კომფორტულია, სულ უფრო და უფრო მეტ მოქალაქეს უჩნდება საარჩევნო სიებში საკუთარი გვარის პოვნის სურვილი. ჩემ კითხვას - იმატა თუ არა ზარების რიცხვმა 9 ოქტომბრის შემდეგ, საინფორმაციო სამსახურის ოპერატორმა ასეთი პასუხი გასცა:

[ოპერატორის ხმა] "ვაიმე, კი, როგორ არა, ბევრი კი არა, გადატენილია... გამოცხადდა თუ არა, უფასოა მომსახურებაო, რეკავს ათასობით".

პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის მისაღებად "ჯორჯიან ონლაინის" გენერალურ დირექტორს, მერაბ ბუზალაძეს დავუკავშირდი.

[მერაბ ბუზალაძის ხმა] "ონალაინი უფასოდ აძლევს შეუზღუდავ ინტერნეტ-მომსახურებას 09-ს და 09 აგრეთვე უფასოდ მოემსახურება შემომავალ სატელეფონო ზარებს, რომელიც ეხება ამ საკითხს".

საინფორმაციო სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი ქოჩლაძე ჩემთან საუბარში აცხადებს, რომ "09"-ს, ზარალის მიუხედავად, მსგავსი პროექტები ადრეც განუხორციელებია.

[გიორგი ქოჩლაძის ხმა] "ჩვენ ამას პირველად არ ვაკეთბთ, იყო ავადსახსენებელი ის მიწისძვრა, როდესაც ჩვენ ექსტრემალურ პირობებში მოგვიწია მუშაობამ... ჩვენ ხელი გვეშლება, გეთანხმებით, ფინასურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ახლა როგორი მზარდი ინტერესია ამასთან დაკავშირებით, რაღაც სოციალურ პროექტებსაც ვაკეთებთ".

ბოლოს კი გეტყვით იმას, რომ საინფორმაციო სამსახური "09" 24 საათის განმავლობაში მუშაობს და დედაქალაქის გარდა რეგიონებში მცხოვრებ ამომრჩევლებსაც უსასყიდლოდ ემსახურება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG